Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის და ვინ არ არის მზად მოწმეთა ახალი წესით დასაკითხად?


სამოქალაქო სექტორი აპირებს ხელმოწერები შეაგროვოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის 2 წლით გადავადების წინააღმდეგ, რათა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდნენ. სამართალდამცავი უწყებების ნაცვლად მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი წესის შემოღების ხელის შემშლელად არ შეიძლება სასამართლოს მოუმზადებლობა მივიჩნიოთ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი არ იზიარებს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადასავადებლად ხელისუფლების არგუმენტს - სასამართლო ამისათვის მოუმზადებელიაო. კონსტანტინე კუბლაშვილის აზრით, სასამართლოს მზაობაზე კი არა, უფრო დაცვისა და ბრალდების მხარის კვალიფიკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, კვალიფიკაციის ამაღლებას კი დრო სჭირდება:

„სასამართლოს დატვირთვა რომ გაიზრდებოდა, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ 45 ათასი საქმე შემოვიდა ამნისტიის შემდეგ საქართველოს სასამართლოებში, ეს ყველაფერზე მეტყველებს. საქართველოს სასამართლოებმა, მოსამართლეებმა თავისუფლად შეძლეს რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საქმეების განხილვა და უნდა გადაეწყოს როგოც დაცვის მხარე, ასევე, განსაკუთრებით, ბრალდების მხარე იმაზე, რომ მოწმეები სხვაგვარად დაკითხონ და ამ დაკითხვის ტექნიკა, დაკითხვის კვალიფიკაცია ორივე მხრეს უფრო სხვა დონის უნდა ჰქონდეს და ამას დრო სჭირდება“.
114-ე მუხლი, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა და ითვალისწინებს დაკითხვის წესს, საერთოდ რეგულაციის მიღმა ტოვებს ისეთ შემთხვევას, როცა მოწმე თავისი ნებით უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე...
ლევან იზორია

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის, წინა ხელისუფლების პირობებშიც. დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ამ წესით მოწმეთა დაკითხვა 2013 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი ამოქმედება, მთავრობის მოთხოვნით, კიდევ ორი წლით გადაიდო.

გასული წლის ბოლოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარმოადგენდა და ამ წესის ამოქმედების გადასავადებლად შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავდა:

„114-ე მუხლი, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა და ითვალისწინებს დაკითხვის წესს, საერთოდ რეგულაციის მიღმა ტოვებს ისეთ შემთხვევას, როცა მოწმე თავისი ნებით უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. გამოძიებას ხელიდან გამოეცლება მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამ ინსტიტუტის გაუქმების შედეგად, მოიპოვოს მნიშვნელოვანი მტკიცებულება“.

ხელისუფლების მიერ მოყვანილი არგუმენტების გასაბათილებლად სპეციალური განცხადების გავრცელებას და ხელმოწერების შეგროვების დაწყებასაც გეგმავს სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, ამ წესის ამოქმედებისთვის გარკვეული ნაბიჯები წინა წლებშიც იყო გადადგმული, მათ შორის, პროკურორები გადიოდნენ სპეციალურ ტრენინგებს, ტრენინგები უტარდებოდათ მოსამართლეებსაც. უბრალოდ, ხელისუფლება ცდილობს ბრალდების მხარეს ბერკეტები შეუნარჩუნოს:

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე
„მე მესმის შიში იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ რა გვინდა ჩვენ? გაგრძელდეს ის მანკიერი ტრადიცია, როცა დაცვის მხარეს აქვს უფრო ნაკლები უფლება და, შესაბამისად, ბრალდების მხარეს და გამოძიებას ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა, თუ ჩვენ დავიწყოთ კონკრეტული აქტივობები, კონკრეტული მოქმედებები, რომ ამაღლდეს გამომძიებლის სტატუსი, უფრო ინტელექტუალურად მიუდგნენ გამომძიებლები ამ საქმეს და არა იმ მიზნით, რომ ახლა მაგათ მოვცხებთ და ყველაფერს დაფქვავენ“.

კახა კოჟორიძის აზრს აბსულუტურად იზიარებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადადო მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედება, რაც, სულ ცოტა, მათ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.

„ხელისუფლება არ არის მზად, რომ მოწმე არ დაიბაროს, არ აწამოს, დენი არ მიუერთოს, გაუპატიურებით არ დაემუქროს, ამისთვის არ არიან მზად, ეს ქვეტექსტია და ეს არის სამარცხვინო ქვეტექსტი“.

მიუხედავად იმისა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ თავად აჭიანურებდა მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის წესის ამოქმედებას, ამაჟამად ისინი ამ წესის შემოღებას ემხრობიან და აცხადებენ, რომ ასე ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოწმეებზე ზეწოლას, მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებაზე ზემოქმედებას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG