Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აღშფოთებულია პრაღის მიერ ჰაკერობაში ეჭვმიტანილის ვაშინგტონისთვის გადაცემით


დაცვა პრაღის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ევგენი ნიკულინის საექსტრადიციო სასამართლო გაიმართა. 2017 წლის 24 ნოემბერი
დაცვა პრაღის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ევგენი ნიკულინის საექსტრადიციო სასამართლო გაიმართა. 2017 წლის 24 ნოემბერი

რუსეთი აცხადებს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აშშ-ისთვის გადაეცა რუსეთის სასარგებლოდ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი ევგენი ნიკულინი, „ძირს უთხრის“ მოსკოვსა და პრაღას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი „უკიდურესად აღშფოთებულია“ ნიკულინის ექსტრადიციით. ჰაკერობაში ეჭვმიტანილის გადაცემას ამერიკასთან ერთად რუსეთიც მოითხოვდა.

ჩეხეთის მხარის მიერ გააზრებული, პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ორმხრივი თანამშრომლობის კონსტრუქციულ საფუძველს...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექსტრადიციას უწოდა „ჩეხეთის მხარის მიერ გააზრებული, პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ორმხრივი თანამშრომლობის კონსტრუქციულ საფუძველს

30 წლის ევგენი ნიკულინი პრაღაში 2016 წელს დააკავეს. ის გასულ კვირას გადასცეს აშშ-ს, სადაც მას ბრალი ედება ამერიკულ ტექნოლოგიების კომპანიათა ინტერნეტსისტემებში შეღწევასა და მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაციის შელახვაში. დაზარალებულ კომპანიებს შორისაა LinkedIn და Dropbox.

ევგენი ნიკულინი 30 მარტს წარდგა სან ფრანცისკოს სასამართლოს წინაშე და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნიკულინის ადვოკატის განცხადებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ცდილობს მისი კლიენტი დააკავშიროს 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დემოკრატიული პარტიის სერვერებში შეღწევასთან. რუსეთი ნიკულინის გადაცემას ითხოვდა 2009 წელს 2000-მდე აშშ დოლარის მითვისების გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექსტრადიციას უწოდა „ჩეხეთის მხარის მიერ გააზრებული, პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ორმხრივი თანამშრომლობის კონსტრუქციულ საფუძველს“ და დასძინა, რომ მოსკოვი „ყველა ღონეს იხმარს“ ნიკულინის ინტერესების დასაცავად.

ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

ნიკულინის საქმემ დაპირისპირება ჩეხეთის მთავრობაშიც გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა თავიდანვე განაცხადა, რომ ნიკულინი ამერიკისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა იუსტიციის მინისტრი რობერტ პელიკანი ამბობდა, რომ პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჰაკერობაში ეჭვმიტანილის მოსკოვისთვის გადაცემას ამჯობინებდა. ჩეხეთის პრეზიდენტი კრემლის მხარდაჭერით არის ცნობილი.

ევგენი ნიკულინის დაკავების შემდეგ, ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, კორესპონდენტმა აღწერა მისი ცხოვრებისეული წესის ზოგი თავისებურება - კერძოდ, რომ შარშან, სექტემბერში, მაშინ 29 წლის ევგენი ნიკულინი „ლამბორგინის“ მარკის ავტომანქანას ფლობდა და მის ავტოპარკს „ბენტლი კონტინენტალი“ და „მერსედესიც“ ამშვენებდა...

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG