ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში უნდა გაიმართოს, რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სამიტმა საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები დასახოს, რამდენადაც ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ამ ამბიციურ ანგარიშს საქართველოს მთავრობაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, პოლიტიკის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, ამ რეკომენდაციების გაზიარებას თავს აარიდებენ.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს „აღმოსავლეთის პარტნიორობის” შესახებ საბოლოოდ კენჭი ნოემბერში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ეყრება, თუმცა მანამდე კომიტეტის დონეზე მხარდაჭერილ დოკუმენტში ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს რეკომენდაციით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი და, ამდენად, სამიტმა საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს ასევე, სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ანგარიში მოიცავს აგრეთვე მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების - მათ შორის, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის - გათვალისწინებით. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში და, ამასთან, იმუშაონ ასოცირების შეთანხმებათა შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. ევროპარლამენტის ანგარიშში საუბარია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზეც, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუციას ნოემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს ეროკავშირის პარლამენტი. მისი თქმით, საქართველო სავსებით იზიარებს ანგარიშის პუნქტებს:
„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ხედვას, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის რეკომენდაციებში "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით, რაც ასახავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ მისწრაფებებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს ასოცირებული პარტნიორების შემდგომი ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის აქტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“.
ერთადერთია რომის პარლამენტი, რომელსაც თავის რეზოლუციაში ნათლად აქვს ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და 49-ე მუხლის გამოყენებით შეუძლია ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. სხვა დანარჩენების ოფიციალურ დოკუმენტებში ამაზე საერთოდ არაფერი არ არის ნათქვამი...ვანო ჩხიკვაძე
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის საქართველო განიხილება ლიდერად და აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან უფრო ღრმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა, ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, მაგრამ მარტო საქართველო - მით უფრო, ევროკავშირის იმგვარი პოლიტიკის ფონზე, როცა გაფართოება ახლო მომავალში არ იგეგმება - ვერ იქნება ევროკავშირის სამიზნე ქვეყანა. მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს - შორის. კახა გოგოლაშვილის თქმით, განიხილება რეგიონალური თანამშრომლობის ახალი ფორმატიც - მათ შორის, შეიძლება შეიქმნას საბაჟო კავშირიც კი - და ეს ახალი რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირთან ნიშნავს გეზის აღებას იმგვარი ურთიერთობისკენ, როგორიც ევროკავშირს აქვს ნორვეგიასთან, ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან, რომლებიც არიან ევროპის ეკონომიკური არეალის წევრები, ანუ სრულად არიან ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე:
„მარტო საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და [ევროკავშირის]შესაძლო კანდიდატად აღიარება ძალიან რთულია, თითქმის წარმოუდგენელია. უნდა იყოს რეგიონული კონტექსტი და კონტექსტში მოლდავეთს, საქართველოს და უკრაინას მიეცემათ მეტი შესაძლობლობა, რომ მეტად ითანამშრომლონ ერთმანეთთანაც და ევროკავშირთანაც, ერთდროულად“.
თუმცა, კახა გოგოლაშვილის თქმით, ამ რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, რეალობად ქცევისთვის ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა მხარდაჭერაც სჭირდება. იმ ფონზე კი, როდესაც ევროკავშირს სხვა მრავალი პოლიტიკური გამოწვევა აქვს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს, არ ჰგონია, რომ ამ ანგარიშს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე სრულად მიიღებენ მხედველობაში:
„ერთადერთია რომის პარლამენტი, რომელსაც თავის რეზოლუციაში ნათლად აქვს ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და 49-ე მუხლის გამოყენებით შეუძლია ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. სხვა დანარჩენების ოფიციალურ დოკუმენტებში ამაზე საერთოდ არაფერი არ არის ნათქვამი. გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში ასეთი ამბიციურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამბიციური გეგმები, რომლებიც აქ არის ჩადებული, ან მათი უდიდესი უმრავლესობა მაინც გაიზიარონ წევრმა ქვეყნებმა და ისინი აისახოს დეკლარაციაში, რომელსაც ნოემბრის ბოლოს სამიტის შემდეგ მიიღებენ“.
თუმცა პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პოზიცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ კომიტეტის მოწოდებები ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე არ იქნება გაზიარებული, შესაძლოა იდეას ხორცი შეესხას მომავალ სამიტზე.