მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნებმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული. წინასწარი შედეგებით, არავის რგებია ხმების ნახევარზე მეტი, რის გამოც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. 13 ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პრომოსკოვური და პროევროპული კურსის მომხრეები: იგორ დოდონი და მაია სანდუ.
30 ოქტომბრის არჩევნებზე მიცემული ხმების თითქმის მთლიანად დათვლის შემდეგ, 48,23%-ით ლიდერობს სოციალისტური პარტიის კანდიდატი იგორ დოდონი. მის მთავარ კონკურენტს, პროევროპული კურსის მომხრე მაია სანდუს კი 38,42% ერგო. ის „ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ წევრია. უკანასკნელ 20 წელიწადში მოლდავეთში პირველად გაიმართა საყოველთაო კენჭისყრა პრეზიდენტის გამოსავლენად, კენჭისყრა, რომელიც ასახავს, როგორ არის განაწილებული ელექტორატი პრომოსკოვურ და პროდასავლურ ძალებად.
„არჩევნებმა აშკარად დაადასტურა, რომ მოლდავეთის რესპუბლიკაში ხალხის უმრავლესობა ენდობა სოციალისტური პარტიის ლიდერს“, – ეს მოსაზრება გამოთქვა 30 ოქტომბრის საღამოს იგორ დოდონმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ერგო. 41 წლის იგორ დოდონი განათლებით ეკონომისტია. მას ნათქვამი აქვს, რომ გამოვა ევროკავშირისა და კიშინიოვის მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებიდან და მოლდავეთს შეიყვანს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ამ გაერთიანებაში, როგორც ცნობილია, მოსკოვი დომინირებს.
„ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ეს ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ჩათვლით“, – განაცხადა მოსკოვთან დაახლოების მომხრე კანდიდატმა.
მისგან განსხვავებით, მოლდავეთის განათლების ყოფილი მინისტრი მაია სანდუ მიზნად ასახელებს ევროკავშირში მოლდავეთის გაწევრიანების შანსის გაუმჯობესებას და პირობას დებს, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად შეუდგება ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარებას.
„ჩემი აზრით, დღეს შეგვიძლია პირველი გამარჯვებით ვიამაყოთ! პირველი ნაბიჯი გადავდგით წესიერ პირობებში ცხოვრებისაკენ, რასაც ყველა ვიმსახურებთ აქ, მოლდავეთის რესპუბლიკაში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მცირე რესურსებით მივაღწიოთ დიდ შედეგებს. ასეთ ხალხთან ერთად წავალთ წინ და მივაღწევთ დასახულ მიზნებს, რათა პატიოსან ადამიანებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათი ადგილი აქ არის, მოლდავეთის რესპუბლიკაში. მადლობას გიხდით და გნახავთ არჩევნების მეორე ტურში“, – ასე მიმართა ამომრჩევლებს მაია სანდუმ მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრას თვალს ადევნებდნენ 3200-მდე მოლდაველი და 550-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი.
საყურადღებოა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილმაც. ჩვენი რადიოს მოლდავური სამსახურის მონაცემებით, რამდენიმე ათასი დნესტრისპირელი გადავიდა კიშინიოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩევნებში ხმის მისაცემად. საკუთრივ დნესტრისპირეთში, რომელიც 90-ან წლებში გამოეყო მოლდავეთს და თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს გამოცხადებული, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი შეიყვანა.
მოლდავეთი ევროპის უღარიბეს ქვეყნებს მიეკუთვნება. უკანასკნელ წლებში ის მძიმედ დააზარალა კორუფციამ. საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2015 წლის საბანკო კრიზისმა ბევრ მოლდაველს გაუნელა ენთუზიაზმი ევროკავშირის მიმართ.
მაგრამ ახალგაზრდები, უმეტესწილად, მაინც ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეებად ითვლებიან. ამიტომ ბევრი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მაია სანდუს ინტერესებშია, არჩევნების მეორე ტურში მიიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ამომრჩეველი, რათა შეძლოს პირველ ტურში გამარჯვებული, პრომოსკოვური კურსის მომხრე იგორ დოდონის დამარცხება.
ახალგაზრდების როლზე ისაუბრა თავად მაია სანდუმაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ: „დღეს ბევრი ახალგაზრდა არ მოსულა არჩევნებზე. ვფიქრობ, იმის გამო, რომ ხელი შეუშალეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გზიდან ჩამოვიცილოთ ასეთი დაბრკოლებები მეორე ტურში, რათა მეტი მოხვიდეთ კენჭისყრაზე. მინდა იმათ, ვინც ხმა მომცა, მადლობა გადავუხადო ჩემდამი ნდობისათვის და თქვენი არჩევანისათვის, იმედით უყუროთ მომავალს“, – განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მაია სანდუმ.