Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლო განიხილავს მოქალაქის სარჩელს ეკლესიის წინააღმდეგ


ზუგდიდის სასამართლო
ზუგდიდის სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო მოქალაქე თინათინ აქუბარდიას სარჩელის განხილვა ეკლესიის წინააღმდეგ. მოსარჩელე თავისი ძმის, ვალტერ აქუბარდიას კუთვნილი სახლისა და ეზოს ეპარქიისთვის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს. თავად ვალტერ აქუბარდია, რომელსაც კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, გერასიმე შარაშენიძის, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, პირველი სასამართლო სხდომის დაწყებამდე გარდაიცვალა. მას შემდეგ დავას მისი ოჯახი აგრძელებს.

ვალტერ აქუბარდიამ რამდენიმე წლის წინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, წალენჯიხის სოფელ ჭალეში მდებარე თავისი სახლი იქ მონასტრის გახსნის მიზნით ადგილობრივ მღვდელს, კახა მარღანიას, უსასყიდლოდ გადასცა, თუმცა შემდეგ შეიტყო, რომ კარ-მიდამო ზუგდიდისა და ჩაიშის ეპარქიამ ენერგოკომპანიას 171 ათას ლარად მიჰყიდა.

თუ კანონით არაფერი გამომივიდა, დავუპირისპირდებით ყველანაირად. ჩემი ხალხი, ჩემი მეგობრებია მისი მრევლი, ნახევარი არ მივა. სიკვდილამდე ვიბრძოლებთ ამისთვის...
თინათინ აქუბარდია

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპარქიამ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გააკეთა განცხადება, რომ ვალტერ აქუბარდიას დაუბრუნებდა ნაჩუქარი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას, სიტყვა არ შეასრულა. თინათინ აქუბარდია ამბობს, რომ იბრძოლებენ როგორც სოფლის მღვდლის, კახა მარღანიას, ისე ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ ის კურირებდა ამ საქმეს:

„თუ კანონით არაფერი გამომივიდა, დავუპირისპირდებით ყველანაირად. ჩემი ხალხი, ჩემი მეგობრებია მისი მრევლი, ნახევარი არ მივა. სიკვდილამდე ვიბრძოლებთ ამისთვის“, - ამბობს თინათინ აქუბარდია.

ოჯახის ადვოკატმა დავით ნოზაძემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ მესამე პირის სტატუსით გამოცხადდეს კომპანია „სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელსაც ეკლესიამ ჭალეში ნაკვეთი მიჰყიდა, რაც დაკმაყოფილდა, განსხვავებით მეორე შუამდგომლობისგან: მოსამართლე ირაკლი აბშილავამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ პირები, რომლებიც გაჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს ეპარქიის იურისტებმა:

„ძალიან მარტივად ითქვა სასამართლო სხდომაზე, რომ ქონების შეძენაზე ჩუქებასთან დაკავშირებით დაიდო წერილობითი დოკუმენტი, ამიტომ, თუ ეს პირები წერილობით დოკუმენტში მონაწილეობდნენ, მაშინ დაიკითხებოდნენ, ვინაიდან არ მონაწილეობდნენ, მათი დაკითხვა აზრს კარგავს“, - ამბობს ეპარქიის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა.

ნაკვეთი, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაკვეთი, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ამ საკითხზე განცხადება ივნისში გააკეთა - მას შემდეგ, რაც ვალტერ აქუბარდიამ მომხდართან დაკავშირებით ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესთან“ ისაუბრა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ანძა, პროექტის თანახმად, უნდა აღმართულიყო ეკლესიისთვის შეწირულ ეზოში, რისთვისაც „ელექტროსისტემამ“ მიმართა ეპარქიას და ისიც დათანხმდა, კომპენსაციის სახით კი ანგარიშზე ჩაერიცხა 171 ათას 663 ლარი. ეპარქიის ცნობით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას.

„რაკი ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულებაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“, - ნათქვამია 2017 წლის ივნისის განცხადებაში, თუმცა, როგორც აქუბარდიები ირწმუნებიან, ოჯახს არც უძრავი ქონება მიუღია და არც თანხა.

XS
SM
MD
LG