Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორატორიუმი ძალაშია


 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლო
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმს აცხადებს. კანონის თანახმად, მიწის გასხვისების აკრძალვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მორატორიუმის დაწესების პარალელურად, კანონი მთავრობას 2013 წლის ბოლომდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას ავალებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აპირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის მორატორიუმით პარლამენტმა 2014 წლის ბოლომდე შეაჩერა დებულება, რომელიც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლებას აძლევდა. კანონით დაწესებული შეზღუდვა არ შეეხებათ იმ უცხოელებს, რომლებიც საკუთრებაში უკვე ფლობენ მიწის ნაკვეთებს.

ამ ეტაპზე მორატორიუმის მიღება გამართლებულია და ჩვენ უნდა მოვემზადოთ და მივიღოთ მიწათსარგებლობის სერიოზული ახალი კანონი, სადაც იქნება თანამედროვე, მოწინავე, მაღალდემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება გათვალისწინებული...
პაატა კოღუაშვილი
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ არ არსებობს, თუმცა, არაოფიციალური ცნობებით, ამ დროისათვის მათ მფლობელობაში 30 000 ჰექტარი მიწაა. როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების კანონის ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი განმარტავს, მიწის შესახებ ცნობების დეფიციტი შეეხება არა მხოლოდ უცხოელთა სტატისტიკას, არამედ სტატისტიკას, ზოგადად. შესაბამისად, მისი განმარტებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამანაც განაპირობა მორატორიუმის გამოცხადება უცხოელებისთვის მიწების საკუთრებაში გადაცემაზე მანამ, სანამ მიწის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა სრული ბაზა არ შეიქმნება და შესაძლებელი არ გახდება მიწის მართვის პოლიტიკის გრძელვადიანი პერსპექტივის ჩამოყალიბება:

“მე ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ ექვსი თვის თავზე ჩვენ უნდა დავიწყოთ ინიცირება ახალი საკანონმდებლო პაკეტისა, რომელშიც შესაძლებელია იყოს რეგულაციები იმ სამართლებრივი ურთიერთობების, რაც უკავშირდება მიწათსარგებლობას, მიწათმოწყობას, მაგალითად, უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოში, სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს. ანუ ეს ერთიანი ხედვა, ერთიანი პაკეტი უნდა შემუშავდეს 6 თვეში. წელიწად-ნახევრის შემდეგ უნდა მივიღოთ ისეთი ნათელი და გამჭვირვალე ნორმები, რომლებიც ცალსახა იქნება აღსაქმელადაც და გამოსაყენებლადაც როგორც უცხოელისთვის, ისე საქართველოს მოქალაქისთვისაც“.

გიგლა აგულაშვილი დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა ამ ეტაპზე არის მიწათსარგებლობის ისეთი წესების დადგენა, რომელიც სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირების საშუალებას მისცემს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე წლების განმავლობაში მიწას დაუმუშავებელს დატოვებს და ამით მის გაუვარგისებას გამოიწვევს.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში მორატორიუმის დაწესება 2017 წლამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტმა უცხოელებისთვის აგრარული დანიშნულების მიწის მიყიდვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ცალკეულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის გაჩენილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. იყო შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევდა დაემუშავებინათ მათ საკუთრებაში არსებული მიწის სავარგულები.

უცხოელებისათვის მიწის შეძენის დროებით აკრძალვას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მიწის კადასტრის ორგანიზება ცალსახად დადებითი ინიციატივაა, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოელთა და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვა გაუმართლებელია ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა საკუთრების კონსტიტუციური უფლება და შეზღუდვების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

გია გვილავა
გია გვილავა
“საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში ერთხელ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება 26 ივნისს 2012 წლის, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ უცხოელებისთვის შეზღუდვა არის არაკონსტიტუციური. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება დღეს არის ძალაში და ახლა ახალი რეგულირების შემოღება, კანონის შეზღუდვა ისე, რომ კვლავ შეიზღუდოს უცხოელებისთვის, თუნდაც დროებით, მიწის შეძენის უფლება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა. ეს, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება უკვე არსებულ გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონს, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, თუნდაც დროებით, პარლამენტის მიერ“, – ამბობს გია გვილავა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში კი წუხილია გამოთქმული იმის გამოც, რომ კანონი საერთო საჯარო განხილვებისა და დაინტერესებული პირების და ბიზნესასოციაციების გარეშე იქნა მიღებული. ამ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ იმ ეტაპზე, როდესაც მიწათსარგებლობის შესახებ კანონმდებლობა მოსაწესრიგებელია, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მორატორიუმის შესახებ მისასალმებელია:

“ამ ეტაპზე მორატორიუმის მიღება გამართლებულია და ჩვენ უნდა მოვემზადოთ და მივიღოთ მიწათსარგებლობის სერიოზული ახალი კანონი, სადაც იქნება თანამედროვე, მოწინავე, მაღალდემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება გათვალისწინებული“.

საქართველოს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის დროებით შეჩერების ინიციატივა 28 ივნისს ერთხმად დაამტკიცა. ამ პროცესში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
XS
SM
MD
LG