Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინიმალური ხელფასი 20 ლარია


გაჩნდეს „საქართველოს შრომის კოდექსში“ მინიმალური ხელფასის შესახებ დეფინიცია და საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება – ესაა მცირე ნაწილი იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ ერთობლივად წარადგინეს. საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისობის საკითხზე მსჯელობა კი საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრებისა და ეკონომიკის ექსპერტების თანდასწრებით წარიმართა.

მინიმალური ხელფასი 20 ლარია
please wait

No media source currently available

0:00 0:06:19 0:00
გადმოწერა

საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ განსაზღვრავს. ამ საკითხს პირობითად არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია. მოგვიანებით, 2005 წლის ბრძანებულებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად 135 ლარი დადგინდა. ორივე შემთხვევაში, მინიმალური ხელფასის ოდენობა ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმს, რომელიც შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 157, 3 ლარს უტოლდება. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოს ვალია მინიმალური ხელფასის საკითხი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„20 ლარი, მინიმალური ხელფასი, ალბათ, სასაცილოა და შეიძლება ითქვას, არაადეკვატური ხელფასია. აქედან გამომდინარე, 1999 წელს დაწესებული ეს ოდენობა, მე ვფიქრობ, არ შეესაბამება რეალობას. აქედან გამომდინარე, მისი გადახედვაა მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც საჯარო, აღმასრულებელ სექტორში დღეს არსებული 135 ლარი მინიმალური ანაზღაურება, რომელიც ასევე 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა. ესეც, მე ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით უფრო მეტი არის. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები, ამ მხრივ, არის აუცილებლად საჭირო და, პირველ რიგში, ჩვენ სწორედ პოლიტიკის შეცვლას და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ“.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი 25 000 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი – 62 680-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 130 280 მოქალაქეს აქვს. ამ ადამიანებს შორის არიან ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონ ზაირას ოჯახის წევრებიც. ამ ოჯახის მინიმალური შემოსავლები, რომლებიც მისი მეუღლის მიერ მცირე სარემონტო შეკვეთების შესრულებას უკავშირდება, ოფიციალურად არსად არ არის დეკლარირებული:

„ხან შეიძლება სამი-ოთხი თვე გავიდეს, არაფერი არ გააკეთოს. შეიძლება თვეში ერთი-ორი საქმე ჰქონდეს, მასე ვერ განსაზღვრავ. რომ არ მოგატყუო, წინა თვეში რაღაცა გააკეთა, იმ კაცმა 50 ლარი მისცა, მეტი არც მისცა, სადღაც, ორას ლარამდე იყო მისაცემი. უარი უთხრა და აღარ მისცა არაფერი 50 ლარზე მეტი. სადღაცა ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა, ძაან ბევრი რაღაცეები გაუკეთა, მაგრამ არ მისცა ფული. ორი ლარი გამოდიოდა კვადრატი, რაც გაუკეთა. მასე იაფი არსად არ არის – შპალიერი გაუკრა და ჭერი შეუღება. მერე კიდევ ვიღაცასთან იყო, ასი ლარი მისცა იმ კაცმა. რომ გითხრა, რომ მუდმივად აქვს რაღაცა, ნამდვილად არა აქვს, დამეფიცება“, – გვითხრა ქალბატონმა ზაირამ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კი ვარაუდობს, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად, შემცირდება სიღარიბე და ჩრდილიდან გამოვა არაფორმალური დასაქმება, რომელიც, 60%-ს შეადგენს. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაა, რომ მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 30% უნდა იყოს. ეს რეკომენდაცია, თავის მხრივ, აისახა სახალხო დამცველისა და პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციათა ნუსხაში, რომელშიც სულ ექვს პუნქტად გაიწერა.

სახალხო დამცველის აპარატისა და პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი რეკომენდაციები ეყრდნობა – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში – მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევას. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი, გიორგი ჭანტურიძე აცხადებს, რომ მთავარია ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე განხორციელდეს:

ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჯერჯერობით, მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხი არ განიხილება და, ალბათ, პროფკავშირები და სახალხო დამცველი პირველია ამ ბოლო წლების განმავლობაში, ვინც წამოწია ეს საკითხი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით...
თინათინ ავალიანი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონში ჩაიწეროს, მინიმალური ხელფასის შესახებ. შესაბამისად, ეს იქნება სავალდებულო ყველასთვის, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში – სავალდებულო მინიმუმი, რომელიც ყველა დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს თავის დასაქმებულს. პროფკავშირების მოსაზრებით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს, არანაკლებ, საშუალო ხელფასის 30%-ისა, რაც გამოდის, დღევანდელი მდგომარეობით, 279 ლარი. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რათა ამან არ გამოიწვიოს უარყოფითი შედეგი სამუშაო ადგილების შემცირების კუთხით“, – აღნიშნავს გიორგი ჭანტურიძე.

საქართველოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი თინათინ ავალიანი კი, თავის მხრივ, იზიარებს პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიციას, რომ უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, თითქოს, მინიმალური ხელფასის დაწესება ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. მისი აზრით, მინიმალური ხელფასის ოდენობის კანონის შესაბამისად განსაზღვრის მიმართ სახელმწიფოს გულგრილობას განაპირობებს არგუმენტი, რომ – რაც უფრო ლიბერალური და თავისუფალია შრომის პოლიტიკა და რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო მის რეგულირებაში, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა და ინვესტიციების რაოდენობა.

„თუმცა, ალბათ, მინიმალური ხელფასი წარმოადგენს ისეთ საკითხს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაადგინოს იმისათვის, რომ ფიზიკურად ადამიანს მიეცეს ნორმალური არსებობის შესაძლებლობა. ეს არ არის ისეთი ხარისხის ჩარევა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს, ვთქვათ, ბიზნესის ფუნქციონირება, ბიზნესის გამართული ფუნქციონირება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჯერჯერობით, მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხი არ განიხილება და, ალბათ, პროფკავშირები და სახალხო დამცველი პირველია ამ ბოლო წლების განმავლობაში, ვინც წამოწია ეს საკითხი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით“.

თუმცა, თინათინ ავალიანი რეკომენდაციების უპირობოდ გათვალისწინების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს და ამ სკეფსისში ემყარება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამოცდილებას, რომელიც ადასტურებს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პოლიტიკურ ნებას სახელმწიფო ნაკლებად გამოხატავს ხოლმე და, შესაბამისად, ცვლილებებიც ძნელად ხდება.

ჯერჯერობით კი, სახალხო დამცველისა და პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი რეკომენდაციები განსახილველად სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას უნდა წარედგინოს.

XS
SM
MD
LG