Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედის ცრემლი ოთხი წლის შემდეგ


5 აგვისტოს ყვარელში სამხედრო პატივით დაკრძალეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტ ზურაბ ტურაშვილის ნეშტი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის დაღუპული ჯარისკაცის და ასევე მისი თანამებრძოლის გელა თიგიშვილის ამოცნობა დნმ-ის ანალიზით 4 აგვისტოს მოხერხდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რატომ გაჭიანურდა ამდენი ხნით 4 წლის წინ დაღუპული ჯარისკაცების იდენტიფიცირება და რა ახალი გარემოება გახდა ამოცნობის წინაპირობა. როგორც სამხედრო ექიმმა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამმართველოს უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ქოიავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დნმ-ის ანალიზის დაგვიანების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო საიდენტიფიკაციოდ „უხარისხო მასალის“ გამოყენება.

უპატრონო გვამები ცხინვალთან დაწვეს
მე დავინახე, რომ ცხედრები იწვოდა. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მე დავუსვი შეკითხვა ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს. მათ მითხრეს, ბრძანება არ გაგვიცია, ამას აკეთებენ ”მოხალისეები” ...
ოლგა ალენოვა

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მისადგომებთან დაახლოებით 50 ქართველი ჯარისკაცის გვამი დარჩა. უპატრონოდ მიტოვებული რამდენიმე მებრძოლის გვამი ოსმა სეპარატისტებმა შეაგროვეს და დაწვეს.

ამ ფაქტს ცხინვალის შესასვლელთან, მუხნარში, 4 წლის წინ პირადად შეესწრო რუსული გამოცემა „კომერსანტ ვლასტის“ ჟურნალისტი ოლგა ალენოვა, შეესწრო და მძიმე შთაბეჭდილების შესახებ თავადვე უამბო რადიო თავისუფლებას:

”ეს, რა თქმა უნდა, საშინელი სანახაობა იყო. ზემოხსენებული მუხნარის გვერდით მე დავინახე, რომ ცხედრები იწვოდა. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მე დავუსვი შეკითხვა ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს. მათ მითხრეს, ბრძანება არ გაგვიცია, ამას აკეთებენ ”მოხალისეები”, რომლებიც ჩრდილო ოსეთიდან ჩამოვიდნენ და რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ეს განმარტება, მაგრამ ამ სურათმა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შეძრა - არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რადგან ომი ომია, მაგრამ დახოცილები უკვე არაფერში აღარ არიან დამნაშავეები და ისინი მიწას უნდა მიებარონ.”

იბადება კითხვა: რატომ დარჩა ბრძოლის ველზე 8 აგვისტოს დაცემული ათეულობით ქართველი ჯარისკაცისა და ოფიცრის გვამი, მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქართული ჯარი და პოლიცია 9 აგვისტომდე აკონტროლებდა ცხინვალის დიდ ნაწილს და ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებს და, შესაბამისად, დაღუპულთა ევაკუირება, წესით, დაუბრკოლებლად შეიძლებოდა მომხდარიყო? ათობით ქართველი ჯარისკაცის გვამის ბრძოლის ველზე დატოვებას სუსტი დისციპლინით, სამხედრო-საევაკუაციო სამსახურის არარსებობითა და ზოგადი არაორგანიზებულობით ხსნის ლაშა ქოიავა, რომელიც, როგორც ვთქვით, 4 წლის წინ თავად ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტს და უშუალო შეხება ჰქონდა დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების ევაკუაციასთან.

ბრძოლაში თანამებრძოლებს არ ტოვებენ

ლაშა ქოიავა: „დაჭრილების გამოყვანა ცხინვალიდან რეალურად იმ ტრანსპორტით ხდებოდა, რომელიც იმ მომენტში მაშინ ხელმისაწვდომი იყო. ეს არ იყო ორგანიზებული. ეს იყო ქაოტური, ფაქტიურად. ჩვენთან მოუყვანიათ დაჭრილები პოლიციის „ჰაი ლუქსით“, მოუყვანიათ სამოქალაქოებს. სამოქალაქო რომ მოიყვანს დაჭრილს, ეს საერთოდ სრული აბსურდია. მოჰყავდათ ჯარისკაცებს - ესეც უმძიმესი მომენტია, რადგან მებრძოლი ცდება ამ დროს და ცეცხლის ინტენსივობა ჩვენი მხრიდან მცირდება, როდესაც მებრძოლს მოჰყავს დაჭრილი ჰოსპიტალში. და ყველაზე დიდი კატასტროფა მაინც ის იყო, რომ ტოვებდნენ თავიანთ თანამებრძოლებს.“
ერთი ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ 42-ე ბატალიონის 25 გვამი დარჩა. დანარჩენი, ძირითადი ნაწილი, მე როგორც ვიცი, გამოყვანილი იყო უკვე საპატრიარქოს ჩარევით ...
ლაშა ქოიავა

რადიო თავისუფლება: „და ამას რა ახსნა აქვს, თქვენი აზრით, ლაშა?“

ლაშა ქოიავა: „ახსნა აქვს მარტივი, ჩვენ არ გვყავდა ის ჯარი, რომელიც იყო ბრძოლისუნარიანი. და თუ ჯარი არ არის ბრძოლისუნარიანი, ის აღარ არის ჯარი. ჩვენს შემთხვევაში ჯარისკაცს, პირველ რიგში, იმის შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ თავისი დაჭრილი თანამებრძოლი თუ მეგობარი, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება საერთოდ არ იცნობს, მაგრამ დაჭრილი არ უნდა მიატოვოს ბრძოლის ველზე. ეს უნდა იყოს პირველი შეგნება ადამიანის, რაც იმ მომენტში გამოჩნდა, რომ არ ჰქონდა ჩვენს ჯარისკაცს.“

რადიო თავისუფლება: რამდენი ქართველი ჯარისკაცის გვამი დარჩა ბრძოლის ველზე აგვისტოს ომის დროს?

ლაშა ქოიავა: „ერთი ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ 42-ე ბატალიონის 25 გვამი დარჩა. დანარჩენი, ძირითადი ნაწილი, მე როგორც ვიცი, გამოყვანილი იყო უკვე საპატრიარქოს ჩარევით.“

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ქოიავამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამსახურისა და საველე ჰოსპიტლის ყოფილმა უფროსმა, რომელიც რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა, ომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაპირისპირების გამო, მალევე დატოვა თანამდებობა და ამჟამად სოფელში ექიმად მუშაობს.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება ერთადერთი სამხედრო მოსამსახურე, კაპიტანი პაატა ქარდავა. მის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზე სხვა ცნობა არ იძებნება. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ დნმ-ის ანალიზის შედეგად ამოცნობილია 51 ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა თბილისში, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე განისვენებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG