საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ნიუ იორკში სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის მიერ ორგანიზებულ, მაღალი დონის დებატებზე, სახელწოდებით, „კონფლიქტები ევროპაში.“ მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთოს ძირითად დოკუმენტებში, საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალა და დაბრუნდა მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკა. „პირველად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ უკრაინაში და შესაძლოა, ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ინგრევა გაეროს უშიშორების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის მიერ, რომელიც თავად უნდა იცავდეს საერთაშორისო პრინციპებს. მიხეილ ჯანელიძემ დებატების მონაწილეებს შეახსენა, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ მიიღო 39 რეზოლუცია, რომლითაც ადასტურებდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობდა ეთნიკურ წმენდას და აღნიშნავდა, სერიოზული ძალისხმევის აუცილებლობას დევნილთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 90-იანი წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია 2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ოკუპაციის სახით და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტური რეაგირება მსგავსი მოვლენების მომასწავებელ, ადრეულ ნიშნებზე. „უფრო მეტიც, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ მინიმალური დაცვის მექანიზმები, რადგან 2009 წელს, რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკა გაეროს და ეუთოს მისიები“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ყველა გაჭიანურებული, თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს არსებობს ესკალაციის საფრთხე, ამიტომ უკვე წარმოშობილ, ცალკეულ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ნაცვლად აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან და გენერალური მდივნის პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ხელშესახები შედეგის მისაღწევად. ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ, რომელიც შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონტრუქციული პოლიტიკის ერთგულია და რეგიონში მშვიდობის დამყარება სურს, ცალმხრივად აიღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. ჯანელიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯებით ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციას და მტკიცედ მიჰყვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ნდობის აღდგენის და ჩართულობის პოლიტიკას. „მიუხედავად ამისა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონში ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი და მას რუსეთის ფედერაციის სუბიექტის მსგავსად ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია.“ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვასაც, დახუროს ე.წ. გამშვები პუნქტები და უფრო მეტად შეაფერხოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, დაგმოს და წინ აღუდგეს მსგავს ქმედებებს. მიხეილ ჯანელიძემ რუსეთს მოყწოდა, შეცვალოს უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის საშუალება, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავის სახლებში. „საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.