Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა მიწის რეგისტრაციის დაჩქარებას ცდილობს


საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ინიციატივა, დაჩქარებული ტემპით გაეტანათ პარლამენტის სხდომაზე ინიციატივა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ, არ გაიზიარა. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, თუმცა - არა დაჩქარებული წესით.

კერძოდ, საუბარია "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთები, საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული საკუთრებად, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის სპეციალური წესი და ვადა განაპირობებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის უძრავი ქონების ეფექტური ადმინისტრირების საფუძველს.

აკრძალვის რეგისტრაციის ძალაში არსებობის პერიოდში, ნებისმიერ დროს, დაინტერესებულ პირს შეეძლება განცხადებით მიმართოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, წარუდგინოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს შესაბამის უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს თანხმობის გარეშე და განახორციელოს მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სახელმწიფო მიწის აქტივების სისტემური აზომვითი სამუშაოები და დაარეგისტრიროს ისინი ვალდებულების აღებით, რომ არ გაასხვისებს ან არ გასცემს სარგებლობის უფლებით ერთი წლის განმავლობაში; ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ ამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დადასტურდება, მარეგისტრირებელი ორგანო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე იქნება უფლებამოსილი, სახელმწიფოს საკუთრების უფლება სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე.

მთავრობის ეს ინიციტაივა, მათივე განმარტებით, იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ მიწის ნაკვეთების 70 პროცენტი დღემდე დაურეგისტრირებელია. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები მუდმივად სახელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად, თუმცა ამ ფაქტს ჰქონდა არაერთი მიზეზი - მათ შორის, ფინანსური, ასევე ის, რომ ხშირად დღემდე არსებული საკუთრების დოკუმენტები არასრულფასოვანია, ხშირია გადაფარვები და ა. შ. ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დაჩქარებული წესით მოეთხოვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება და უკვე 1 იანვრიდან მომხდარიყო მისი ამოქმედება, თავად პარლამენტარებშიც გააჩინა კითხვები. პარლამენტის ბიურომ პროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი არ დაუჭირა. მთავრობის ინიციატივას პარლამენტი ჩვეულებრივი წესით განიხილავს.

შესაბამისად, იგი ვერ ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვარს, თუმცა, ვფიქრობთ, მიწის მფლობელთა სტიმულირების თვალსაზრისით ნაწილობრივ ეფექტს უკვე თავად ამ კანონპროექტის პარლამენტში შესვლაც იქონიებს.

XS
SM
MD
LG