Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში შეხვდა ანგელა მერკელს


გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი
გიორგი კვირიკაშვილი, ანგელა მერკელი

გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესები, ავღანეთში ნატოს მისიაში შეტანილი წვლილი და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პრობლემები - ასეთია იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც 27 სექტემბერს განიხილებოდა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის ფარგლებში. განსაკუთრებით ესმება ხაზი იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა შედგა სამ დღეში მას შემდეგ, რაც კონსერვატიულმა ალიანსმა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მერკელმა კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით შენარჩუნების შესაძლებლობა მოიპოვა. როგორ გამოიყურება გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბერლინის მხარდაჭერა?

გადმოწერა

გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც კანცლერის ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე, ერთობლივ მუშაობაზე ევროკავშირთან და ვითარებაზე „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი. მას შემდეგ, რაც სტუმარმა მასპინძელს 2017 წლის 24 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, მხარეებმა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხასიათის საკმაოდ ბევრი საკითხი განიხილეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ჭრილში. შეხვედრას, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა ასევე საქართველოს პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე:

გერმანიის სიტყვა, რა თქმა უნდა, წონადი და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გერმანიის წილი ევროკავშირის ნებისმიერ პროექტში არის უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირის სხვა ნებისმიერი ქვეყნისა. გერმანია არის ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ყველა ინიციატივისა...
კახა გოგოლაშვილი

„საკითხები უამრავი განვიხილეთ, რა თქმა უნდა: ორმხრივი ურთიერთობების ანალიზი, გაღრმავების პერსპექტივები - განსაკუთრებით ეკონომიკურ კონტექსტში - ვაჭრობა, სხვადასხვა რეგიონული და გლობალური პროექტები, მათში საქართველოს ფუნქცია და როლი, გერმანიის შესაძლო მონაწილეობა... საუბარი იყო ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - თუ რა ხდება იქ ყოველდღიურად“.

გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვისაც ანგელა მერკელი 24 სექტემბერს გამართული არჩევნების შემდეგ ასე მოკლე დროში შეხვდა და ეს არ გამოჰპარვიათ არც პოლიტიკოსებს და არც ანალიტიკოსებს. იმის მიუხედავად, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკურ ძალას არჩევნებში 8,5 %-ით ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და ახლა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა საჭირო, ექსპერტთა აზრით, ეს გავლენას ვერ მოახდენს გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და კვლავაც არსებობს დიდი შესაძლებლობები გერმანია-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მნიშვნელობას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი განიხილავს ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოების ჭრილში - სამიტისა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სამ მოწინავე ქვეყანას - უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს, - პარტნიორების დახმარებით, მეტი მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს. ნოემბერში დაგეგმილი სამიტისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ ელოდება პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, მაგრამ მისთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბერლინი ძალიან დიდ როლს თამაშობს:

„გერმანიის სიტყვა, რა თქმა უნდა, წონადი და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გერმანიის წილი ევროკავშირის ნებისმიერ პროექტში არის უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირის სხვა ნებისმიერი ქვეყნისა. გერმანია არის ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ყველა ინიციატივისა... რა თქმა უნდა, გერმანიის როლი ძალიან წონადია და გერმანიის მხარდაჭერის გარეშე ძნელია, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ან რაიმე პროგრესი ვიხილოთ“.

ბერლინის ზეგავლენა რომ დიდი და გადამწყვეტია, ეს იმ დროსაც გამოჩნდა, როდესაც საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას ელოდებოდა და გერმანია სახელდებოდა ერთ-ერთ მთავარ სკეპტიკოს ქვეყნად ამ მიმართულებით. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ეწვია ანგელა მერკელს გიორგი კვირიკაშვილი 2016 წლის ივნისში. იმ დროს ბერლინმა თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, მოვლენებიც სწორედ შესაბამისი სცენარით განვითარდა და საქართველოსთვის რამდენიმე თვეში გაუქმდა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში. ექსპერტებისთვის უდავოა, რომ ბერლინის სიტყვას დიდი წონა აქვს ნატოს ფარგლებშიც და დიდწილად სწორედ გერმანიის უარის გამო ვერ მიიღო საქართველომ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

იმისათვის, რომ გერმანიის მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, საქართველოს მუდმივი ძალისხმევა ესაჭიროება და ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს თავი როგორც კეთილსაიმედო, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე. მისი შეფასებით, ზედმიწევნით პრაგმატული ბერლინი პრინციპული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს:

„გერმანიამ უნდა დაინახოს ორი რამ საქართველოსთან ურთიერთობაში: პირველი ის, რომ საქართველოსთან ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა არ დააზარალებს ევროკავშირს და საქართველოს შეუძლია იყოს არა მხოლოდ მომხმარებელი ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების, არამედ თვითონაც იყოს გარკვეულწილად კონტრიბუტორი ამავე მიმართულებით; და მეორე მხრივ, გერმანიამ უნდა დაინახოს ის, რომ რესურსი და ინვესტიცია, რაც გაღებული იქნება საქართველოს დასახმარებლად, არ იქნება წყალში გადაყრილი... სწორედ გერმანიის სკეპტიციზმი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ კონტინენტურ ევროპაზე ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის გერმანია და საფრანგეთი, ნაკლებად დააფიქსირონ სკეპტიკური პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში“.

ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლებას მუდმივი მუშაობა მართებს როგორც საქართველოს სანდო იმიჯის შესანარჩუნებლად, ასევე იმისთვის, რომ ქვეყნის პრობლემები და საჭიროებები მუდმივად შეახსენოს პარტნიორებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG