მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა ბრალი აღიარა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ცრუ მოწმე უწოდეს და პოლიტიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. ხელისუფლება კი მიესალმება ბრალდებულის მიერ სიმართლის თქმას მთელი მსოფლიოს გასაგონად. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გირგვლიანის საქმის ხელახალი, სამართლიანი გამოძიებით, საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით მოქმედებს.
ოლეგ მელნიკოვი ჰყვება, თუ როგორ დაავალა კუდის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლემ თაკო სალაყაიამ სანდრო გირგვლიანის მოშორება, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას. მოწმის მონათხრობის მიხედვით, ეს ყველაფერი 2006 წლის 27 იანვარს, ღამით, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ხდებოდა. დათა ახალაიამ, რომელმაც ტელეფონზე დარეკვა დაიწყო, ოლეგ მელნიკოვს გვერდზე მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდები - სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე - დაანახვა და მათი ”დაკავება” მოსთხოვა. ოლეგ მელნიკოვმა ბევრისთვის მოულოდნელი აღიარებითი ჩვენების მიცემა სასამართლოსთვის 11 აგვისტოს სხდომაზე დაიწყო და მომავალ სხდომაზე (სავარაუდოდ, 13 აგვისტოს) გააგრძელებს.
მას ჯერჯერობით არ ულაპარაკია უშუალოდ ოქროყანის ეპიზოდზე, თუ როგორ, ვისი ძალადობის შედეგად დაიღუპა 28 წლის სანდო გირგვლიანი, მაგრამ უკვე ითქვა, თუ როგორ დააფარა ხელი მაშინდელმა ხელისუფლებამ რეალურ დამნაშავეებს და რა დაპირებებით აღმოჩნდა ციხეში 4 პიროვნება - კუდის თანამშრომლები: გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური. მელნიკოვის თქმით, იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ დაკავებულებს შეიწყალებდა. მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, მისი დაკითხვის პროცესს, გაურკვეველი სტატუსით, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც ესწრებოდა, ხოლო რაც შეეხება წლების წინ მიცემულ განსხვავებულ ჩვენებას, მელნიკოვის თქმით, ის ვერსია მას არ ეკუთვნის:
”მომცა ფურცელი დათა ახალაიამ - ეს წაიკითხეო და ეს ჩვენება მიეციო”.
მე მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ობიექტურ გამოძიებასთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ - და არა მხოლოდ ჩვენმა მოქალაქეებმა...ირაკლი ღარიბაშვილი
2013 წელს უკრაინიდან ექსტრადირებული, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება ზუსტად შეესაბამება ვერსიას, რომელსაც მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და ადვოკატები იმეორებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და რისაც ასევე სჯეროდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს. კმაყოფილია ”ქართული ოცნება”, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე - ხელისუფლებაში მოსვლამდე - დადო გირგვლიანის საქმის ხელახლა გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის პირობა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ბრალის აღიარებით ოლეგ მელნიკოვმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობის სწორად ინფორმირების საქმეში:
”მე მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ობიექტურ გამოძიებასთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ - და არა მხოლოდ ჩვენმა მოქალაქეებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგოს - ის სიმართლე, ის სასტიკი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა წლების განმავლობაში”.
ხელისუფლების ოპონენტები კი ასახელებენ მიზეზებს, რის გამოც ოლეგ მელნიკოვის ჩვენება ცრუ და არადამაჯერებელია მათთვის. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მელნიკოვი პროკურატურის გაუსაძლისი წნეხის ქვეშ მოექცა და, ზოგადადაც, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული ბოლო პერიოდის საქმეები არასანდო მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს:
”ცალსახა პოლიტიკური ელფერი ეძლევა ყველაფერს და ასეთ ვითარებაში არაფერი არ ხდება სარწმუნო. რისი მიღწევა უნდათ, კონკრეტულად: აჟიოტაჟის შექმნა-შენარჩუნება და ამით სხვა პრობლემების გადაფარვა, სააკაშვილისთვის ყოველი მხრიდან დარტყმების მიყენება თუ, ზოგადად, ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ... ყველაფერი ერთად, ალბათ”.
სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო...ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მელნიკოვის მონათხრობზე დაყრდნობით, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას არ მოელის მისი ადვოკატი ოთარ კახიძე. ის ამბობს, რომ შესაძლოა ვიღაცისთვის გაუმართლებელი და მიუღებელი იყოს გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ოთხი დამნაშავის შეწყალების ფაქტი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება ჰქონდა და მას კანონი არ დაურღვევია.
რადგანაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების შეთანხმებულ, ერთობლივ ქმედებებზე ლაპარაკობს, ოლეგ მელნიკოვის ჩვენება დამაჯერებლად ეჩვენება გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს დავით ჯანდიერს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მეურვეობდა საქმეს - ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ის შეგვახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2011 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების ერთ აქცენტს:
"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
ამასთან, განაჩენის მიხედვით, სასამართლო ”გმობს”ხელისუფლების მიერ თვალის დახუჭვას მოსარჩელეების ”სარწმუნო” ბრალდებაზე, რომ ”დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთები კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად მყოფი ჯგუფიდან (დანაშაულის) თანამონაწილეები იყვნენ”. ამავე განაჩენში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დამნაშავეთა შეწყალება ”არაკეთილგონივრულ” გადაწყვეტილებად არის შეფასებული.
ადვოკატ დავით ჯანდიერს სხვა დროსაც არაერთხელ უთქვამს რადიო თავისუფლებისთვის და 12 აგვისტოსაც გაიმეორა, რომ წინა ხელისუფლებამ არაადეკვატურად შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით:
”სასამართლოს მთელი გადაწყვეტილება არის აგებული იმაზე, რომ ძიება, რომელიც იყო ნაწარმოები, არ იყო მიუკერძოებელი, არ იყო დამოუკიდებელი და მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები იყო დაუდგენელი. ბუნებრივია, ვინც იცნობს ევროპის სასამართლოს სისტემას, მისთვის ცხადია, რომ როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ გამოძიებას ჰქონდა ნაკლი - დაირღვა ადამიანის სიცოცხლის უფლება, სიკვდილის შემდგომ წარმოებული გამოძიება არ იყო სათანადო და სრულყოფილი, ასეთ დროს სახელმწიფოს ავტომატურად წარმოეშობა ხელახალი ძიების ჩატარების საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება”.
ხელახალი გამოძიების ჩატარება არც კი უფიქრია ძველ ხელისუფლებას. ის თვლიდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს არ დაუვალებია საქართველოს სახელმწიფოსთვის და რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახისთვის კომპენსაციის - 50 ათასი ევროს - გადახდა სრულიად საკმარისი იქნებოდა.