Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მარტვილის საპროტესტო აქციის შედეგი ერთი თვის შემდეგ


მარტვილი
მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიასა და გამგებლის, მამუკა დანელიას, გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია ერთი თვეა გრძელდება. აქციის მონაწილეთა განცხადების საფუძველზე, ამ დროისთვის გამგეობის შენობიდან პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატანილია დოკუმენტაცია. საპროტესტო აქციის მონაწილე მადონა ტუსკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეს ერთადერთი მოთხოვნაა, რომელიც ამ ეტაპზე შესრულდა. მისი თქმით, სწორედ აქციის მონაწილეთა დამსახურებაა, რომ პროკურატურამ გამგებლისა და საკრებულოს საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მადონა ტუსკაძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით გუშინ შეხვდა აქციის ერთ-ერთ წევრს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი საარჩევნო შტაბის უფროსს მარტვილში, ზური ბიგვავას, თუმცა მათ შორის შეთანხება ვერ შედგა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ გოროზიამ, გადადგომაზე კვლავ უარი განაცხადა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნის შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, რჩებიან გამგეობასთან და შენობაში არავის უშვებენ. შესაბამისად, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები მუშაობას ვერ ახერხებენ.

„ამათ არანაირი გრძნობა არ გააჩნიათ. ესენი არიან კრიმინალები და უფლებას არ მივცემთ შენობაში შევიდნენ. ხომ გვაქვს უფლება, ვინც გვინდა ის ავირჩიოთ, ხალხს ხომ აქვს ამის უფლება? მოშიმშილეებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პროკურატურამ საბუთების შესწავლა დაიწყო. ამწუთას გამგეობასთან მჯდომარე აქცია გრძელდება“, - გვითხრა მადონა ტუსკაძემ.

მარტვილში მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, 20 ნოემბერს დაიწყო. აქციას წინ უძღოდა 17 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხურჩისა და ვედიდკარის მოსახლეობის უკმაყოფილება და სურვილი შეხვედროდნენ გამგებელს. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ 2 წლის წინ მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ გაუყიდეს, რაშიც ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ესენი გალაღებული ისევ სხედან და ისევ აგრძელებენ ძველებურად მუშაობას ...
დალი ბუკია

მარტვილის პარალელურად, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ ზუგდიდშიც. 17 დეკემბერს, ორგანიზაცია „თეთრი მანდილის“ ინიციატივით, 40-მდე მოქალაქემ გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან. „თეთრი მანდილის“ წარმომადგენელმა ინეზა მურღულიამ აქციაზე ლევან კონჯარიასა და ალექსანდრე ქობალიას თანამდებობიდან მშვიდობიანად წასვლა ურჩია.

„ამათი მოქმედება ყველანაირ ზღვარს არის გასული. რა აქვთ ამათ გაკეთებული? ხომ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ადამიანურ ცხოვრებას!.. ესენი გალაღებული ისევ სხედან და ისევ აგრძელებენ ძველებურად მუშაობას“, - ამბობს აქციის მონაწილე დალი ბუკია.

საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წევრები გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ხუთი დეკემბრიდან ითხოვენ. ამ მიზნით ისინი საკრებულოს თავმჯდომარესაც შეხვდნენ, თუმცა ლევან კონჯარიამ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის „მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა გადადგომას არ გეგმავს, რადგან ზუგდიდელების მიერ არის არჩეული“.

„თეთრი მანდილის“ წევრების თქმით, ადილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელი პირები თუ არ გაითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს და თანამდებობიდან არ გადადგებიან, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
XS
SM
MD
LG