Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდატურის ნაცვლად, ბავშვთა დაცვის ოფიცერი


საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის განახლების შემდეგ, 20 იანვრიდან, მანდატურის სამსახური ნაწილობრივად რეორგანიზებული სახით შეუდგება მუშაობას. მოსწავლეებისთვის თვალშისაცემი ახალი ფორმების გარდა, იცვლება მანდატურის სამსახურის დასახელებაც, კერძოდ, სამსახური ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაიქმნება, მანდატურებს კი ბავშვთა დაცვის ოფიცრები ერქმევათ.

მანდატურის ინსტიტუტი, როგორც კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოების გარანტი, ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს, ფიქრობს საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინსტიტუტისთვის მაკონტროლებელი ფუნქციების შესუსტებისაკენ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს:

“ერთი წლის წინ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მანდატურს შეეზღუდა უფლებამოსილება, კერძოდ, მას აღარ ჰქონდა სკოლის შინაგანაწესის კონტროლის უფლება. ეს, მიმაჩნია, რომ ძალიან
თამარ მოსიაშვილი
თამარ მოსიაშვილი
საინტერესო და კარგი გადაწყვეტილება იყო. ასევე გასულ წელს შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2014 წლიდან მანდატური უნდა დაექირავებინა თავად სკოლას. ამ ცვლილებებს შევაფასებდი ცალსახად პოზიტიურად“.

თამარ მოსიაშვილისთვის, პროფესიული დაინტერესების მიუხედავად, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, რა ფუნქციებით აღიჭურვება მანდატურის მემკვიდრე ბავშვთა დაცვის ოფიცერი უკვე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. ამ საკითხის კომენტირებისას, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ზარდალიშვილმა თქვა, რომ ბავშვთა დაცვის ოფიცრის უმთავრესი მოვალეობა სწორედ მოსწავლეზე ზრუნვა იქნება:

“ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი იქნება პრობლემის პირველადი იდენტიფიკაცია, შემდეგი - ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვა, რათა ბავშვი ფსიქოლოგიურ კომფორტში იყოს სკოლაში. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას და შემდეგ - სათანადო ზომების მიღებას. შემდეგი მათი ფუნქცია ეს გახლავთ ჩარევა რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში და მცირე კონფლიქტის საკუთარი ძალით მოგვარება. გარდა ამისა, მანდატურს დაემატა ფუნქცია, რომ მას შეუძლია სკოლის პერიმეტრის გარეთ გასვლა და სხვა“.

ლევან ზარდალიშვილი ამბობს, რომ რეფორმა ამ ეტაპზე ძირითადად მანდატურთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. 1150 მანდატურიდან უკვე გადამზადებულია 300-ზე მეტი. მანდატურები სწავლობენ ადამიანის ძირითად უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებსა და ეტაპებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლებს, რათა მათ პრობლემის შემჩნევა შეძლონ. გადიან მედიაციისა და კონფლიქტის მოგვარების სპეციალურ კურსს, სწავლობენ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის საფუძვლებს, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარებს და ასე შემდეგ. გადამზადება სამეტაპიანია და საგამოცდო შეფასებას ითვალისწინებს. ბავშვთა დაცვის ოფიცერი მხოლოდ ის გახდება, ვინც წარმატებით დაძლევს საგამოცდო ტესტებს. გამოცდები 20 იანვრიდან იწყება.
მანდატურს ემატება ორი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორებიცაა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა ბავშვებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის და ასევე პროფორიენტაციაში ხელშეწყობა და დახმარება...
დავით ლომინაშვილი

პარალელურად, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ გაგრძელდება საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაც. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მანდატურის ინსტიტუტის გარდაქმნას ითვალისწინებს, - გვითხრა განათლების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა დავით ლომინაშვილმა:

„კერძოდ, მანდატურს ემატება ორი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორებიცაა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა ბავშვებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის და ასევე პროფორიენტაციაში ხელშეწყობა და დახმარება. ასევე მანდატურის სამსახურს ემატება ფუნქციები, რომლის თანახმადაც, ისინი უზრუნველყოფენ მანდატურების, მომავალში ბავშვთა დაცვის ოფიცრების, მომზადებას, გადამზადებას და პროფესიული დონის ამაღლებას. აღნიშნული კანონპროექტი, მთავრობის მიერ შეტანილი პარლამენტში, კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება“.

მანდატურის სამსახურის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაქმნის მიზნით, ცვლილებები ძირითადად ზოგადი განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს. ამ მოსალოდნელი ცვლილებების საფუძველზე გათვალისწინებულია ბავშვთა დაცვის ოფიცრისათვის სავალდებულო მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დადგენაც, კერძოდ, თუ მანდატურად მუშაობა პირს 20 წლის ასაკიდან შეეძლო, ბავშვთა დაცვის ოფიცერი 23 წელზე ახალგაზრდა ვერ გახდება.
XS
SM
MD
LG