Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის მწვავე შეკითხვები საკონსტიტუციო მოსამართლეობის კანდიდატ კობახიძეს


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ მანანა კობახიძეს, რომელიც მზად არის ჩამოშორდეს პარტიას და ემსახუროს მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძეს, როგორც ხელისუფლების გუნდის წევრს, არა აქვს მორალური უფლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

11 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მანანა კობახიძის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. საპარლამენტო უმცირესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

წინა მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ამჟამად უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ, რომელიც მოსამართლის პოსტზე მმართველმა პარტიამ დაასახელა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკუთარი თავის წარდგენისას ყველა ის წარმატებული საქმე ჩამოთვალა, რომელშიც მისი, როგორც უფლებადამცველის, ხელი ურევია, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლში“ მუშაობის პერიოდი გამოყო. მისი სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ნდობა სწორედ მის იმ საქმიანობას ეფუძნება, რომელიც კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას და, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს უკავშირდება:

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

„ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც კონკრეტული ადვოკატის, საქმიანობა იქეთ იყო მიმართული, რომ კონკრეტული ადამიანების ბედი შეცვლილიყო ამ ქვეყანაში“.

მანანა კობახიძემ განაცხადა ასევე, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ის პოლიტიკას ჩამოშორდება.

თავის სიტყვაში კობახიძემ კონკრეტული წარმატებული საქმეებიც მოიყვანა იმის მაგალითად, თუ რატომ მიიჩნევს თავს ღირსეულ კანდიდატად აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა ოპოზიციის კრიტიკულ შეკითხვებს მაინც ვერ ასცდა და სხდომაც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორ შეძლებს მიუკერძოებელ მოსამართლეობას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი მანანა კობახიძე? არის თუ არა მოსამართლის მანტია მისთვის შესაფერისი მისივე ცნობილი გამონათქვამების ფონზე, მაგალითად, ლგბტ თემის მიმართ ან მისი პოზიციის გამო „რუსთავი 2“-ის სასამართლოს თაობაზე? სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა შეკითხვები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან გაისმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირმა ნადირაშვილის აზრით, სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ მანანა კობახიძე შეძლებს ობიექტურობის შენარჩუნებას თუნდაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომლის განხილვაც მას, როგორც მოსამართლეს, სავარაუდოდ, მოუწევს.

„როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი, თქვენ ერთ-ერთი იყავით პარლამენტში მათ შორის, ვინც ამის წინააღმდეგ ხმალამოღებული გამოდიოდა. ალბათ, სასაცილოა თქვენს ობიექტურობაზე ვისაუბროთ დღეს, რადგან მიდიხართ სწორედ ამ სასამართლოში, სადაც, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვაც მოგიწევთ“.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ კი მანანა კობახიძეს რამდენიმე ცნობილი გამოთქმა გაუხსენა და, მათი კონტექსტიდან გამომდინარე, ჰკითხა, იმავე აზრზეა თუ არა მომავალი მოსამართლეობის კანდიდატი:

კობახიძის პასუხი ამ შეკითხვაზე ის არის, რომ კონკრეტულ საკითხებზე სიმპათია-ანტიპათია ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მოსამართლის რანგში მან მხოლოდ კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს.

„ჩემი აზრით, მას სრული მხარდაჭერა ექნება უმრავლესობაში. ის არის ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით...
დავით მათითაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ კობახიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, ეს კომიტეტის სხდომამდეც ცნობილი იყო. პარტიის წევრ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სასაცილოა იმის დაშვება, რომ მანანა კობახიძე მოსამართლის რანგში შეიძლება ყველას მიმართ ერთნაირად მოწყალე იყოს:

„მას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მისწრაფებები, რაც არაერთხელ და აგრესიულად გამოუხატავს“.

ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენს სასამართლო სისტემაზე - ასე ფიქრობს უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, ერთადერთ კრიტერიუმს, რომელსაც მანანა კობახიძე აკმაყოფილებს, ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებაა.

უმრავლესობაში კი, პირიქით, კობახიძე ღირსეულ კანდიდატად მიაჩნიათ, რომლის ნდობაც შეიძლება: „ჩემი აზრით, მას სრული მხარდაჭერა ექნება უმრავლესობაში. ის არის ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით“, - აცხადებს დავით მათითაშვილი

იურიდიული კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ მანანა კობახიძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სესიაზე უყრიან. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა სწორედ პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან თავისუფალია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG