საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატ მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი 10 წლით მოისხამს მოსამართლის მანტიას. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესება მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, რასაც ოპოზიციისა და ექსპერტული წრეების ერთ ნაწილში არ იზიარებენ. რა არგუმენტები მოჰყავთ მხარეებს თავიანთი პოზიციების გასამყარებლად და რა გეგმები აქვს თავად მანანა კობახიძეს?
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე საქართველოს პარლამენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მანანა კობახიძის დამტკიცების თაობაზე იმსჯელებს, თავად კანდიდატმა მედიასთან განმარტა, რომ მის ობიექტურობას და სამართლიანობას ახალ პოსტზე მისი პოლიტიკური კუთვნილება და წარსული ხელს ვერ შეუშლის:
“ოთხწლიანი გამოცდილება და ცოტა მეტი, როგორც კანონმდებლის, მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად და ყოველმხრივ შევაფასო ესა თუ ის კანონი. შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერაც, შეიძლება იყოს ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. აუცილებლად გადაწყვეტილებები გამოვა მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად“.
მანანა კობახიძე, წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი ვიცე-სპიკერი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ამბობს, რომ იგი მზადაა, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, გაიზიაროს აზრი მისი საკანონმდებლო საქმიანობის დროს მიღებული სადავო კანონების არაკონსტიტუციურობის შესახებაც კი. მისი ოპონენტების მთავარი არგუმენტი მანანა კობახიძის წინააღმდეგ კი სწორედ ისაა, რომ იგი ლოიალურია ხელისუფლების მიმართ და ვერც მომავალში შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე მანანა კობახიძეს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ყოფნისას საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებაშიც სდებს ბრალს:
“მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ შეიძლება იყოს მოსამართლე ის ადამიანი, რომელიც იღებდა მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში. გახსოვთ, შარშან კანონპროექტი რომ მიიღეს, სოციალურად რომ ჩიხში შეეყვანათ სასამართლოს მუშაობა“.
აზრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში გასულ წელს შესულმა ცვლილებებმა სასამართლოს ეფექტურობას გარკვეული საფრთხე მართლაც შეუქმნა, თავის მხრივ, იზიარებს კონსტიტუციონალისტი გიორგი მუმლაძეც. იგი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა მანანა კობახიძის ნაცვლად მმართველ უმრავლესობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სხვა კანდიდატი დაესახელებინა:
“თუ გავითვალისწინებთ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები მის პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით. ანუ უმჯობესი არის, ზოგადად, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს ასეთი აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში, თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი უმრავლესობის წევრია, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის იმ ცვლილებებში, რომელმაც, ასე ვთქვათ, დაასუსტა ეს ინსტიტუტი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს კანდიდატურა არ ყოფილიყო წარდგენილი მაგ თანამდებობაზე“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი თვეა არასრული შემადგენლობით საქმიანობს. გასული წლის სექტემბერში უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს ამოეწურა. მათგან საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს კვოტებით წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა გააჭიანურა თავისი საპარლამენტო კვოტის ათვისება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი გაიწელა და ამით პარლამენტმა კანონიც დაარღვია, საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრობის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება საზოგადოებისთვის მოულოდნელი მაინც არ ყოფილა. მედიასაშუალებებით ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ უმრავლესობა თავის რჩეულად საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ მანანა კობახიძის წარდგენას აპირებდა. მას შემდეგ კი, რაც კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მანანა კობახიძე თავის მომავალ საქმიანობაში მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება:
“ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ასევე, ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს ვინმეს კითხვის ნიშნები და არ იყოს მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი და ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება“.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მანანა კობახიძის კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერას დაიმსახურებს. უკვე ცნობილია, რომ მის მხარდამჭერთა რიგებში იქნებიან ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებიც. და თუმცა მანანა კობახიძის კანდიდატურის დამტკიცება პარლამენტში ხმათა უმრავლესობით სრულიად გარანტირებულია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დეპუტატებს მაინც მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ მას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დასახელება აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს, მათ შორის, ისეთი გარემოების გათვალისწინებით, როგორიცაა ხელისუფლების ნება მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და დააკომპლექტოს იგი მისთვის ლოიალური პირებით, რის ფონზეც ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ ურთიერთშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.