Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანარჩენებისთვის, ვინც ჩემსავით ვერ მიდის ტყიბულში


„შახტში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ. ავად გაგვიხდა შიგნით კაცი, ფეხი მოიტეხა და ორი საათი ვაბრახუნეთ, რომ კარები გაეღოთ. ასე ციხეებში არ ექცევიან ხალხს.“

15 თებერვალს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელი შახტების მუშათა დიდი ნაწილი, 1500-მდე ადამიანი, გაიფიცა, რადგან ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მათი მოთხოვნები: ხელფასის 40 %-ით გაზრდა და აუტანელი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შახტებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, რაც გამუდმებით ხდება უბედური შემთხვევების მიზეზი; არასათანადო და უხარისხოა სამუშაო სამოსი და დამცავი საშუალებები; ზეგანაკვეთური და ცვლის სამუშაოებისთვის მუშები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ. ისედაც დაბალი ხელფასები ბოლო ოთხ წელიწადში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ, კიდევ 400 ლარით შემცირდა, რამაც სრულ წნეხში მოაქცია მშრომელები. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მათმა უმრავლესობამ შედარებით მაღალი ხელფასების პირობებში საბანკო სესხები აიღო და დაკლებული ხელფასით ვალებისგასტუმრებას ვერ ახერხებს. ტყიბული მთლიანადაა დამოკიდებული შახტებზე და, რადგან იქ დასაქმების ალტერნატიული წყარო არ არსებობს, ტყიბულელები, ისევე როგორც კაზრეთელები და ბევრი სხვა, იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ მათი სამუშაო ძალის კაბალური პირობებით ექსპლუატაციას კერძო ინვესტორის მხრიდან.

სახელმწიფო კი − ტყიბულში შექმნილი უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაოზე დაღუპვის არაერთი შემთხვევის მიუხედავად − არათუ არ ჩარეულა მშრომელთა სამართლიან დავაში კერძო კომპანიასთან და არა მხოლოდ აჭიანურებს ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას, არამედ 1 იანვრიდან აამოქმედა ახალი კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რის შედეგადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოეხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი. ისედაც შემცირებული ხელფასების ანაბარა დარჩენილ მეშახტეთათვის ეს ათპროცენტიანი საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ნიშნავდა, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა.

ალბათ, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება იმაზე, რა ფაქტორმა ითამაშა ბოლო წვეთის როლი და კერძოდ რამ გამოიწვია, რომ ახლა საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე უპრეცედენტო მოვლენის მოწმენი ვართ: ტყიბულში არსებული შედარებით სუსტი პროფკავშირებისა და უალტერნატივო სამსახურის დაკარგვის შიშის ფონზე, მშრომელებმა საკუთარი ძალებით წამოიწყეს პროტესტი და ქალაქის დანარჩენი მოსახლეობისა და თვით გამგეობისა და საკრებულოს სოლიდარობაც კი დაიმსახურეს. აქტივისტ სტუდენტებს, დაინტერესებულ და კომპეტენტურ არასამთავრო ორგანიზაციებს, პროფკავშირებსა თუ ყველა სხვას ისღა დარჩენიათ, შეუერთდნენ თვითორგანიზების, სამოქალაქო სიმამაცისა და სოლიდარობის ამ განმაცვიფრებელ გამოვლინებას.

ტყიბული დღეს სამაგალითო სიმწვავით წარმოაჩენს იმ სისტემურ კრიზისს, რაც უახლოეს თვეებსა და კვირებში სხვა სამრეწველო ქალაქებშიც გამოიხატა (ქსანში, ზესტაფონში, ჭიათურასა და რუსთავში), ხოლო ზოგან (კერძოდ, კაზრეთში) ადგილობრივ მცხოვრებთათვის სასიკვდილო, ჩვენთვის კი სამარცხვინო მარცხის სახით დაგუბებულა. მეტიც: ტყიბული დღეს ის ადგილია, სადაც ქართული დემოკრატიის ბედი წყდება. წყდება საკითხი, საქართველოსთვის დემოკრატია, „ევროპულობა“ და „ცივილიზებულობა“ ოდენ ბიუროკრატიულ ბუტაფორიად და „პრადვინუტების“ თვითკმაყოფილი თვითინსცენირების საგნად დარჩება, თუ საზოგადოება და − მისი იძულებით − სახელმწიფოც (რომელიც არსებული მთავრობის პირობებში უკვე სრულიად გაცხადებულად აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილი ველური კაპიტალიზმის პრინციპების მფარველობასა და გაძლიერებას) უარს იტყვის იმაზე, რომ თავისუფლება და კეთილდღეობა საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის პრივილეგია იყოს, დანარჩენებმა კი მუნჯად იხადონ ხარკი საზოგადო მატერიალური სიკეთის საწარმოებლად, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.

„კაბინეტში არავის არ მოუვა ასე, არავინ არ დამარცხდება კაბინეტში“, − ამბობს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ყოფილი მეშახტე, − „დამარცხდება შახტიორი, რომელსაც ყოველ წუთში, ყოველ წამში შეუძლია, სიკვდილს თვალში ჩახედოს.“

კაბინეტებში მსხდომთ არ ეჩქარებათ. არა უშავს, თუ მარტამდე ან კიდევ უფრო იქით გადაიწევს ტყიბულისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის დაბრუნების, ეფექტიანი საშუამავლო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის ჩამოყალიბების საკითხები. თითო დღეს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, დღეებს და საათებს ისეთივე სიმწვავით არ განიცდიან, როგორც ტყიბულის გამგეობის წინ შეკრებილი ხალხი. თითქოს დროის სხვადასხვა ათვლასა და რიტმს ემორჩილებოდეს ეს ორი პარალელური სამყარო.

„21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს“ − ხმამაღლა აცხადებს შედარებით გულისხმიერი პარლამენტარი გაფიცულთა აქციაზე. მოსალოდნელია, ამგვარი არგუმენტაციით მალე მოგვიწიოს იმის განცხადებაც, რომ „ეს არც 22-ე საუკუნეში უნდა ხდებოდეს“ და ასე უსასრულოდ. აწმყო მხოლოდ რეალურ და აუცილებელ მსხვერპლებს იცნობს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პროგრესი იქნება და გვეშველება, როდესაც შევალთ ნატოში, ევროკავშირში თუ სხვა გაერთიანებებში; როდესაც ინვესტორები საკმარის ფულს შეიტანენ ბიუჯეტში და ა.შ. მსხვერპლი და დათმენა კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სხვას უწევს.

დღეს საქართველო დაპირებული და მუდმივად გადადებული თავისუფლებისა და მინიმალური კეთილდღეობის რეჟიმში არსებობს. ტყიბული დღეს სწორედ ამ თავისუფლების გადაუდებლობის სიმბოლოა. იმ გადაუდებლობის, რომელმაც 2014 წლის თებერვალში დაბა კაზრეთში RMG Gold-ის მიერ გათავისუფლებულ მუშას, სლავა კუჭაშვილს, თვითმკვლელობით დაასრულებინა სიცოცხლე. კაზრეთი და მის მიმართ გამოჩენილი მყიფე საზოგადოებრივი სოლიდარობა დამარცხდა, რის ფასიც ისევ და ისევ ცოცხლად დარჩენილმა კაზრეთელებმა გადაიხადეს. სლავა კუჭაშვილის ამბავი 2014 წელს არ დამთავრებულა. ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების იმ ბარბაროსობის შედეგია, რომელიც მდუმარედ თუ გაცხადებულად ხელს აწერს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებასა და შენარჩუნებას, რომელიც სლავა კუჭაშვილს თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს. რადგან ბარბაროსობაა, როდესაც ადამიანს საკუთარი თავისუფლების განხორციელების ერთადერთ ქმედით არეალად საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაღა რჩება, იმ ყბადაღებული თავისუფლებისა, რომელსაც ვითომ ნებისმიერი „დასაქმებულს“ ფლობს „დამსაქმებელთან“ „ხელშეკრულების“ დადებისას.

კაბინეტებში საათი აუჩქარებლად წიკწიკებს. ტყიბულში სხვა დროა, დრო, რომელიც აღარ ითმენს. თუ რომელი დრო იქნება გამარჯვებული − კაბინეტებისა თუ შახტების − მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ვინ იმარჯვებს კანონის ენაზე წარმოებულ ამ უწესო და სამართლებრივი ჩარჩოების გარეთაც უსასრულოდ, უპირობოდ სამართლიან ბრძოლაში. რასაც ტყიბულში გაფიცულები აკეთებენ, უკიდურესი ძალისხმევის გამოვლინებაა. ჩვენ, დანარჩენები, მართალია, საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტის გარანტი ვერ ვიქნებით, მაგრამ, სამაგიეროდ, შეგვიძლია ვიყოთ მათი საყრდენი თბილისსა და სხვა ქალაქებში რაიმეს გაკეთებით, მასმედიაში ამ საკითხისთვის მეტი ყურადღების დათმობით, მატერიალური მხარდაჭერით, ერთმანეთთან საუბრით, წერით. არც ესაა ცოტა. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ტყიბულის გამგეობის წინ გაფიცულთა გვერდით დგომაა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG