Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნა არ იგეგმება“


სირიელი ლტოლვილების ბანაკი თურქეთში
სირიელი ლტოლვილების ბანაკი თურქეთში

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყოველკვირეულ გამოცემა „ბილდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს ლტოლვილთა ცენტრების გახსნას ეგვიპტეში, ბალკანეთის რომელიმე ქვეყანასა და საქართველოში. სებასტიან კურცი საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდა, თუმცა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ არაფერი უთქვამს ლტოლვილთა ცენტრის შესახებ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გერმანულ გამოცემას განუცხადა, ევროპას სჭირდება ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირს გარეთო:

გადმოწერა

„ცენტრები, რომლებსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად ვმართავთ. იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თუ სად განთავსდებიან ისინი, მთავარია, რომ შესთავაზებენ დაცვას და ის ხალხი, რომელიც ცდილობს ევროპაში არალეგალურად შესვლას, დაბრუნდებიან ამ ბანაკებში. ეს დაწესებულებები შესაძლოა განთავსდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, საქართველო ან ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე რომელიმე ქვეყანა“.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს აქვთ საერთო საზღვარი და, შესაბამისად, სებასტიან კურცის წინადადება წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. რუსი პოლიტიკოსის თქმით, საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რის საფასურიც შესაძლოა იყოს ლტოლვილთა ცენტრის გახსნა, თუმცა საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამგვარ საფასურს არ სთხოვს. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„ფასი, რომელიც საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის უნდა გადაიხადოს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ მიუღია არანაირი ამგვარი დაპირების სანაცვლოდ. ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. აქ შეიძლება იყოს, უბრალოდ, მოლაპარაკების და გარკვეული ინტერესის საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა შესთავაზოს ზოგიერთ ქვეყანას, ისევე როგორც თურქეთს შესთავაზა, რომ აღარ გამოეშვა ლტოლვილები ევროპაში“, უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა, რომლის თქმით, ასევე საღ აზრს არის მოკლებული რუსეთის შეშფოთება მისი საზღვრის მახლობლად ლტოლვილთა ბანაკის შესაძლო გაჩენის თაობაზე:

„ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს უვიზო რეჟიმი, რუსეთთან ჩვენი სივრცე არ არის გახსნილი, ამიტომ რუსეთს არ აქვს შიშის საფუძველი. საქართველოს მოქალაქეებსაც კი უჭირთ რუსეთში გამგზავრება, რომ არაფერი ვთქვათ ლტოლვილებზე. მათთვის რუსეთში გადასვლა იქნება შეუძლებელი, თუ თვითონ რუსეთის მთავრობა არ იქნება ამაში დაინტერესებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობის განცხადება პროვოკაციულია. ეს არის სუვერენულ საქმეებში ჩარევა, თანაც ისეთ საქმეში, რომელიც ჯერ არ მომხდარა“.

რას ფიქრობთ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრების გახსნაზე?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

არ მომხდარა და, შესაძლოა, არც მოხდეს. კახა გოგოლაშვილის ამ ვარაუდს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 მარტს გავრცელებული განცხადება:

„ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა - მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება“.

საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება. ამაზე არანაირი მოლაპაკება არ ყოფილა და არ იქნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებით ვერ მოხდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ გვყავს 274 ათასი დევნილი ქვეყნის შიგნით...

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ ავსტრიელი პოლიტიკოსის განცხადებას არ აქვს სერიოზული საფუძველი. გარდა იმისა, რომ არც ევროპაში უმსჯელიათ ამ საკითხზე სიღრმისეულად, საქართველოს ლტოლვილთა მიღების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ჩვენ არ გვაწყობს ნამდვილად. ეს იქნება ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ დამატებით ისტერიკის შექმნის საფუძველი. როგორც ჩვენ ვხედავთ, ბოლო ორი დღეა ამ ამბავს კარგად იყენებენ პრორუსული საინფორმაციო საშუალებები და ააგორეს ისტერიკა დასავლეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა სწრაფად გააკეთებს განმარტებას და ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიც ოფიციალურად განმარტავს, რომ ეს იყო ერთი მინისტრის ნათქვამი და მეტი არაფერი“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კი ამბობს, რომ ლტოლვილთა ცენტრის საქართველოში შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობას რაიმე ტიპის კონსულტაცია არ უწარმოებია არც ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოსთან და არც ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა:

„საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება. ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არ იქნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებით ვერ მოხდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ გვყავს 274 ათასი დევნილი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან 2/3-ს არ მიუღია ბინა და ამ მიმართულებით ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ვერ აიღებს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG