Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა კიკიანის საქმეს პროკურატურა იძიებს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

ვიდეომასალა, რომელიც კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმეზე მთავარი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, აღარ არსებობს. ლიკა კიკიანი სამართალდამცველებს მის ცემაში ადანაშაულებს. ის სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღებას მოითხოვდა, რაც პროკურატურამ გააკეთა კიდეც. კიკიანი აცხადებს, რომ ვიდეომასალა წაშლილი დახვდათ.

პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერი ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ 6 ივლისს კუს ტბის ტერიტორიაზე პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით,ის ოცამდე სამართალდამცავმა დააკავა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კიკიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით იმავე ღამესვე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მომხდარის შესახებ ჰყვება. კიკიანი ამბობს, რომ სცადა კუს ტბის ტერიტორიაზე მოკამათე ბიჭები გაეშველებინა, შემდეგ კი საქმეში პოლიცია ჩაერთო:

„ამ დროს პოლიცია მოვიდა. ოღონდ პოლიცია არ მოვიდა გაფრთხილებით: „ბიჭებო, რა ხდება“, ან „გეყოთ ჩხუბი“... ეგრევე დედის გინებით და ჩხუბით შემოვარდნენ, ოღონდ რამდენიმე მათგანი, დანარჩენები იქით იდგნენ“.

ლიკა კიკიანი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეპასუხების შემდეგ კი დააკავეს:

„ეს „მაიკა“ მეცვა. ისე გამხადეს, მარტო ერთ ხელზე მეკიდა. მეთქი, რას აკეთებთ, როგორ მირტყამთ, როგორ ბედავთ, ტელეფონი დამიბრუნეთ-მეთქი, ვკიოდი. იმდენად შემეშინდა, რომ ვერც ვლანძღავდი ბოლოს, მარტო ვკიოდი. არ გაქვთ ამის უფლება და რაღაცებს ვკიოდი. ვიფიქრე, რომ შემეშვებოდნენ და ვთქვი, ორსულად ვარ-მეთქი. ორსულად არა, შენი დედა... ამ დროს ხელი მკრეს, დამაგდეს და ვიღაცამ წიხლი ჩამარტყა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა მალევე ჩაატარა და გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გადაამოწმა ყველა გარემოება, გამოკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი და ისინი ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

ლიკა კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გამოძიება თავიდანვე პროკურატურას უნდა დაეწყო და არა შსს-ს, რადგანაც სავარაუდო დამნაშავეები იმავე შსს-ს თანამშრომლები არიან. ის ლაპარაკობს ასევე შსს-ს მოკვლევის ხარვეზებზე:

„შსს-ს გენინსპექციას ვიდეომასალა ამოღებული აქვს მხოლოდ იმ კამერებიდან, რომელიც არ აკონტროლებს შემთხვევის ადგილს. ეს ვიდეო გაავრცელა“.

მას შემდეგ, რაც საქმე პროკურატურამ გადაიბარა, პროკურატურის წარმომადგენლები კუს ტბის ტერიტორიაზე დანარჩენი კამერებიდან ვიდეომასალის ამოსაღებად მივიდნენ. ლიკა კიკიანი, რომელიც ამ პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ მათ იქ არაფერი დახვდათ:

„გავხსენით კამერები და, სამწუხაროდ, ვიდეო იწყება გუშინდელი დღის სამი საათიდან. მანამდე არსებული ვიდეო მთლიანად არის წაშლილი“.

ამ საკითხს ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ცემის, არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე, რომელშიც მოქალაქეები პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლების მონაწილეობაზე მიუთითებენ. მოქალაქეთა განცხადებების სიმრავლე პოლიციის უკანონო მოქმედებების შესახებ, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნების სავარაუდო მონაწილეობის შემთხვევები აჩენს განცდას, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ინდივიდუალური გადაცდომების სახეს სცდება“.

პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ აღძრულია საქმე ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დანაშაული განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG