Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ხიდაშელი − სამოქალაქო აქტივისტი


3 დეკემბერი, კვირა

დილის 11 საათზე დამირეკა აიშემ, ლაითურში უნდა გავყვე ლარისა ბებოსთან, რომელმაცშეიფარა და ჭერი მისცა. ლარისა 83 წლისაა, მარტო ცხოვრობს. 30 წელია, შვილი არ უნახავს, უჭირს მარტოობა. არჩევნებისწინა პერიოდში მერობის კანდიდატებს ქალთა საჭიროებებს ვაცნობდით. იმ დღეს დავინახე მარტოდ მჯდარი ბებო, მზეს ეფიცხებოდა. გულმა ვერ გამიძლო და მივედი. მაინტერესებდა, რატომ მოვიდა შეხვედრაზე. წუხდა, სოციალური მომიხსნესო და სახლში შეგვიპატიჟა − მოდით, ნახეთ, რა დღეში ვარ, პურსაც კი ვერ ვყიდულობო. იქვე მცირედი თანხა შევუგროვეთ და დავუტოვეთ. ფოტოებიც გადავიღე და გადავწყვიტეთ, მისთვის რამე გაგვეკეთებინა. იმ დღის მერე ბებოს ხშირად ვაკითხავდით და ერთხელაც შევთავაზე, თუ თავს ვერ უვლი, შემიძლია, ძალიან კარგ სახლში გადაგიყვანო, სადაც შენი ასაკის ქალები იქნებიან; გაერთობი, თან მოგივლიან და პენსიაც დაგეზოგება-მეთქი. ამის თქმაზე მოიღუშა და მითხრა, ჩემი სახლი ყველაფერს მირჩევნია, თუ ვინმეს მინახავ, ვინც მოვა და ჩემთან იცხოვრებს, თან გადავყვები და შემოვევლებიო. გამახსენდა აიშე. ის ხულოდანაა, ძალადობის მსხვერპლია, სამი წელია, სახლიდან წამოსულია და შვილები არ უნახავს. მას თავშესაფარი სჭირდება, ბებოს კი − მომვლელი. გაუხარდა ჩვენი მისვლა, მოვილაპარაკეთ. აიშეც კმაყოფილი დავტოვე და ბებოც. აიშეს სამი წელია, შვილები არ უნახავს. ბავშვებზე იმდენად დიდ გავლენას ახდენენ მამა და ოჯახის სხვა წევრები, რომ მათ თავად თქვეს უარი დედასთან შეხვედრაზე. აიშე სამკერვალო ფაბრიკაში მოეწყო, მუშაობს და ოცნებობს იმ დროზე, როცა შვილები სრულწლოვანები გახდებიან, რომ მამის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა დედის ნახვა.

სახლში შემოვედი, სიმშვიდეა. ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, არც მაქვს. თუ რამე მაინტერესებს, ინტერნეტით ვიგებ. თბილისის სკოლაში ახლახან დატრიალებული უბედურება არ ამომდის თავიდან, თავს უსუსურად ვგრძნობ. დანაშაულის გრძნობა მაქვს. სკოლამდელი განათლება, სასკოლო განათლების სისტემა, ვერა და ვერ განვითარდა ჩვენთან. პირიქით, საბჭოთა მემკვიდრეობის ამარა დარჩა. საბჭოთა სისტემა სიცოცხლეს იდეოლოგიისთვის წირავდა, ადამიანი ჩირადაც არ უღირდათ, ბავშვის დასჯა, მისი დაცინვა აღზრდისერთ-ერთი მეთოდი იყო... ჩვენც ამგარემოში გავიზარდეთ და ეს ყველაფერი ნორმად გვეჩვენებოდა. ნაწილმა მოვახერხეთ ტრანსფორმაცია, მშობლების ნაწილი კი მაინც ძალადობრივი მეთოდებით ზრდიდა შვილებს, ის შვილები − თავიანთ შვილებს და ამ ყველაფერს ერთი ფრაზით ამართლებენ: „ასეთია ცხოვრება, თუ გადარჩენა გინდა, მგელზე მგელი უნდა იყო!“ ჰოდა გადარჩენილი ბავშვებიც გახდნენ მგლები და დაუნდობლები...

ძილი გამიტყდა. საერთოდ, ღამის 3-4 საათზე ვიძინებ, ხანაც ვათენებ, ალბათ ამის გამოც ვერ ვდგები დილით. შუაღამეზე გულიდან ამომასკდა სიტყვები, კომპიუტერში ავკრიფე. საერთოდ, ლექსებს არ ვწერ. რაც შემომეწერა, არ ვიცი, რამდენადაა ლექსი. უბრალოდ, ჩემი განცდები ამოვთქვი და სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე ავტვირთე.

4 დეკემბერი, ორშაბათი

11 საათისთვის უკვე ოფისში ვარ. თანამშრომლები მელოდებიან. თბილისიდან კვირას ჩამოვედი. 29 ნოემბერს კატო მიქელაძის პრემიით დამაჯილდოეს. ნომინანტების უმეტესობა ჩემი ნაცნობები იყვნენ, მეამაყებოდა მათ შორის ყოფნა, ყველა ღირსეულია. უცნაური განცდაა, როცა 15 საუკეთესო ქალ უფლებადამცველში ამოგარჩევენ. ძალიან ვღელავდი. სიტყვაც კი მქონდა მომზადებული, მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა და იმ წამს მხოლოდ ის გამახსენდა, როგორი ვიყავი 13-14 წლის ასაკში და როგორი ვარ დღეს, როგორ შევიცვალე, რამდენი რამ ვისწავლე. ვფიქრობდი მშობლებზე, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა, თბილისში მესწავლა, მეუღლეზე, ვიტოზე, რომელიც ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა, მარინა თაბუკაშვილზე, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო სამოქალაქო აქტივიზმის დასაწყისში... სოციალური ქსელით უამრავი მოლოცვა მივიღე, მაგრამ ჩემი თანამშრომლების მოლოცვამ, რომელთა დიდი წვლილიცაა ჩემს წარმატებაში, ყველაზე მეტად ამაღელვა.

შენობის ერთ ფლიგელში შუქი გაითიშა, რაღაც დაზიანებაა, ხვალისთვის ხელოსანს მოვიყვანთ.

შევაფასეთ ნოემბრის თვეში გაწეული სამუშაოები. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ქალთა ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალები არ ერიდებოდნენ ტაბუდადებულ თემებზე ლაპარაკს. შვილებთან ერთად მოდიოდნენ სემინარებზე. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოხატეს გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან მშობლების კომუნიკაციის პრობლემებისადმი. ჩვენი ტრენერი, ესმა იმერლიშვილი, ისე უხსნიდა ქალებს სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომ ის შიში, რაც თემის უხერხულობასთან დაკავშირებით გვქონდა, სრულიად გაქრა. იდენტობა, ორიენტაცია, სექსუალობა − ამ საკითხებზე ქალებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ. იმის ილუზია არა გვაქვს, რომ მათი დამოკიდებულება ერთი სემინარის შემდეგ მკვეთრად შეიცვლება (თუმცა ასეც მომხდარა ხოლმე), მაგრამ მათ სახლებში გაჰყვებათ ფიქრები, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ისაუბრებენ იმაზე, რაც მოისმინეს და ასე, ნელ-ნელა შეიცვლება დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ვფიქრობთ, ეს პროგრამა გავაგრძელოთ.

დავიწყეთ დეკემბრის თვის დაგეგმვა, ვგეგმავთ შეხვედრებს თემის საინიციატივო ჯგუფის წევრ გოგონებთან, თითოეულ თემში უნდა გამოვყოთ მთავარი პრიორიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები ჩავატარეთ, მაინც უნდა შევჯერდეთ, რა საკითხებს დააყენებენ სოფლის ქალები თვითმმართველობაში შეხვედრებისას. დრო ცოტა გვაქვს: 25 დეკემბერს ოფიციალურად იწყება ბიუჯეტის განხილვა და თვის ბოლომდეის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გავინაწილეთ სამუშაო, ამასობაში შემოგვაღამდა კიდეც. გადაუღებლად წვიმს, მეუღლემ მომაკითხა. სახლში მისულს აღარც კი მახსოვდა, რომ მთელი დღის მშიერი ვიყავი. დათომ, ჩემმა მაზლმა, ფეიხოიას ცხელი კომპოტი დამახვედრა. ჩემს საყვარელ შავ კატას, მატისს, სულ ფეხებში რომ მედება, მორჩენილი ძეხვის ნაჭერი დავუგდე. დღის ბოლოს მახსენდება ჩემი შვილები. ქრისტინა თბილისში, ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, ფსიქოლოგობას აპირებს, გიომაც ჩააბარა ინგლისურ ფილოლოგიაზე, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ მიხვდა, რომ არჩევანი არასწორად გააკეთა და თავი დაანება. ჯერ არ იცის, რა უნდა. არც მე ვაჩქარებ, თავად გადაწყვიტოს. ახლა სოფელშია.

8 საათზე მირეკავს მეზობლის გოგონა, ხვალ დილით, 11-ის ნახევარზე, ოფისში უნდა მოვიდეს. 18 წლისაა და უკვე ორწლინახევრის შვილი ჰყავს, სკოლაც ვერ დაამთავრა. ძალიან უნდა მუშაობის დაწყება და კომპიუტერულ პროგრამებს ვასწავლი. გაკვეთილების დროს ბევრს ვსაუბრობთ გოგონებისა და ქალების უფლებებზე.

5 დეკემბერი, სამშაბათი

დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. არ მიყვარს კი არა, უბრალოდ, ვერ ვიღვიძებ. ამიტომ სამსახურს 11-ის ნახევარზე ვიწყებთ. შესაბამისად, დილით დიდი გამოწვევის წინაშე ვდგები ხოლმე: უნდა მოვასწრო მოწესრიგება, ჭამა (ან, სულ ცოტა, ყავის დალევა), სადილისთვის ხელის წაკვრა. გუშინ თათბირზე შევთანხმდით, რომ ბევრი საქმის გამო ნახევარი საათით ადრე მოვსულიყავით სამსახურში, მე კი ათი წუთით მაინც დამაგვიანდა. ჩემი მეზობლის გოგოც მოვიდა. მახსოვს, სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. ერთხელ ვიქტორინა მოვაწყვეთ და ინგლისურის ცოდნაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რის გამოც ინგლისურის ლექსიკონით დავაჯილდოვეთ. გოგონა ადრეულ ასაკში, 15 წლის დაქორწინდა. დედა თბილისში მუშაობდა, ბავშვი ბებიასთან იზრდებოდა. ხელმოკლე ოჯახში პატარა გოგოს თავისი კუთხეც არ ჰქონდა. ერთი წლით უფროს ბიჭთან ვხედავდი ხოლმე. დიდი ხანიც არ გაგრძელებულა მათი შეხვედრები და გოგონა გათხოვდა − „ნებით“, თუმცა ნება სად აქვთ 15 წლის გოგონებს?! შემრცხვა, რომ ვერ მოვახერხე მისი დაცვა, მე ხომ ვიცი, რომ გოგონებისთვის ადრეული ქორწინება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. გოგონას, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას, სწავლას, პროფესიის მიღებას, უწევს ბავშვის გაზრდა, ღამეების თენება, ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა. მინდა დავეხმარო, რომ ადრეულ ასაკში დაწყებულ ქალობასგაუმკლავდეს, გაძლიერდეს, შეიძინოს პროფესია, დაიწყოს მუშაობა. მგონი, გამომივა.

ამას წინათ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის სემინარზე მოსული ორი არასრულწლოვანი გოგონა დავინახე. ვიფიქრე, მშობლებმა მოიყვანეს-მეთქი. ერთი 18 წლისა იყო, თურმე ორი წლის შვილი ჰყავდა და მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მეორეს კი, 17 წლისას, ასევე ორი წლის ბავშვი ჰყავდა. რომ არ ეთქვათ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ უკვე დედები იყვნენ. ძნელია ამ დროს ამ ბავშვებს ესაუბრო ადრეული ქორწინების სირთულეებზე, რადგან ისინი უკვე დაქორწინებულები არიან. გოგონები თავად ჰყვებოდნენ, როგორი მოლოდინი ჰქონდათ, სანამ დაქორწინდებოდნენ და სინამდვილეში რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდნენ.

როგორ მეგონა, რომ დაპირებული ხელოსანი დილით ოფისშიმოვიდოდა! ვერ გავითვალისწინე, რომ ხელოსნის დაპირება მხოლოდ დაპირებაა. მათ არ აქვთ დროის შეგრძნება, არც მათს სიტყვას აქვს დიდი ფასი. ისევ უშუქოდ ვართ. ვიტოს მოჰყავს სხვა ხელოსანი, რომელმაც გვითხრა, რომ ორი ოთახის გაყვანილობა თავიდანაა გასაკეთებელი. შენობის მეორე ფლიგელში, ერთ პატარა ოთახში ვართ შეყუჟული, რადგან აქ შუქია და თბილა. სანამ ელექტროგაყვანილობის პრობლემას მოვაგვარებთ, ამ პატარა ოთახში მუშაობა მოგვიწევს.

საქმე ბევრი გვაქვს, მთელი ათი წლის საქმიანობის სანგარიშო პუბლიკაცია უნდა გამოვცეთ და უკვე ექვსი თვეა, ვმუშაობთ. მე და ამანდა (ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე) ამ პუბლიკაციაზე ერთად ვმუშაობთ. ამანდამ უკვე ქართულიც კარგად ისწავლა. როცა პირველად გავიცანი ბორჯომში, ცოტა შევშინდი − არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა სოფელი შავკანიანს, მეშინოდა, გული არ ატკინოს ვინმემ-მეთქი, მაგრამ დღეს ამანდას კარგად იცნობს თემი, ყველას უყვარს. მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, მეორე წელია, ჩვენთანაა.

ოზურგეთს ახალარჩეული მერი ჰყავს, რომელიც ცდილობს, მისი გადაწყვეტილებები ერთპიროვნული არ იყოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შვიდივე თემში გვექნება შედეგები. ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების ადვოკატირებისთვის სულ ორთვენახევარი გვრჩება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დაფინანსებით პროექტს პირველად ვახორციელებთ, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის. საშინელი წვიმაა, თან ქარი, ოფისში კი თბილა და სამუშაო კომფორტია, სახლში წასვლაც არ მინდა. ვიქტორმა თანამშრომლები სახლებში დაარიგა, ასეთ ამინდში ფეხით ვერ გავუშვებდით.

უკვე სახლში ვარ, რუტინულ საქმეს ვაკეთებ მექანიკურად. გონებაში ხან ერთი ამბავი მიტრიალებს, ხანაც − მეორე. მინდა, სახლში მაინც დავისვენო, ისე, რომ სამსახური არ მეფიქრებოდეს, მაგრამ ვერ ვახერხებ. ზამთარში ადრე ღამდება, ერთი ოთახი თბება შეშის ღუმლით, სადაც ოთხი ადამიანი ერთად ვცხოვრობთ. ვიცი, უკვე დაღლილს, წიგნით ხელში უფრო ადრე ჩამეძინება, ამიტომ ვხსნი კომპიუტერს და დღიურის წერას ვუბრუნდები.

ძალიან შემიყვარდა სოფელი. ქალაქში ვარ გაზრდილი, სოფელში მარტო დასასვენებლად თუ ჩავიდოდით ბავშვობაში. მაგრამ დღეს ქალაქის ტემპი, ქალაქის ფერი და ბუღი ჩემთვის აუტანელია, აღარ მომწონს. თბილისში ხშირად მიწევს ჩამოსვლა, ვცდილობ, სახლიდან მხოლოდ საქმისთვის გავიდე და მერე სასწრაფოდ უკან ვბრუნდები, მეცხრე სართულზე ავდივარ, სახლში სითბოა, თუმცა ვერც ამ სითბოს ვეგუები. ფანჯარას ვაღებ, თავს ვიტყუებ, რომ სუფთა ჰაერი შემოვა, სუფთა და ჯანსაღი ჰაერი დღეს სოფლის ფუფუნებაა და იმდენად მივეჩვიე სოფელში ცხოვრებას, რომ აქ ჩამოსვლა აღარ მიხარია. ამიტომაც ვცდილობ, სოფელში ცხოვრება საინტერესო გავხადო ქალებისთვის. მაგრამ დროდადრო იმდენად დიდი უიმედობა მიპყრობს, რომ საერთოდ ვკარგავ ყველაფრის ხალისს. სოფლის ქალებს რცხვენიათ, ვინმემ არ გააქილიკოს მათი აქტიურობა. ვცდილობ დავარწმუნო, რომ ყურადღება არავის მიაქციონ და რომ, თუკი თვითგანვითარებას მოკიდებენ ხელს, მათი ცხოვრება სულ უფრო საინტერესო გახდება. ვეუბნები, რომ ასე უფრო მალე დააღწევენ თავს სიღარიბესა და სიდუხჭირეს.

6 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს სოფელ ძიმითში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გვაქვს. ძიმითში ჩვენი ყველა შეხვედრა ახალგარემონტებულ კლუბში ტარდებოდა, მაგრამ ახლა იქ ძალიან ცივა და შეხვედრა ბიბლიოთეკაში გადავიტანეთ. კლუბს, რომლის გარემონტებაც 500 ათასი ლარი დაუჯდა ბიუჯეტს, ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს. წყალი არ მოდის, ტუალეტის კარიც საგულდაგულოდ არის დაკეტილი. საწყენია, როცა ამდენი თანხა იხარჯება და ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურის გამართვა.

სოფელში მოსაღამოვდება თუ არა, სიცოცხლე კვდება, ყველა სახლებში იყუჟება და ხალხი სუსხიანი გრძელი ღამეებისა და მდარე სერიალების ამარა რჩება, რომლებიც გაჯერებულია მძიმე ძალადობის სცენებით.

ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე სოფელ ძიმითის სკოლაში მშობელთა კრება ტარდება. კრება თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამო მოიწვიეს. მოზარდებში გავრცელებული ბულინგი სწორედ ოჯახში ძალადობიდან იღებს სათავეს. ბულინგთან ბრძოლაში განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება სკოლასა და ოჯახს. ხშირად პედაგოგები ახალისებენ ხოლმე ამ ჩაგვრას, როცა ბავშვს დასცინიან. ამ ქცევას მოსწავლეებიც იმეორებენ და არავინ ფიქრობს, რას განიცდის ამ დროს ბავშვი. ვინ იცის, რამდენი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ბულინგმა, რომელიც ვერავინ შეამჩნია, ან შეამჩნია და საგანგაშოდ არ მიიჩნია! ორი შემთხვევა მახსენდება, როცა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორი იყო სამართალდამცველების რეაქცია? რა გააკეთა განათლების სამინისტრომ? ამის შესახებ არც არაფერი გაგვიგია. ცრემლის შეშრობისთანავე გვავიწყდება ტრაგედია − შემდეგ ტრაგედიამდე. და ასე გრძელდება უკვე წლებია. მაია ცირამუას წერილი: „როგორ ამოვიცნოთ ბულინგი“ ოზურგეთის სკოლების ფეისბუკის გვერდზე გავაზიარე. გვინდა, 14 დეკემბერს ჩავატაროთ მასშტაბური ღონისძიება ოზურგეთის ქუჩებში, სადაც დავგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. თბილისიდან დაბრუნებისთანავე დავიწყებთ მზადებას. რას ვაკეთებთ, ჯერ საიდუმლოა.

ძიმითში ვართ. მშობელთა კრებიდან ქალებმა ჩვენს შეხვედრაზე გადმოინაცვლეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკას, სადაც ნესტის სუნი დგას, 300-მდე მკითხველი ჰყავს, ძირითადად სულ ახალ წიგნებზეა მოთხოვნა. წიგნები სახლში მიაქვთ. აბა, ახალგაზრდებს ამ სივრცეში რა მიიზიდავს?! ხელისუფლების წევრებმა ხომ კარგად იციან, რა სჭირდება მათს შვილებს? მაშ სხვისი შვილების მიმართ ასე გულგრილები რატომ არიან ?

ჩვენს შეხვედრას სოფლის გამგებელი და მისი მოადგილე ესწრებიან. გამგებელმა ისაუბრა სოფლის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე. შარშან წყლის მილები შეუძენიათ სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლის მოსახლეობა არ გამოვიდა სამუშაოდ, ეს მილები ისევ ისე ყრია გზებზე. დღეს შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის ქალებმა გადაწყვიტეს, თავად აიღონ ხელში ბარი, თოხი და წერაქვი და თავად ჩაყარონ მილები თხრილებში. ამ გზით მათ უნდათ თავიანთ თემში მცხოვრებ მამაკაცებს დაანახვონ, რომ მათზე მეტად შესტკივათ გული სოფელზე. იქნებ ამ ხერხით მაინც დაანამუსონ კაცები?

დისკუსიაში დრო მალე გაგვეპარა, უკვე შვიდი საათია, დაღამდა. მცირე ვახშმის შემდეგ დავიშალეთ. წვიმს. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის გოგოებს შინ მისასვლელად სოფლის ტალახიანი, ბნელი გზების გავლა მოუწევთ.

7 დეკემბერი, ხუთშაბათი

10 საათზე სამსახურში ვარ. დღეს და ხვალ ჩემი თანამშრომლები, ნონა და მაია, ტრენინგზე არიან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მე და ამანდა ოფისში მარტო ვართ. დილიდან ვწერ ნოემბრის თვის ნარატიულ ანგარიშს პროექტისთვის „ქალების ხმა თვითმმართველობაში“. შვიდი თემიდან ოთხში ქალთა ისეთი ჯგუფები შევქმენით, რომ, დარწმუნებული ვარ, პროექტი შედეგიანი იქნება. ერთი ძალიან საჭირო ტრენინგი ჩავუტარეთ სოფლის ქალებს: „ქალთა გაძლიერება საჯარო გამოსვლებისთვის.“ ადგილობრივი ტელევიზიის ტოკშოუში, რომელიც ამ ტრენინგის შემდეგ გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალები ისე თავისუფლად და ლაღად საუბრობდნენ, რომ იფიქრებდი, კამერასთან ერთად გაიზარდნენო.

შარშან ჩვენ მიერ განხორციელებული საბავშვო ბაღის ადვოკატირების პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა. სოფელ ნასაკირალში ბაღი შენდება და ძალიან გვსიამოვნებს, როცა წარმატებულად და შედეგიანად დასრულებული პროექტის მაგალითზე ვახერხებთ ქალების დარწმუნებას, რომ მუშაობასა და აქტიურობას შედეგი მოაქვს.

პროექტში ჩართული გვყავს შშმ პირი, ეტლით მოსარგებლე გოგონა, თამუნა. ის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა, დაგვყვებოდა სოფლებში და წინასარჩევნოდ მერობის კანდიდატებთან შეხვედრებისას ჰყვებოდა შშმ პირების საჭიროებებზე. თავისი ეტლი, რომლითაც ვერ სარგებლობს მისი სიდიდის გამო, თამუნამ ნარუჯაში მცხოვრებ შშმ პირს აჩუქა. ცუდია, როცა შშმ პირებს წლობით უწევთ რიგში დგომა იმისთვის, რომ გადაადგილება შეძლონ. დისკრიმინაციაა, როცა ქალაქის მცხოვრებთ აქვთ საშუალება, ჰქონდეთ შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რეგიონებში კი ეს საკითხი ჯერაც გადაუჭრელია. პრობლემად ასახელებენ მუნიციპალიტეტის მწირ ბიუჯეტს. ამავე პროექტის ფარგლებში გვინდა საკრებულოს სხდომაზე დავაყენოთ ეს საკითხი.

როცა მუშაობა დავიწყეთ, მხოლოდ ხუთ სოფელში გვყავდა საინიციატივო ჯგუფები, ახლა თექვსმეტ თემში გვყავს. გენდერული ძალადობის დასაძლევად მთელს რეგიონში ვმუშაობთ, ოჯახში ძალადობის საქმეებზე გვიკავშირდებიან ქობულეთის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდანაც. იქ, სადაც ოფისი გვაქვს, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უკვე შემცირდა, ამას შეურიგებელი დამოკიდებულებით მივაღწიეთ. თითოეულ საქმეს ბოლომდე მივდევთ. ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, თუმცა, პოლიციაში აშკარად გასატარებელია საკადრო რეფორმა. სოციალურ სააგენტოს არ ჰყოფნის არც ფინანსური, არც ადამიანური რესურსი საიმისოდ, რომ მონიტორინგი გაუწიოს საფრთხის ქვეშ მყოფ ოჯახებს. ამაზე ხშირად ვსაუბრობ სხვადასხვა შეხვედრაზე. ოჯახში ძალადობის მძიმე შემთხვევების დროსაც კი სოციალური სააგენტო ქალებს ოჯახის შენარჩუნებას სთავაზობს, რაც ამ ქალების სიცოცხლისთვის და მათი შვილების უსაფრთხოებისთვის სახიფათოა. არ ხდება ოჯახების შეფასება და საფრთხის განსაზღვრა.

8 დეკემბერი, პარასკევი

ისევ გადაუღებლად წვიმს. ხვალ დილით ადრე მივდივარ თბილისში, კვირას უკან ვბრუნდები. გეგმა ისევ იცვლება. 12 დეკემბერს პროექტის კოორდინატორი ჩაატარებს შეხვედრას ლაითურში, მე კი მივდივარ შეხვედრაზე ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ. ვაპირებთ, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით ოზურგეთში შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან იმ უწყების წარმომადგენლები, ვისი ვალდებულებაცაა რეაგირება. ერთი მოსამზადებელი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, მოწვეული გვყავდა პოლიციის განყოფილების უფროსი, სოციალური სააგენტოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, გამგეობისა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები, სახალხო დამცველის აპარატის ოზურგეთის წარმომადგენელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის წარმომადგენელი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიმართულებასაც წარმოადგენს ოჯახში ძალადობაზე რეაგირება. ამ საბჭოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად, კოორდინაციის არარსებობის გამო, ბენეფიციარები ვერ სარგებლობენ სამსახურებით. ყველა უწყება წამოვიდა თანამშრომლობაზე პოლიციის გარდა, აქ სწორედ ისაა ყველაზე სუსტი რგოლი. პოლიციელები ხშირად მსხვერპლს არ აცნობენ საკუთარ უფლებებს. საქმეს კონფლიქტის კვალიფიკაცია ენიჭება და მსვლელობა აღარ ეძლევა. სწორედ ამიტომ არის გურიის რეგიონი ყველაზე დაბალ ნიშნულზე ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკაში. ჩვენ ძალადობის თითოეულ საქმეზე გვიწევს გენერალური ინსპექციის ჩარევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ხოლმე ნორმალურად გამოძიებას.

დილით ადრე უნდა გავიდე, რიკოთზე თოვლიაო. იმედია, მშვიდობით ჩავაღწევ თბილისამდე.

მინდა, სოფელი წელში იყოს გამართული, გული მიკვდება, როცა ვხედავ ოჯახებს, რომელთა ძირითადი შემოსავალი ოჯახის ხანდაზმული წევრის პენსიაა. მინდა, ახალგაზრდებს საინტერესო გარემო ჰქონდეთ, ქალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და სურვილი, ოჯახის საქმის გარდა, საზოგადოებრივი საქმითაც დაკავდნენ; მინდა, ერთ დღეს ჩემს ორგანიზაციას დაეკარგოს ფუნქცია და ადამიანების დაცვა აღარ იყოს საჭირო; მინდა მოძალადეებისთვის ყველა სივრცეში, სოფლად თუ ქალაქად, შეიქმნას სირცხვილის გარემო... ძალიან ბევრი რამ მინდა და მეყოფა კი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ამ ბევრი „მინდას“ შესასრულებლად? მაგრამ, თუ ბევრს გვენდომება და ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიკისრებთ, ალბათ, მალე გვექნება უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრება.

9 დეკემბერი, შაბათი

დილით ადრე ვდგები, რიკოთზე თოვლია და მეშინია, სადმე არ გავიჭედოთ. ლეპტოპს ვტენი, რომ ჩემი დღიურის ბოლო დღის ამბები ჩავწერო.

რა პერსპექტივა გვაქვს, რის შეცვლას შევძლებთ?

XS
SM
MD
LG