Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აფხაზეთში - ლენტის გაჭრის მიღმა დამალული სტრატეგია


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ორ დღეს გაგრძელდება - 18 და19 აპრილს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, 19 აპრილს კი სოხუმში სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება“. მარია ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობის ძირითად საკითხებს განიხილავენ, შეეხებიან ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს. სერგეი ლავროვი აფხაზეთში ვიზიტით ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა.

გადმოწერა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ჯერ რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრება, ვიზიტის მეორე დღეს კი დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, შეხვდება და მასთან მოლაპარაკებას გამართავს. საქართველოში ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ შეფასდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას“.

ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და საქართველოს გვერდით იქნება ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კონფლიქტის დარეგულირებაზე, რასაც ხელს არ უწყობს ასეთი ვიზიტები...
მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. 18 აპრილს ლავროვის ვიზიტს სოხუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კი პირველი არ არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2008-ში, 2009 და 2011 წლებშიც იყო ასეთი ვიზიტები. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და საქართველოს გვერდით იქნება ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კონფლიქტის დარეგულირებაზე, რასაც ხელს არ უწყობს ასეთი ვიზიტები“.

„მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი და გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია 2008 წლიდან ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე“ - ეს შეფასება კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, ეკუთვნის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ეს არის ღია ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება:

„რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის, და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ აფხაზური საზოგადოების პოზიცია - მათი ნაწილი კარგად აცნობიერებს, რომ მსგავსი ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ექსკლუზიური გავლენის გაძლიერება საქართველოს ორ რეგიონზე და, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის აფხაზებისა და ოსების თვითმყოფადობას“.

ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზური საზოგადოება არჩევანს გააკეთებს რუსიფიკაციის ღია პოლიტიკასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მშვიდობიანი მომავლის პოლიტიკას შორის. ამ უკანასკნელის შანსს, ამბობს ციხელაშვილი, მათ აძლევს ის შერიგების პოლიტიკა და ევროპული პერსპექტივა, რომელსაც საქართველო სთავაზობს მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ხალხს. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ლავროვის ამ ვიზიტს არავითარი კავშირი ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობასთან არა აქვს, ეს არის პირდაპირ ანექსიის მცდელობა.

რუსეთის "საელჩო" სოხუმში
რუსეთის "საელჩო" სოხუმში

სერგეი ლავროვის ვიზიტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ის აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.

„უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. სხვა შემთხვევაში ასეთი ქმედება წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
რუსეთის ფედერაციის მცდელობები, საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია, ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და, ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს“
, - წერია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტიც ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ რუსეთის საელჩოს გახსნაც ერთგვარი შედეგია საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკისა საგარეო არენაზე. ასე ფიქრობს საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი:

„ის პოლიტიკა, რომელსაც ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ეფექტიანი არ არის, სიტუაციაც ამიტომ უარესდება. მეტი რაღა უნდა მოხდეს? უკანონოდ ხსნიან რუსეთის საელჩოს აფხაზეთში, სახელი შეუცვალეს ცხინვალის რეგიონს და ა.შ. ამიტომ საჭიროა უკეთესად დაიგეგმოს ხელისუფლების ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე და მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის, საჭიროა საერთოდ რუსეთის წევრობის საკითხის დაყენება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ეუთო თუ სხვა, რადგან ის ყველა არსებულ საერთაშორისო პრინციპს არღვევს“.

ლევან გერაძე
ლევან გერაძე

სერგეი ლავროვის ამ ვიზიტით რუსეთი ამცნობს საქართველოს და დასავლეთსაც, რომ აფხაზეთი მისი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიაა, გვითხრა „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ. მისი აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის მთელი ორი დღით დარჩენა სხვა მიზანსაც უნდა ისახავდეს:

„მე რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიის სერიოზული სამხედრო კონტროლისა, შესაძლოა, შიდაპოლიტიკურ ვითარებას ასე მარტივად ვერ აკონტროლებენ და ეს ვიზიტიც დაკავშირებული იყოს იმ ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც აფხაზეთში მარტის თვის შემდეგ განვითარდა. ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციისთვის არცთუ ისე ადვილ და მისაღებ შედეგებს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე. შესაძლოა, ამითაც იყოს განპირობებული, რომ იქ მხოლოდ ვლადისლავ სურკოვის ვიზიტები და მხოლოდ მეორე კლასის სახელმწიფო მოხელეთა საინსპექციო-რევიზორული ჩასვლები ამ ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა საკმარისი იმ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც რუსეთს აქვს ამ რეგიონში“.

„სტრატეგიული პარტნიორობა“, ლევან გერაძის გაცხადებით, შესაძლოა ჰქონდეს ორ ჰომოგენურ, თანაზომად პარტნიორს, მაგრამ არა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს. ამ შემთხვევაში, გერაძის აზრით, ამ „სამუშაო ვიზიტს“ უფრო სხვა დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, ვიდრე სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობის გახსნაზე ლენტის გაჭრაა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG