Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსის დათვლის განახლებული სისტემა


საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ გარიგებებსაც გაითვალისწინებს. ადრე ის მხოლოდ კომერციული ბანკების გარიგებებს ითვალისწინებდა. რას შეცვლის ეს და როგორ გამოიანგარიშებს ეროვნული ბანკი ლარის კურსს?

ეროვნული ბანკი აქვეყნებს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ სავალუტო ბირჟაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გააქტიურდნენ, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი უფრო მეტ ვალუტას ყიდიან და ყიდულობენ. ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, დღეს ბირჟაზე ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და, სავარაუდოდ, მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება.

გადმოწერა

როგორც ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე განმარტავს, კარგია, რომ ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობას გაითვალისწინებს:

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქამდე, როგორც ბანკის კლიენტები, ბანკს აძლევდნენ დავალებას უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე და, შესაბამისად, მერე ამ წინადადებით ბანკი გამოდიოდა ბირჟაზე. ახლა მათ უშუალოდ მიეცათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში, ანუ კონკურენტული ბაზარი ამით კიდევ უფრო გაიზარდა“.

ეროვნული ბანკი გაცვლითი კურსის დადგენისას ითვალისწინებს ფინანსურ ოპერაციებს ორგანიზაცია „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში. სწორედ ამ სისტემაში ყიდიან და ყიდულობენ დიდი ბანკები და ორგანიზაციები ვალუტას. ამ ვალუტის ფასის მიხედვით კი, ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ლარი/დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს. ბლუმბერგის სისტემაში ჩართვა ყველას შეუძლია, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაიხადოთ. ამიტომაც, როგორც გოჩა თუთბერიძე ამბობს, ძირითადად აქ დიდი ორგანიზაციები ვაჭრობენ:

„ამიტომ ყოველთვის იყო ხოლმე სხვადასხვა მხრიდან ბრალდება, რომ ეს სისტემა დახურულია, რომ არ ვიცით, როგორ ყალიბდება კურსი და ა.შ., მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბრალდებები სწორია“.

გოჩა თუთბერიძე დასძენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვა ამ ეჭვების გაქარწყლებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძეც. მისი თქმით, რაც მეტი ორგანიზაცია ჩაერთვება ფინანსურ ვაჭრობაში, უკეთესია, თუმცა ეს ლარის კურსზე მნიშვნელოვნად არ აისახება. გიორგი კეპულაძე ამბობს, ერთია ოფიციალური სავაჭრო კურსი და მეორეა ვალუტის საბაზრო ფასი, რაზეც არამარტო დიდ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვთ გავლენაო.

„საბაზრო კურსი დგინდება არა მხოლოდ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სავალუტო ჯიხურების ჩართულობით და ა.შ., თუმცა სავალუტო ჯიხურს, რა თქმა უნდა, არ ექნება საშუალება ყოველწლიურად 24 ათასი დოლარი გადაიხადოს იმაში, რომ ბლუმბერგის ტერმინალით ივაჭროს“.

გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური კურსის დადგენისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ ოპერაციებს გაითვალისწინებს, მომავალი წლიდან ბანკის მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს გარდა კიდევ ორი ვალუტის, თურქული ლირისა და ბრიტანული ფუნტი სტერლინგის, კურსები განთავსდება.

XS
SM
MD
LG