Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის გაუფასურება გრძელდება


ლარის გაცვლითი კურსი
ლარის გაცვლითი კურსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტა ერთბაშად 3 პუნქტით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში 2, 52 თეთრს მიაღწია. 25 ოქტომბერს ლარის გაცვლითი კურსი კიდევ ერთი თეთრით გაიზარდა. რამ გამოიწვია ლარის ასეთი მკვეთრი რყევა და რა არგუმენტებით უპირისპირდება ეროვნული ბანკი მოსახლეობის, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკას?

ლარის გაუფასურება გრძელდება
please wait

No media source currently available

0:00 0:05:21 0:00
გადმოწერა

ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებზე საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები, კომენტარს არ გააკეთებს, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიასა და, შესაბამისად, ლარის გაუფასურების მიზეზების განმარტებით დაინტერესებულ საზოგადოებას. თუმცა ამ ზოგადი განმარტების მიღმა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მიმართულებით:

“დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი, ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართა, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ გავრცელებული იყო ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც არ არის მართალი. ეროვნულ ბანკს არანაირი ინტერვენცია ზაფხულის შემდეგ არ ჩაუტარებია და ყველა ეს ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო შესყიდვა და წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისაგან“.

კობა გვენეტაძემ აქვე დააზუსტა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა. ლარის თუნდაც მოკლევადიანი რყევის ეფექტი და სამომხმარებლო ფასებზე მისი მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედება კი უკვე გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი:

“ჩვენს ცხოვრებაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ პროდუქტების ფასმაც აიწია თითქმის და სად მივექანებით, არ ვიცით“;

“ორი დღის განმავლობაში რომ გაივლი, დოლარს სხვა კურსი აწერია, გამოივლი და უკვე სხვა აწერია და, მე მგონი, ცუდად აისახება ჩვენს დონეზე, ვინც ვცხოვრობთ, ყველაზე. მე ასე მგონია“, გვითხრეს ხათუნა წოწონავამ და ნარგიზ ყვავილაშვილმა.

ჩვენ მიმდინარე წლის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, ანუ ტურიზმიდან გაზრდილია შემოსავლები, ექსპორტია 28 პროცენტით გაზრდილი, ერთადერთი კლება გვაქვს უცხოური ინვესტიციების კუთხით და, ვთქვათ, მიმდინარე დეფიციტიც შეგვიმცირდა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც...
მერაბ ჯანიაშვილი

ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ლარის გაცვლითი კურსის 3-4 პუნქტით ცვლილება განსაკუთრებულად ყურადსაღები და მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობა ლარის მცირედ გაუფასურებასაც მტკივნეულად აღიქვამს, ეროვნული ბანკი ვალდებულია მას სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციაა, აუხსნას მოსახლეობას, რომ აქვს სამი მილიარდის რეზერვები და უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურობას. მოსახლეობის დასამშვიდებელი განცხადება ეროვნულ ბანკს 25 ოქტომბერს არ გაუკეთებია, მერაბ ჯანიაშვილი კი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს:

“ჩვენ მიმდინარე წლის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, ანუ ტურიზმიდან გაზრდილია შემოსავლები, ექსპორტია 28 პროცენტით გაზრდილი, ერთადერთი კლება გვაქვს უცხოური ინვესტიციების კუთხით და, ვთქვათ, მიმდინარე დეფიციტიც შეგვიმცირდა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც. ანუ რაღაც განსაკუთრებული წარმატება არ მიგვიღწევია ეკონომიკაში, მაგრამ, წინა წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. შესაბამისად, ამ გადასახედიდან რა ინფორმაციებიც დღეს ხელმისაწვდომია საჯაროდ, არ არის იმის მოლოდინი, რომ ლარის კურსი უნდა გაუფასურდეს“.

არსებული მაკროეკონომიკური სიტუაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დღეს ლარი გაუფასურებულიყო, აღნიშნავს, თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე, რომელიც იმ სავარაუდო მიზეზებს ჩამოთვლის, რომლებმაც ამ დღეებში გამოიწვია ლარის გაუფასურება:

“ეს დღევანდელი გაუფასურება შესაძლოა დაკავშირებული იყოს რაიმე კონკრეტულ მსხვილ ტრანზაქციებთან, რომელიც შეიძლება იყოს რაიმე კომერციული ბანკის ან რომელიმე კომერციული სუბიექტის მომსახურების ნაწილი. და ამას შესაძლოა გამოეწვია მოკლევადიან პერიოდში სწრაფი გაუფასურება, რაც ჩვენ წინა წლებშიც და წინა თვეებშიც გვქონდა ამის არაერთი მაგალითი. ანუ არც ბიუჯეტთან დაკავშირებული ხარჯები გვაქვს და არც სხვა ისეთი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო არჩევნებთან და რაღაც მსგავს ღონისძიებებთან კავშირში. მე ვვარაუდობ მხოლოდ, აი, ამ მსხვილ ტრანზაქციას“.

ლარის გაუფასურების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირზე კი მიმდინარე ორი დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ითქვა, რომ ბანკებმა არჩევნებში დახარჯული ფულის ამოღება დაიწყეს, რომ კურსის შენარჩუნების მიზნით ხელისუფლება არჩევნებამდე საბიუჯეტო სახსრებს ზოგავდა, არჩევნების შემდეგ კი ვითარება შეიცვალა და სხვ. შესაბამისად, ოპოზიცია ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კი, თავის მხრივ, ამ კონტექსტში ეროვნულ ბანკს ასახელებს:

“ეროვნული ბანკი, როგორც უწყება, არის პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ვალუტის მოკლე ვადაში ცვლილებებთან დაკავშირებით. აქ არ არის ლაპარაკი გრძელვადიან მცურავ კურსზე, რომელიც ეკონომიკამ უნდა განსაზღვროს. როდესაც მოკლე ვადაში ხდება ეს ცვლილებები, სწორედ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი როგორც მის შერბილებაზე, ასევე ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ის არის ერთადერთი უწყება, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“.

ეროვნულმა ბანკმა კი 25 ოქტომბერს დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსად 2,53 ლარი დაადგინა. ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა.

XS
SM
MD
LG