Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხში წინასაკონკურსო-საატესტაციო ციებ-ცხელებაა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კონკურსებისა და ატესტაციისთვის ემზადებიან. წინასწარი ინფორმაციით, ატესტაციას 165 საჯარო მოხელე გაივლის, ხოლო 45 პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდება. რა იციან საჯარო მოხელეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ პროცესის შესახებ?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის დებულება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა ატესტაცია უნდა გაიარონ, ხოლო ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია ხელმძღვანელობს. კონკურსები გამოცხადდება იმ პოზიციებზე, რომელთა ხელმძღვანელები ამჟამად მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან. რიგით ადამიანებთან ერთად კონკურსში მონაწილეობის მიღება მოვალეობის შემსრულებლებსაც შეეძლებათ.

„ფორმა მსგავსია ატესტაციისა და კონკურსისაც. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები გაივლიან ტესტირებას, თუმცა კონკურსის შემთხვევაში წინ უსწრებს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არის, მაგალითად, შესაბამისი უმაღლესი განათლება, მუშაობის სტაჟი ზოგიერთ პოზიციაზე და ასე შემდეგ“, ამბობს გიორგი ბოკერია.

წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხში 165 საჯარო მოხელე გაივლის ატესტაციას, ხოლო 45 პოზიციაზე გამოცხადდება ვაკანსია. არ გამორიცხავენ, რომ თანამდებობათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ეს კანონში ცვლილების შეტანაზეა დამოკიდებული. პარლამენტი მუშაობს კანონზე, რომლის მიხედვითაც სოფლებში გამგებლის წარმომადგენელთა აპარატებში საშტატო ერთეულთა ოდენობა უნდა გაიზარდოს. ლაგოდეხის გამგეობაში მომუშავე საჯარო მოხელეები ატესტაციისთვის უკვე ემზადებიან, თუმცა მათ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ:

„ვიცით, რომ უნდა ჩატარდეს და შეძლებისდაგვარად ვემზადებით, სხვას ვერაფერს გეტყვით. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რაც კანონში დევს. ორი კვირით ადრე გვეტყვიან“, ამბობს საჯარო მოხელე ქეთევან წერეთელი.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელშეკრულებით დროებით დასაქმებული ინგა ნოზაძე. მან რამდენიმე კვირის წინ თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ უნდა დაგეგმილ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და თანამდებობა ამ ფორმით დაიკავოს:

„მე იურიდიულ საკითხთა კომისიაში ვიყავი ექსპერტ-კონსულტანტი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცნობილია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუნიციპალიტეტი ემზადება კონკურსების გამოცხადებისთვის. მე ასე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მოვემზადო უკეთესი სამსახურისთვის“.

ტესტირებისა და კონკურსის მიმდინარეობის პროცესზე კახეთის ყველა რაიონში დაკვირვებას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი. როგორც საიას იურისტმა მარეხ მგალობლიშვილმა განაცხადა, ისინი, უშუალოდ ტესტირებისა და კონკურსის პოცესის გარდა, გასაუბრების მომენტებსაც დაესწრებიან:

„ბუნებრივია, სადაც ხდება კონკურსანტის უნარ-ჩვევების შეფასება, სადაც ობიექტურობა ყველაზე მაღლა უნდა იყოს და მაღალი ხარისხით, ჩვენი თელავის ოფისი სწორედ იქ განახორციელებს მონიტორინგს“.

წინასწარი ინფორმაციით, ტესტირებაც და კონკურსიც ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება. ტესტებს, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ან განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი მოამზადებს. მანამდე პრედენდენტებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალებათ. კონკურსის მონაწლეებს 5 საკანონმდებლო ნორმის ცოდნა მოეთხოვებათ, ტესტები კი 60 შეკითხვისგან იქნება შედგენილი. კონკურსიც და ატესტაციაც მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG