Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ძველი და ახალი თვითმმართველობა ლაგოდეხში


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

14 ივლისს ლაგოდეხში ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. ახალი გამგებელიც მუშაობას ამ დღიდან დაიწყებს. დღის წესრიგი უკვე გაწერილია. იმის გამო, რომ პირველ სხდომას საკრებულოს ძველი და ახალი შემადგენლობა უნდა დაესწროს, - ჯამში, 60-მდე დეპუტატი, - სხდომა გამგეობის დარბაზში ჩატარდება, რადგან საკრებულოს დარბაზი მცირეა.

მანადე კი, ვიდრე ახალი საკრებულო შეიკრიბება, ჩვენ წინა მოწვევის საკრებულოსგან შეფასებები მოვისმინეთ: რა გააკეთეს, რის გაკეთება ვერ შეძლეს და რა არის მთავარი მიღწევები. გიორგი მესხიშვილი ლაგოდეხის საკრებულოში აპარატის ხელმძღვანელია. ის ამ თანამდებობაზე უკვე 8 წელია მუშაობს. მესხიშვილი ზოგადად იმ საქმეებზე გველაპარაკება, რაც საკრებულოს მეშვეობით შესრულდა. აპარატის უფროსი აქვე ამბობს, რომ ის საკუთარ თავს, გუნდთან ერთად, ახალი მოწვევის საკრებულოშიც ხედავს:

„პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ადამიანებს ადგებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სახლში ფული მიუტანო, მაგრამ ქუჩას რომ გაუკეთებ, სანიაღვრე არხს რომ მოაწესრიგებ, ეს ხომ მოსახლეობისთვის არის?! ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კმაყოფილია, თუმცა რაღაცით დაკმაყოფილებული არის“.

დავით ბაკაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მანამდეც ამ უწყებაში მუშაობდა, ოღონდ მოადგილის პოზიციაზე. ბაკაშვილი თანამდებობას ერთ კვირაში დატოვებს. კითხვაზე, თუ რა გაკეთდა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ძირითადად იმ პროექტებზე გვიამბობს, რომელიც საქართველოს ცენტრალური მთავრობის ინიციატივით განხორციელდა და რომლებზეც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯა:

„მე ვიტყოდი, რომ საკრებულომ ნაყოფიერი მუშაობა გასწია როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის. ჩვენი მუნიციპალიტეტი ძირითადად არის დოტაციური, ანუ თანხებს ვიღებთ სახელმწიფოსგან და როცა [მგფ] მუნიციპალური განვითარების პროგრამაა, ჩვენც ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას“.

როგორ მუშაობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლაგოდეხის გამგეობა? - შეფასება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ ტყემელაძეს ვთხოვეთ, თუმცა მან ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა, პირად საუბრებში კი თქვა, რომ გამგეობის მუშაობა საზოგადოების შესაფასებელია.

ხალხი კი, აი, რას ფიქრობს:

„ცოტა მიჭირს შეფასების გაკეთება“.

„გლეხი კაცი მუშაობს მიწაზე და ასე მივყვებით ცხოვრებას, რა შეფასება გავაკეთო?“

„არაფერი არ გაკეთებულა, რომელი დაპირება შეასრულეს? პურის ფული არ მაქვს, მაღაზიაში კი 200 ლარი ვალი მაქვს“.

„ლაგოდეხის დეპუტატს ვხედავ ძირითადად მანქანით, გადის და გამოდის ხოლმე“.

„გაზონები გაალამაზეს, ეგ არის, მე სხვას ვერაფერს ვხედავ“.

„მე მგონი, ყველაფერი დადებითად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ მომავალი ხელისუფლება უკეთესი იქნება“.

რა გეგმებით აპირებს მუშაობის დაწყებას ლაგოდეხის ახალი გამგებელი? - ამ შეკითხვით ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა ჯამბურიას მივმართეთ. ჯამბურია ამბობს, რომ, პირველ რიგში, საქმეებში გარკვევას შეეცდება, შემდეგ კი არჩევნებზე გაცემული დაპირებების შესრულებაზე იმუშავებს:

„ამ ეტაპზე გაცნობილი ვარ გამგეობის დებულებებს. ვიცი, ვინ არიან თანამშრომლები, მაგრამ ეს ყველაფერი ფურცელზე მაქვს ნანახი. მინდა, რომ თითოეული სამსახურის მუშაობა ადგილზე ვნახო. ისიც მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს. ჯერჯერობით უნდა გავეცნო ამ ყველაფერს“.

15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის 5 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა გაიმარჯვა, სამ რაიონში კი - თელავში, ახმეტასა და ყვარელში - არჩევნების განმეორებითი ტური დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ძალაში შედის თვითმმართველობის ახალი კოდექსი. კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ რეგიონებში პროცესები საინტერესოდ განვითარდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG