Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

5 დღე არჩევნებამდე და ურთიერთბრალდებები ლაგოდეხში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
პრეზიდენტის არჩევნებამდე დარჩენილი 5 დღე და წინასაარჩევნო გარემო ლაგოდეხში. ნინო ბურჯანაძის ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი მაია გივიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებასა და სახელმწიფო რესურსის გამოყენების ფაქტზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, სისტემატურად ხორციელდება ბურჯანაძის სარეკლამო ბანერებისა და პლაკატების დაზიანება:

„რაც ლაგოდეხში ხდება, ეს არის შეურაცხმყოფელი პარტიისთვის და თვითონ ბატონი ბიძინასთვის. მთელი გამგეობა იქ ზის ყოველდღე, დილიდან საღამომდე. მიბრძანდით საღამოთი, - ვითომ დაკეტილი რომ არის კარი, - თქვენი თვალით ნახეთ, იქ ვინ იმყოფებიან. ყველა იქ არის, ვინც ლაგოდეხში 2012 წლის არჩევნები გააყალბა და ვინც დიდი წვლილი შეიტანა სამარცხვინო საქციელში“.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი ალექსანდრე ბაინდურაშვილი. როგორც ბაინდურაშვილმა განაცხადა, წინასაარჩევო კამპანია მუნიციპალიტეტში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ ბურჯანაძის პარტიას დარღვევების შესახებ ინფორმაცია აქვს, მათ უნდა მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას:

„დააფიქსირონ, დარღვევა ერთი შემთხვევა თუ იქნება, დაგვიწესებენ კანონით განსაზღვრულ სანქციებს. სიმშვიდეა, რაც მთავარია. წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ყველას ახსოვს, როგორი ვნებათაღელვა იყო, ქუჩაში მანქანით არ გვატარებდნენ ისე, რომ 200 ლარიანი ჯარიმები არ დაეწერათ. დღეს ხედავთ, რომ სადმე ესეთი რამ ხდება?“

მაგალითად, არის დამუქრებები, რომ შე ნაციონალო, მოგიხსნი დახმარებასო. არის იგივე პლაკატების დაზიანების ფაქტები. ჩვენ არ ვიცით, რა ჯგუფი და ვინ მოქმედებს...
ვახტანგ დევიძე
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის საარჩევნო შტაბში ზეწოლის კონკრეულ ფაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას. ყოფილი მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ვახტანგ დევიძე აცხადებს, რომ არის მცდელობა, მათ მხარდამჭერებს, პოლიტიკური ნიშნით, სოციალური დახმარებები მოეხსნათ:

„მაგალითად, არის დამუქრებები, რომ შე ნაციონალო, მოგიხსნი დახმარებასო. არის იგივე პლაკატების დაზიანების ფაქტები. ჩვენ არ ვიცით, რა ჯგუფი და ვინ მოქმედებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არც ერთი პლაკატი არ ჩამოგვიხევია“.

საარჩევნო ბანერის დაზიანების, სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა და მხარდამჭერთა ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაციას არ ფლობს ლაგოდეხის # 15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილი:

„არც საჩივარი შემოსულა და არც ინფორმაცია, რომ რამე დარღვევა მოხდა ან პლაკატები ჩამოიხა. ჯერჯერობით ოლქში არ შემოსულა ჩვენთან ინფორმაცია“.

ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არის საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ეს კვლავ ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად დარჩა და დაფიქსირდა ჩვენს ანგარიშებში...
ნინო ხითარიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში კახეთის რეგიონში დაფიქსირებული შვიდი სამართალდარღვევის ფაქტი მოხვდა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ პროექტების ხელმძღვანელმა ნინო ხითარიშვილმა განაცხადა, კახეთში ადგილი ჰქონდა ადინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ზეწოლას, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და საჯარო მოხელეების მონაწილეობას საარჩევნი კამპანიაში:

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არის საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ეს კვლავ ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად დარჩა და დაფიქსირდა ჩვენს ანგარიშებში“.

ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ლაგოდეხში ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მათი თქმით, პროცესები, წინა წლებთან შედარებით, დემოკრატიულად ვითარდება:

„წინა ოქტომბერში დაძაბული იყო, ახლა ასე არ არის“.

„აღარავინ აღარ მაინტერესებს, ჩემთვის სულ ერთია, ყველამ გაგვაწბილა“.
„მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვერანაირ კამპანიას. ჩემთვის ასეა, სხვისთვის - არ ვიცი“.

2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებს 63 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG