Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გიორგი ბოკერია: „ის, რაც ლაგოდეხში ხდება, სკამებისთვის ბრძოლას ჰგავს“


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრაქცია მუშაობს. „ქართული ოცნების“ ორივე ფრაქციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი არიან პარტიის რეალური წარმომადგენლები. “ოცნების“ ფრაქციებში, ჯამში, 19 დეპუტატია. მათ შორის უფრო მრავალრიცხოვანია ის ფრაქცია, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სიით საკრებულოში მოხვედრილმა დეპუტატებმა შექმნეს. ამ უკანასკნელს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სიით საკრებულოში მოხვედრილი ნუგზარ კაკიაშვილი უდგას სათავეში. იგი ახლა პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.

„ჩვენ დავაფუძნეთ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მასში 13 დეპუტატია გაერთიანებული. ვართ უმრავლესობაში. ჩვენი ხელმძღვანელია პრემიერი. ჩვენ შევეცდებით ის პროგრამები მოვიყვანოთ სისრულეში, რასაც მთავრობა და პრემიერი გვპირდება“, - განაცხადა ნუგზარ კაკიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მეორე ფრაქციას ირაკლი ალასანიას პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ - ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ხელმძღვანელობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით საკრებულოში მოხვედრილი დეპუტატები ამ ფრაქციაშიც ირიცხებიან. გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ ისინი ფრაქციის გაფართოებას გეგმავენ:

„საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო და სწორედ ამ პოლიტიკის გამომხატველი ფრაქცია “ქართული ოცნება“ შევქმენით. ფრაქციის შემადგენლობაში არის 7 წევრი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ კიდევ გავფართოვდებით. კონსერვატორები გეგმავენ ჩვენთან გაწევრიანებას“.

“ქართულმა ოცნებამ“ იპოვა ეს ხალხი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს პატივცემული კადრები. როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისე პარტიის შეცვლით ადამიანები ვერ გამოიცვლებიან და ჩემი ყოფილი თანამოაზრეები იმავე საქმეს გააკეთებენ...
ვახტანგ დევიძე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს კიდევ ერთი ფრაქცია ატარებს. შესაბამისად, დეპუტატები ამ პარტიის ინტერესებს ემსახურებიან. ფრაქციის თავმჯდომარე ვახტანგ დევიძე ყოფილ თანამოაზრეებს აკრიტიკებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადასვლით ადამიანების გამოცვლა შეუძლებელია:

„“ქართულმა ოცნებამ“ იპოვა ეს ხალხი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს პატივცემული კადრები. როგორც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისე პარტიის შეცვლით ადამიანები ვერ გამოიცვლებიან და ჩემი ყოფილი თანამოაზრეები იმავე საქმეს გააკეთებენ, რასაც მანამდე აკეთებდნენ. მე არ დავიწყებ ახლა მათ განსჯას. შეფასებებს ამომრჩეველი გააკეთებს, რომლის წყალობითაც ისინი საკრებულოში მოხვდნენ“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ხალხი პრობლემების მოგვარებას ითხოვს - ასე გამოეხმაურა ორი ერთნაირი ფრაქციის შექმნას გიორგი ბოკერია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ბოკერია მიმდინარე პროცესებს სავარძლებისთვის ბრძოლას უწოდებს:

სკამების გადანაწილება არავის აინტერესებს. ერთი, რაც მინდა ვთქვა, ის არის, რომ ლაგოდეხს შველა უნდა...
„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მაპატიეთ და სკამებისთვის ბრძოლას უფრო ჰგავს, ვიდრე საქმისთვის და პრობლემისთვის ბრძოლას. ახლა რაც ხდება საკრებულოში, ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ხალხს აინტერესებს, როდის მოგვარდება მათი ყოველდღიური პრობლემები“.

როგორ აფასებენ რიგითი ლაგოდეხელები საკრებულოში მიმდინარე პროცესებს? გთავაზობთ მცირე გამოკითხვას:

„მედროვეებს ვერც ერთი ადამიანი ვერ იტანს. ამიტომ ჩემთვისაც მიუღებელია, რაც საკრებულოში ხდება“.

„სკამების გადანაწილება არავის აინტერესებს. ერთი, რაც მინდა ვთქვა, ის არის, რომ ლაგოდეხს შველა უნდა“.

პარტია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბში განაცხადეს, რომ ფრაქცია, რომელშიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ სიით საკრებულოში მოხვედრილი დეპუტატები გაერთიანდნენ, პარტიასთან შეუთანხმებლად შეიქმნა და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG