Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხში ურბანული დაგეგმარების პროექტი არ არსებობს


ლაგოდეხში ურბანული დაგეგმარების პროექტი არ არსებობს. როგორც მთავრობა, ასევე არასამთავრობო სექტორი თანხმდებიან, რომ ამის გამო ქალაქის ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკურ განვითარებას პრობლემები ექმნება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ურბანული დაგეგმარების პროექტის არარსებობის გამო ხშირად ერთი და იმავე პრობლემის მოგვარებაზე ორჯერ მეტი თანხა იხარჯება. ასოციაციის თანამშრომელს ლექსო ჭანკოტაძეს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ არის ქუჩები, სადაც ასფალტი დაიგო, მაგრამ არ არის მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა. რა თქმა უნდა, ეს ხელახლა გასაკეთებელი გახდება. ყველაფერი ეს გეგმაზომიერად რომ ხდებოდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. შესაბამისად, ისეთი ტიპის დასახლებისთვის, როგორიც ლაგოდეხია, ურბანული განვითარების გეგმა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს თუნდაც მშენებლობა და თუნდაც ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები“.

ქალაქის ურბანული დაგეგმარების მნიშვნელობაზე საუბრობს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი გოზალიშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ რიგი პრობლემების მოუგვარებლად ასეთი პროექტის მომზადება შეუძლებელია:

ეკონომიკის სამინისტროს მივაწოდე 19 დასახელების ობიექტი - მათ შორის, ტყე-პარკი, კლუბები და სხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტები. ვერ მოაბეს თავი, რომ რაიონის ბალანსზე გადმოეცათ. ამ ხუთშაბათს მივდივარ ეკონომიკის სამინისტროში და უნდა ვიჩხუბო ამის გამო...
გიორგი გოზალიშვილი
„აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ამჟამად არ არის. უნდა იყოს ლიცენზირებული და შესრულებულ სამუშაოზე მის მიერ გაცემული დოკუმენტი, სასურველია, რომ იყოს აღიარებული. ასე შესაძლებელია ნებისმიერ კერძო პირს შეუკვეთო და გააკეთოს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა“.

ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ურბანული გეგმის მომზადება ვერ ხერხდება. გიორგი გოზალიშვილი ეკონომიკის სამინისტროს საყვედურობს და ამბობს, რომ უკვე წლებია ლაგოდეხში 19 ობიექტის ქალაქისთვის გადმოცემას ითხოვს, მაგრამ სამინისტროსგან ვერანაირ პასუხს ვერ იღებს:

„ეკონომიკის სამინისტროს მივაწოდე 19 დასახელების ობიექტი - მათ შორის, ტყე-პარკი, კლუბები და სხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტები. ვერ მოაბეს თავი, რომ რაიონის ბალანსზე გადმოეცათ. ამ ხუთშაბათს მივდივარ ეკონომიკის სამინისტროში და უნდა ვიჩხუბო ამის გამო. ამდენი ხანი წერილი მაქვს გაგზავნილი და პასუხი არ არის. თუ ეს ობიექტები ჩვენ არ გადმოგვეცა, ვერავითარ დაგეგმარებაზე ვერ ვილაპარაკებთ.

ლაგოდეხელებს სურვილი აქვთ, რომ ქალაქის განვითარება წინასწარ გაწერილი გეგმით ხდებოდეს. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ გეგმის გარეშე გაკეთებული პროექტები სიცოცხლისუუნაროა:

„ქალაქის განაშენიანება ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ რაღაცები უნდა შეიცვალოს“.

„მშენებლობაც უნდა იყოს და პარკებიც, სკვერებიც, გასართობი ცენტრებიც, მოედნებიც. რაც მეტი გაკეთდება, უკეთესი იქნება“.

„ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია ქუჩების გალამაზება, გამწვანება, მოპირკეთება. იმ სტანდარტებს ლაგოდეხი ვერ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც შეიძლება მას ქალაქის ტიპის დასახლება ეწოდოს. დარეგულირებული უნდა იყოს, მათ შორის, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ის სხვა მაჩვენებლები, რაც ქალაქის ტიპის დასახლებისთვისაა აუცილებელი. ლაგოდეხს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აკლია იქამდე, რომ ქალაქი ერქვას“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება ქალაქის ურბანული დაგეგმარებით განვითარების მომხრეა, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ქვეყანას, ვიდრე ურბანული პროექტია.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG