Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პარტია „ქართული ოცნების“ ხმაურიანი დაფუძნება ლაგოდეხში


"ქართული ოცნების" დამფუძნებელი კრება ლაგოდეხში
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი კრება ლაგოდეხში
პარტია „ქართული ოცნება“ ლაგოდეხში ხმაურის ფონზე დაფუძნდა. „ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვეს. დელეგატის მანდატი მხოლოდ 132-მა ადამიანმა მოიპოვა. გარეთ დარჩენილებმა დამფუძნებელი კონფერენციის მუშაობა და მისი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. კოალიციის ყოფილი თავმჯდომარე ნუცა პაპავა უკმაყოფილებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრების იგნორირების გამო:

„ისევ გრძელდება ის, რაც დაიწყო ლუკა კურტანიძემ ლაგოდეხის რაიონში. ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ 2 კვირით წაიმუშავეს, არ იცოდნენ ხელისუფლებას, რეჟიმს როგორ და რანაირად უნდა შებრძოლებოდნენ. პრეტენზიები გაუჩნდათ, რომ თანამდებობებზე აღმოჩენილიყვნენ. ყოველივე ამის შემდეგ ისმის ბრალდებები იმათ მიმართ, ვინც იმუშავა, თავდაყირა იდგა მთელი კამპანიის პერიოდში, საკუთარი ოჯახის წევრები და მეგობრები დარტყმის და ზეწოლის საშიშროების წინაშე დააყენა. სწორედ ეს ადამიანები დღეს იგნორირებულნი არიან“.

დამფუძნებელი კონფერენცია დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. წევრები, რომლებსაც შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მიეცათ, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის დანარჩენ წევრებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ გაგა ღამბაშიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატია, მხოლოდ ის ხალხი შეკრიბა, რომელიც მის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა.
ელემენტარულად, არ ბრძანდებით ლაგოდეხელი. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია არ დაიკავოთ...
შალვა დარბაიძე

„იქ 100 კაცში სხედან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ვაპროტესტებ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის აბსოლუტური უმრავლესობა საქმის კურსში არ იყო, თუ რა კონფერენცია ტარდებოდა. მოძებნეს თავისი ხალხი, ვინც სრული გარანტიით დაუჭერდა მხარს მათ კანდიდატურებს. მოაგროვეს მხოლოდ ისინი, შეიკრიბნენ ჩუმად და ირჩევენ იმათ, ვინც თვითონ აწყობთ. პირველ რიგში, ეს გაგა ღამბაშიძეს ეხება, რომლის ინტერესსაც ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის სათავეში დაჯდომა წარმოადგენს“, ამბობს პროტესტის მონაწილე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი.

დელეგატის სტატუსის გარეშე დარჩენილები პარტია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე გაგა ღამბაშიძის დანიშვნას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მას უფლება არ აქვს ეს ადგილი დაიკავოს.

„ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვეს.
„ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვეს.
შალვა დარბაიძე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი: „ელემენტარულად, არ ბრძანდებით ლაგოდეხელი. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია არ დაიკავოთ“.

გაგა ღამბაშიძე, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: „მე ლაგოდეხელი ვარ. მამაჩემი აქ არის გაზრდილი და მეც ლაგოდეხელი ვარ“.

შალვა დარბაიძე: „კომუნისტური პარტია იკეტებოდა ასე, ჩურჩულებდნენ თავისთვის და ჩუმად გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები. ასე არიან ესენიც. ბოქლომი დაადეს კარებს და არ გვიშვებენ შიგნით“.
ჩემი კანდიდატურა არ წარადგინეს სწორად. ყველაფერი გაყიდულია ლაგოდეხში. ღალატობენ ბატონ ბიძინას ...
ნუცა პაპავა

პარტიული ორგანიზაციის დაფუძნებულად გამოცხადების შემდეგ გაგა ღამბაშიძემ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა.

122 დამსწრე დელეგატიდან მის თავმჯდომარედ არჩევას ხმა 118-მა მისცა. ბიუროს 5 კაციანი შემადგენლობით არჩევამ დარბაზში მყოფი მცირე ჯგუფის უკმაყოფილება გამოიწვია, კონფერენციის მსვლელობისა და გადაწყვეტილებების მიღების მიმართ პროტესტის ნიშნად კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნუცა პაპავამ, და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა დარბაზი დატოვეს.

„ჩემი კანდიდატურა არ წარადგინეს სწორად. ყველაფერი გაყიდულია ლაგოდეხში. ღალატობენ ბატონ ბიძინას, აქ ყველაფერი არის შეთითხნილი“, ამბობს მაია გივიშვილი, დელეგატი.

პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გაგა ღამბაშიძემ, კონფერენციის მუშაობით უკმაყოფილო დელეგატების მისამართით აღნიშნა, რომ მათ თავი გამოამჟღავნეს და ამით დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა ძალების მხრიდან იყვნენ მართულები:

„კონფერენციამ მშვიდ და კარგ ვითარებაში ჩაიარა. მე აქ გარკვეულ უკმაყოფილებებს ვხედავ, მაგრამ აბსოლუტურად დემოკრატიულად მათ შეეძლოთ არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი - ან ხმა მიეცათ, ან წინააღმდეგი წასულიყვნენ. ყველა პროცედურამ ჩაიარა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ“.

კახეთის რეგიონში ლაგოდეხი პირველი იყო, სადაც პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაფუძნდა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მისი დარეგისტრირება უახლოეს მომავალში მოხდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG