Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ევროპული გადაწყვეტილებები


გასული კვირა საქართველოსთვის მოვლენების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ბოლო ნაბიჯის მოლოდინი, კვლავაც ბურუსით მოცული ე.წ. ციანიდის საქმე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე და ამ გადაწყვეტილების აღსრულების მოულოდნელი და მყისიერი შეჩერება სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.

კვირის ევროპული გადაწყვეტილებები
please wait

No media source currently available

0:00 0:07:55 0:00
გადმოწერა

თუმცა, თუკი ამ მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვებით, გასული ორშაბათითა და 27 თებერვლით უნდა დავიწყოთ კვირის მიმოხილვა, რომელიც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამბავს უკავშირდება. 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ მიიღო მორიგი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ, უკვე 1 მარტს კი ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირის სტრუქტურების მიერ დამტკიცებულ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა. დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, რის შემდეგაც ის 21-ე დღეს შევა ძალაში. ანუ, წინასწარი გათვლით, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე 28 მარტიდან შეძლებენ.

1 მარტს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - მალტის - საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მიზანმიმართულ სვლას ევროპული ოჯახისკენ:

მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მართლაც და, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში, ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დიდი მხარდაჭერისთვის რეფორმების განხორციელების პროცესში. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გავრცელდება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანასა და ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი 2 ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

გასულ კვირაში კვლავაც ვნებათაღელვის საგნად დარჩა ე.წ. ციანიდის საქმე და დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, დაკითხვის პროცესი. 27 თებერვალს დაწყებული დაკითხვა, რომელმაც 8 საათს გასტანა, 28 თებერვალსაც უნდა განახლებულიყო, მაგრამ, დაცვის მხარის განმარტებით, დეკანოზი შეუძლოდ გახდა და დაკითხვის გაგრძელება ვერ მოხერხდა. ბრალდებას კი სხვა განმარტება ჰქონდა. მისი წარმომადგენლის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეკანოზმა ამ გზით თავი აარიდა რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას:

„როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმი. ექიმებმა ორჯერ გასინჯეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში. მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. იგი უსაფუძვლოდ, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით თავს არიდებს პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი“.

გასულ კვირაში ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო. 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ დღის პირველ ნახევარში დაიწყო ტელეკომპანიის საქმის განხილვა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, ხელმძღვანელობით და საღამოს გადაწყვეტილებაც გაასაჯაროვა: უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქმე ამით არ დასრულებულა: 2 მარტს უზენაესი სასამართლოს წინ დილიდან შეიკრიბნენ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს წინ გამართული საპროტესტო აქცია გახსნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, თუმცა გამოსვლისას მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ აქცია აპოლიტიკურია და რომ მასში მონაწილე ადამიანები გააერთიანა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლამ, რაზეც დამოკიდებულია ასევე ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი.

აი, ამ ყველაფერს ვიცავთ დღეს და თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ მოვა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მობრძანდება აქ და გამოუცხადებს სოლიდარობასრუსთავი ორსდა მოუწოდებს ამ მოსამართლეებს მიიღონ ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იცავს ქვეყნისა და თავის თავისუფლებას“, უთხრა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

საღამოს ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც. „რუსთავი 2“-ის ეზოში კარვები გაიშალა, სადაც ღამე გაატარეს ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ შეშფოთება გამოხატეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც, მათი ვარაუდით, შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოში მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პროვოკაციებისა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებისგან.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, 24 საათში შეაჩერა ევროსასამართლომ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიამ 3 მარტს მიმართა და კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიის თანამშრომლებს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში გააცნო:

„ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან, სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ“.

ამ გადაწყვეტილებას მალევე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა. სტრასბურგში მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარჩელი უზრუნველყოფილი იქნეს არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, რომელიც კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა.

გასული კვირის მიწურულს საქართველოს ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი, თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის, ხელმძღვანელობით. პირველი შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც შედგა, ასევე, პირველი პრესკონფერენცია, გენერალ პეტრ პაველისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მონაწილეობით. პრესკონფერენციაზე დასმული მთავარი აქცენტები უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რუსეთის ვალდებულებას აღიაროს სუვერენული საქართველოს კანონიერი საზღვრები, საქართველოს როლის განსაზღვრას ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და ნატო-საქართველოს ერთობლივ გეგმებს საქართველოს თავდაცვითი მიზნების ჭრილში. თბილისის განმარტებით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მის მიერ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს მიზანი და მისწრაფება გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG