Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების თავსატეხისა და რუსეთის გაფრთხილების კვირა


მიმდინარე კვირაში საქართველოში, ისევე როგორც მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ გახდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სისასტიკის მოწმე, დაიწყო მსჯელობა ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაზე და, პარალელურად, დაიწყო ზრუნვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს საქართველოში და, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე. უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციამ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს” მიმართა.

22 მარტის შემდეგ, საქართველოში კვლავაც აქტუალური გახდა შეკითხვა - რამდენად რეალურია ქვეყნისთვის ტერორიზმის საფრთხე და რა ევალება თითოეულ მოქალაქეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ საკითხთან მიმართებით პოლიტიკოსები და ექსპერტები ურთიერთგანსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ: თუკი ერთნი ფიქრობენ, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად ჩართული საქართველო თავისუფლად შეიძლება იქცეს ტერორისტების სამიზნედ, მეორენი ამშვიდებენ საზოგადოებას, რომ ტერორისტები საქართველოსთვის ვერ მოიცლიან, რადგანაც მთელი მათი ყურადღება დასავლეთის განვითარებული ქვეყნების დასჯის მიზნისკენ არის მიმართული. რეალური საფრთხის არსებობას ნაკლებად ვარაუდობს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის საქართველოს მოქალაქეებს მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას ურჩევს:

„პირველი რიგის საფრთხე, ალბათ, საქართველოში განლაგებული ისეთი ქვეყნების საელჩოები და საკონსულოებია, რომლებთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს „ისლამურ სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, მეტროში და სხვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენი თითოეული მოქალაქის მიერ უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული უცხო პიროვნებების მიმართ, უპატრონოდ მიტოვებული ნივთების მიმართ, იმ ავტომობილის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღეა გაუნძრევლად დგას. ეს არის ძირითადი მეთოდები, რასაც ტერორისტები იყენებენ ხოლმე“.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მხარდამხარ, გლობალურ პრობლემასთან - ტერორიზმთან - ბრძოლას საქართველოს ვალდებულებად მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, თუმცა, მისი თქმით, უსაფრთხოების პრევენცია იმგვარად უნდა მოხერხდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდოს ადამიანების თავისუფლება და, მათ შორის, გადაადგილების თავისულება. ამ შინაარსის განცხადება თავდაცვის მინისტრმა 23 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როცა საქართველოს აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდალი გენერალი ფილიპ ბრიდლავი სტუმრობდა.

ფილიპ ბრიდლავი
ფილიპ ბრიდლავი

ოთხშაბათს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როდესაც საერთაშორისო საფრთხეებზე ლაპარაკობდა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ყურადღება ორ ძირითად გამოწვევაზე გაამახვილა: პირველი უკავშირდება რუსეთის აგრესიას, რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს და, ასევე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპაში, ხოლო მეორე გამოწვევას წარმოადგენს “ისლამური სახელმწიფოსგან” მომავალი ტერორიზმის საფრთხე, რომელიც, თავის მხრივ, ამწვავებს მიგრაციის კრიზისსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. გენერალი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და ნატო არასოდეს შეეგუებიან ამ მწვავე საფრთხეებს და რომ ამ გამოწვევებთან გამკლავების მთავარ გასაღებს წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ნატოელ მოკავშირეებთან, ასევე პარტნიორებთან. ამავე კონტექსტში გამახვილდა ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზეც. 23 მარტს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციამდე, ამერიკელი გენერალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა:

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მე მქონდა შესაძლებლობა მომენახულებინა ადმინისტრაციული საზღვარი (გენერალური შტაბის უფროსსა და ამერიკის ელჩთან ერთად) და მომსწრე გავხდი იმისა, თუ როგორ უკანონოდ არის გაყოფილი ქართველი ხალხი. თქვენმა მამაცმა ქვეყანამ უშუალოდ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის მიზანი – გააძლიეროს თავისი დამანგრეველი ზეგავლენა თავის საზღვრებს მიღმა. რუსეთი ახლა ცდილობს ხელახლა დაიმკვიდროს აგრესიული როლი მსოფლიო სარბიელზე და შეცვალოს საერთაშორისო სისტემის წესები და პრინციპები. რუსეთი ცდილობს დაანგრიოს თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს“.

გენერლის ინფორმაციით, 2016 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება უფრო მასშტაბური სამხედრო წვრთნა („ღირსეული პარტნიორი 20016“), რომელიც მიზნად ისახავს 3-კვირიან ერთობლივ მომზადებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვლენ ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები. ფილიპ ბრიდლავის თქმით, სწორედ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირება წარმოადგენს ყველაზე უკეთეს პასუხს რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისა თუ მუქარის შემცველი განცხადებების კვალდაკვალ.

მიმდინარე კვირაში მოსკოვმა ისევ დაუქნია თითი თბილისს და გააფრთხილა, რომ თუკი „ანტირუსული რიტორიკა“ გაგრძელდება, ეს ძირს გამოუთხრის ურთიერთობათა ნორმალიზების პროცესს და საფრთხეს შეუქმნის ჟენევის მოლაპარაკებების კონსტრუქიულ მიმდინარეობას. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს აშფოთებთ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან საშიშია ნატოს მხარდაჭერით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, რადგან ამ ქვეყანას კვლავაც ამოძრავებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის საზღვრებში დაბრუნების სურვილი. აქვე კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ტრადიციულ ბრალდებას - საქართველოს მიერ ტერორისტების წვრთნის ხელშეწყობას პანკისის ხეობაში.

გაეროს ოფისი ჟენევაში
გაეროს ოფისი ჟენევაში

თუმცა, ასეთი ფონის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 35-ე რაუნდი კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა: 4-წლიანი პაუზის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანხმობა განაცხადა გალის შეხვედრების განახლებაზე - ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. ჟენევაში 23 მარტს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის“ შედეგს უწოდებს და მიაჩნია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გალის შეხვედრების განახლება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საკითხს სწორედ უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე:

„ეს არის მექანიზმი, რომელიც ასე თუ ისე უზრუნველყოფს, გარკვეულწილად, სტაბილურობას და იმ უფლებების უზრუნველყოფას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი დაცულობა... შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეს ფორმატი იმუშავებს ეფექტურად, იქნება კონსტრუქციული მონაწილეობა და, შესაბამისად, იქნება მისი რეაგირებაც ეფექტური“.

თუ რატომ გადაწყვიტა სოხუმმა სწორედ ახლა დათანხმდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პრაქტიკის აღდგენას, ანალიტიკოსებს უძნელდებათ ახსნან, თუმცა მათთვის ცხადია, რომ რუსეთის ხელდასხმის გარეშე სოხუმი ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და, შესაბამისად, გარკვეული ჩანაფიქრი სწორედ მოსკოვს უნდა ჰქონდეს.

მიმდინარე კვირაში საქართველოს კიდევ ერთი მაღალი რანგის სტუმარი ჰყავდა და ეს გახლავთ ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი, რომელმაც, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარდა, შეხვედრები გამართა ასევე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან. განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდაევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ხელშეწყობის ახალი პროგრამა, ახალი შესაძლებლობები ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის და ევროპის ბაზარზე ქართული თევზის, თაფლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის პერსპექტივები. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, „საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები DCFTA-ს სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის თვალსაზრისით, გრძელდება რეფორმების გატარებაც, თუმცა საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იმისათვის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მეტი პროდუქტი შევიდეს“. სესილია მალმსტრომის განცხადებით, ევროკავშირმა ფინანსური მხარდაჭერა გაზარდა და 2014-2017 წლებში საქართველოს 410 მილიონ ევროს გამოუყოფს.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

მიმდინარე კვირაში არ განელებულა კამპანია „ეს შენ გეხებას“ ძალისხმევა, რომლის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 25 მარტს საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთანაც გამართეს. მე-3 სექტორის წარმომადგენლების აზრით, ჭიანურდება საგამოძიებო პროცესი ინტერნეტსივრცეში 11-და 14 მარტს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან მიმართებით. როგორც, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, ეფექტიანი გამოძიება საჭიროა ასევე ფარული ჩანაწერების იმ მასშტაბურ არქივთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა და უნდა გაირკვეს, ვინ და ვისი დავალებით აგროვებდა ამ მასალებს:

„დღეს ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ამ არქივებიდან გასულია კადრები და, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებას არ აქვს პასუხი არც ამ კადრებთან მიმართებით, არც მათ მფლობელთან მიმართებით. ეს არის უდიდესი პრობლემა და ეს არის სამართალდამცავთა პასუხისმგებლობა, საზოგადოება დღეს რომ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გმობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოქმედი თუ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები - ანდა ისინი, ვინც სამომავლოდ გეგმავს უმაღლესი თანამდებობის დაკავებას - უნდა დაემშვიდობონ პოსტებს, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზებით გახმაურდება მათზე არსებული მაკომპრომეტირებელი მასალები. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის დეპუტატის ეს მიდგომა პირდაპირ ემთხვევა ფარული ჩანაწერების გამავრცელებლის მიდგომებს, ხოლო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ხდება.

11 და 14 მარტს გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების თაობაზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 22 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ არის სიახლეები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. მან თქვა, რომ გამოძიების პროცესში საქართველოს აუცილებლად დასჭირდება სხვა ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურების დახმარება და რომ შუამდგომლობები უკვე დაგზავნილია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG