18 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე პრინციპული თანხმობა მიიღესდა, შესაბამისად, ეს იქცა არა მარტო გასული კვირის, არამედ გასული წლისა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად. ევროკომისიის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებები შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე მიდგა, რათა მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ. გავრცელებული ცნობით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ. პროცედურები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს და საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ 2016 წლის შუა პერიოდისათვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა უკვე დიდი ხნით ნანატრ რეალობად იქცევა.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელი არის გარკვეული ეტაპები, რაც, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს“,
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი დასკვნის შემდეგ. ამ დასკვნის გასაჯაროებამდე ერთი დღით ადრე კი საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეთავაზება მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან. 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. პასუხადკი საქართველოდან ითქვა, რომ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას რამდენიმე პირობის შესრულება სჭირდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა:
“ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან, სუვერენიტეტის პრინციპებთან და სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება“.
შემიძლია პირველ რიგში დავასახელო პროკურატურა, რომლის რეალური რეფორმა დღემდე არ განხორციელებულა, სასამართლო სისტემა, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, რომ დღესაც მოსამართლეთა შერჩევა არცთუ გამჭვირვალედ და არცთუ დამაჯერებლად მიმდინარეობს...ქეთევან ხუციშვილი
გასული კვირის დღის წესრიგში კი ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის შედეგები დააყენა და ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილი შეაფასა, მათ შორის: სასამართლო სისტემის, ანტიკორიფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების განხორციელება, ასევე ბრძოლა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, შრომითი უფლებები და სტანდარტები, თანასწორი მოპყრობა და ბავშვთა უფლებები. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ხუციშვილის თანახმად, ექვსი ძირითადი მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის ძალაში რჩება სერიოზული გამოწვევებიც:
“შემიძლია პირველ რიგში დავასახელო პროკურატურა, რომლის რეალური რეფორმა დღემდე არ განხორციელებულა, სასამართლო სისტემა, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, რომ დღესაც მოსამართლეთა შერჩევა არცთუ გამჭვირვალედ და არცთუ დამაჯერებლად მიმდინარეობს, მაგრამ, ამავე დროს, არის, რა თქმა უნდა, სერიოზული მიღწევებიც, თუნდაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, სადაც მართლაც ევროპული სტანდარტების კოდექსი იქნა მიღებული“.
გასულ სამუშაო კვირაში კვლავ მწვავედ ვითარდებოდა პრეზიდენტის შეწყალების კომისიაზე მაღალჩინოსნების სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამოძიების საქმე. საქმეზე, რომელიც ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს, რამდენჯერმე დაიკითხა თბილისის საკრებულოს წევრი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი. იგი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სრულფასოვნად გამოძიებას ითხოვს და პროკურატურის საქმეში მიკერძოებულობის ნიშნებს ხედავს, მათ შორის, იმ განცხადებების მიხედვით, რომელიც მის მობილურ ტელეფონში მტკიცებულებების მიზნით წარდგენილი მესიჯების არარსებობის საკითხს შეეხება:
“სინამდვილეში გამოძიებას აინტერესებდა ორი რამ: სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს მესიჯები შენახული და, მეორე, ვინ არის ის წყარო, ვინც მე მომაწოდა ინფორმაცია, რომ 200 000 დოლარი იყო კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებისთვის წინასწარ გადახდილი. წყარო არ დავასახელე, მესიჯებთან დაკავშირებით კი მე კეთილი რჩევა მივეცი პროკურატურას, საჯაროდაც ვთქვი ეს, რომ ჯობს ჩემი ტელეფონიდან ექსპერტიზის შედეგად თავად აღადგინონ ეს მესიჯები და თავად გვაჩვენონ და წარუდგინონ საზოგადოებას და ამით სახე შეინარჩუნოს პროკურატურამ, ასე სჯობს, ვიდრე ისედაც გამოქვეყნდეს სხვა ფორმით, და ვურჩიე, რომ ნამდვილად ახლა თქვენი ინტერესების დამცველი ვიქნები-მეთქი და ჯობს, თქვენ თვითონ წარმოადგინოთ“.
გასულ კვირაში კი, იმისათვის რომ ამოწურულიყო პატიმართა შეწყალების საკითხით ვაჭრობის თემა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებმა პარლამენტს თავიანთი საქმეების გადახედვის მოთხოვნით მიმართეს. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანოს შესწორება და ჩაიწეროს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც მათი საქმეების ხელახლა გამოძიების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას, როდესაც პრაქტიკულად იჭრება და სხვადასხვა სოფლები უერთდება სხვა რაიონებს. ხდება სრულიად მიუღებელი გადანაწილება, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის რეგიონებში. სვანეთი, ლეჩხუმი, მთელი რაჭა წარმოდგენილი იქნება ერთი დეპუტატით...დავით ონოფრიშვილი
პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესში კი გასულ სამუშაო კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა: 76 ხმით დამტკიცდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო დაკითხვას მხოლოდ სასამართლო კონტროლით ითვალისწინებს. პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების“ კანონპროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს ახლებურად განსაზღვრავს და, პირველი მოსმენის ვარიანტთან შედარებით, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა მეტ თანაბრობას უზრუნველყოფს -კერძოდ, 18-ის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება თბილისს, რომელთანაც გარდაბანი-მარტყოფის მაჟრიტარული ოლქებიც ერთიანდება; 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავი; პროექტის პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, მესტია დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქი აღარ იქნება და საერთო მაჟორიტარი ეყოლება ცაგერთან, ლენტეხთან, ამბროლაურსა და ონთან ერთად; ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანდებიან დუშეთ-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ვენეციის კომისიის პრაქტიკას პასუხობს და მეტ-ნაკლებად ათანაბრებს საარჩევნო ოლქებს 47 000 ამომრჩევლის ფარგლებში, მას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
“ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას, როდესაც პრაქტიკულად იჭრება და სხვადასხვა სოფლები უერთდება სხვა რაიონებს. ხდება სრულიად მიუღებელი გადანაწილება, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის რეგიონებში. სვანეთი, ლეჩხუმი, მთელი რაჭა წარმოდგენილი იქნება ერთი დეპუტატით; დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი - ერთი დეპუტატით. ამ დროს არსებობს ბევრად უკეთესი, უკვე აპრობირებული კანონმდებლობა, რომელსაც თავად კოალიცია უჭერდა 2012 წელს მხარს და არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“, ამას ისინი არ ღებულობენ“, - განაცხადა ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა.
გასულ სამუშაო კვირაში დამტკიცდა ასევე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებების ნუსხა, რომელიც საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. დამტკიცდა ასევე ის შეღავათები, სახელფასო თუ საპენსიო დანამატები, რომლებსაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების მკვიდრნი მიიღებენ. კანონის მთავარი მიზანია მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამისათვის მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ განიხილა ასევე კანონქვემდებარე აქტი „მთის საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად“.
“კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება სწორედ ის პროცედურები და მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. მარტო რეგისტრაცია საკმარისი არ არის. მან თუ იქ საქონელი არ აწარმოვა, ისე ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ გააფართოონ თავიანთი წარმოება და გადმოიტანონ მაღალმთიან რეგიონებში“, თქვა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ დასახლებულ ტერიტორიებს ავტომატურად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. სტატუსი მიენიჭათ ასევე ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებს, როგორებიცაა: სვანეთი, მაღალმთიანი რაჭა, გურია, მთიულეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და პანკისი.