Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტით დასრულებული კვირა


ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი ადგილი პარიზში
ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი ადგილი პარიზში

13 ნოემბერს, გვიან ღამით, პარიზში, ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, “ისლამურმა სახელმწიფომ“, აიღო. საფრანგეთში მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და ფრანგ ხალხს წერილობით მიუსამძიმრა.

„ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში“.

განცხადება გაავრცელა საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისლამი არ არის მოძალადე რელიგია და გმობს ყველანაირ ტერორიზმს და ძალადობას. მუფთი იქვე შენიშნავს, არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით სჩადიანო.

10 ნოემბერს საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. ის შეხვდა როგორც მთავრობას, ასევე არასამთავრობო სექტორს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა ასევე, რომ მოსალოდნელია დადებითი შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით,სავარაუდოდ, ევროკომისიის ანგარიში წლის ბოლოსთვის დადებითი იქნება:

"2016 წელი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მიმოვიხილეთ მშვიდი, პატივისცემით აღსავსე პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა, რამაც უნდა შექმნას დემოკრატიული, წარმომადგენლობითი არჩევნების ჩატარების გარანტია – ეს შეუძლია საქართველოს. არჩევნებამდე ერთი წელიწადი რჩება და უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიული განვითარების იმპულსი. ქართველებსა და იტალიელებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა არსებობს მნიშვნელოვანი ჩარჩო და ეს გახლავთ: მედიის თავისუფლება, პლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. და კიდევ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკავოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ნამდვილად არ მოუტანს სარგებელს საზოგადოებას“.

ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი

„რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც მონაწილეობდა. უკვე ჩამოთვლილი საკითხების გარდა, მან დაასახელა კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქართველოს რეალობაში რუსული ინტერესებისა და ზეგავლენების საფრთხეს შეეხება:

„ძალიან დაინტერესდა ქალბატონი მოგერინი, ცხადია, ამ საკითხით და ჩაგვეძია, თუ რა პერსპექტივაა და როგორ მიმდინარეობს პროცესები ამ მიმართულებით“.

ფედერიკა მოგერინი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. როგორც ჟურნალისტებს უთხრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, საუბარი იყო იმაზე, თუ „რა ხდება დღეს საქართველოში, იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ ის ინფორმაცია და კონკრეტული რეაგირებაც ექნებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“.

„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო. საბოლოოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „საქართველოს“, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ნორმატიული შინაარსის ნაწილში შეჩერდა მოქმედება, რომელიც ამა თუ იმ საწარმოში დროებითი მმართველის შეყვანას გულისხმობს.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

შეიცვალოს საარჩევნო გარემო, გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და პასუხი მოეთხოვოთ საარჩევნო კომისიების წევრებს - ამ სამი ძირითადი მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და მისი ოთხი თანამებრძოლი. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ მიმართეს 8 ნოემბერს ჩატარებული აქციის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა დევიზით „არა გაყალბებულ არჩევნებს“, და სახელმწიფო კანცელარიასთან დაბანაკდნენ. „პატრიოტთა ალიანსი“ აპროტესტებს საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს, არჩევნებისა, სადაც ირმა ინაშვილის მეტოქე „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი იყო.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საგარეჯოში ამომრჩევლები მოისყიდეს და დააშინეს:

​„რა ხდებოდა საგარეჯოში? ამომრჩევლის დატერორება და მოსყიდვა, „ზონდერჯგუფების“ გამოყენება, მთელი მთავრობა მონაწილეობდა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ხვდება ექიმებს და განათლების მინისტრი - პედაგოგებს და პირდაპირ მიუთითებენ, რომ ხმა უნდა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს და არა სხვას, ეს არ არის თანაბარი საარჩევნო პირობები და არანაირ კავშირში არ არის დემოკრატიულ არჩევნებთან. ნუ იფიქრებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ჩვენ დავიღლებით და საკაცეებით გაგვიტანენ ან კანცელარიის წინამდებარე სივრციდან, ან პარლამენტის კიბეებიდან. ჩვენ გაგიტანთ თქვენ!“

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაწყებულ აქციას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

"თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, შევხედოთ, რა არგუმენტებია - ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ. რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთ პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს. ვთხოვ კოლეგებს, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ".

ამასობაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული კატეგორიული განცხადებების კვალდაკვალ, ახალ ძალებს იკრებს კამათი ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე მისთვის გარემონტებულ შენობაში გადასვლა.

​„რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება – მას ეს სურს თუ არ სურს... სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები“.

პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის პერსპექტივა წარმოუდგენლად ეჩვენება კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ სადავო საკითხს იურიდიულზე უფრო სერიოზული და მწვავე პოლიტიკური შემადგენელი აქვს:

​„თუკი პრეზიდენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს სასახლე, ნებისმიერი უწყება, რომელიც არ უნდა შეეცადოს და როგორი იურიდიული საფუძველიც არ უნდა დაასახელოს... რა გამოდის, კაცო, მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური იდევნება ქვეყანაში?! პოლიტიკურად ეს არის ძალიან წამგებიანი თემა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის უაღრესად წამგებიანი თემა... ქვეყნის შიგნითაც იქნება მუდმივი ლაპარაკი უამრავი თანხის გაურკვევლად ხარჯვის გამო, ხოლო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს იქნება აღქმული, როგორც პრეზიდენტის დევნა. ძალით ვეძებთ, ძალით ვიქმნით პრობლემებს?!“

ამ კვირას საზოგადოების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ადვოკატის ცემის ფაქტმა. გიორგი მდინარაძეს იმ დროს სცემეს, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მივიდა. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა, რომელსაც სახე სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული, პირველი კომენტარი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა:

„ხელბორკილებით უკან მქონდა შეკრული ხელები ისე, რომ სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა და ასე მირტყამდენ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. მიზეზი, რის გამოც მცემეს, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, იყო ჩემი შეთანხმება დაცვის ქვეშ მყოფთან, რომ გამოეყენებინა დუმილის უფლება“.

მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საგანგაშოა ის, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ადვოკატის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას. გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების დროულად წარმართვა და გონივრულ ვადებში შეძლოს გამოძიების დასრულება; გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ; გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა, რათა ადეკვატური პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველა პირს; უზრუნველყოს დაზარალებულის და სხვა შესაძლო მოწმეების უსაფრთხოება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გარდა ამისა, ადვოკატის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით.

12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს თავს სტიქია დაატყდა.იმერეთის, აჭარისა და გურიის რაიონებში ძლიერმა წვიმამ და ქარმა უსახლკაროდ დატოვა რამდენიმე ოჯახი, დააზიანა გზები, სახლებს კი სახურავები გადახადა.

მაგალითად, ქედაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა ხუთი ოჯახი დააზარალა და გვიან ღამით მათი ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი მკვიდრის ირაკლი კახიძის თქმით, სტიქიას მთელი ღამე ებრძოდნენ:

„გადაუღებლად წვიმდა. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა. ჩემს სახლს ფუნდამენტი გამოაცალა. ასეა კიდევ რამდენიმე ოჯახი. ყველანი გავხიზნეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით“.

დასავლეთ საქართველოს 50 000-მდე აბონენტი კი, სტიქიის შედეგად,ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მთავრობა ზარალს ითვლის და აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG