Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის საკრებულოში ოთხი ფრაქციიდან ერთი დაიშალა. საკრებულოს სამი დეპუტატისგან შემდგარი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ერთ-ერთმა წევრმა, გოგიტა გოგელაშვილმა, გასულ კვირაში დატოვა. გოგიტა გოგელაშვილი გასულ კვირაშივე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისი ქუთაისში ვიზიტისას, საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოგიტა გოგელაშვილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ და ფრაქციის დატოვებისა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლის მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ დამოუკიდებელ, უპარტიო დეპუტატად რჩება, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის განსახორციელებლად მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეერთებოდა.

ქუთაისის საკრებულოს უკვე დაშლილი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე გოგი შავგულიძე გოგიტა გოგელაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლას არასერიოზულ ნაბიჯს და პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. შავგულიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა გაიზიაროს გოგელაშვილმა იმ პოლიტიკური გუნდის აზრები, რომელსაც ბოლო დრომდე თავადვე აკრიტიკებდა.

გოგი შავგულიძის მსგავსად, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ქუთაისის“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე გოგიტა გოგელაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებასა და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებს. როგორც თავად მღვდელაძე განმარტავს, მის ფრაქციას ჰქონდა მცდელობა ნეიტრალური წევრი შემოეერთებინა, თუმცა ყოფილი ქრისტიან-დემოკრატისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია. ფრაქცია „ქუთაისის“ ხელმძღვანელი გოგელაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.

როგორც მამუკა მღვდელაძე აცხადებს, თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გოგელაშვილს შეუძლია სარჩელი მის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს. თავის მხრივ, მღვდელაძის ბრალდებას არ იზიარებს გოგიტა გოგელაშვილი.

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში სამი ფრაქციაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქუთაისი“ და „მაჟორიტარები“. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა დეპუტატმა დატოვა, თუმცა ორი მათგანი ერთ თვეში უკანვე დაბრუნდა. 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოს 25 დეპუტატიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე, საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია. დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საკრებულოში 16 წევრი რჩება და, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობას ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG