Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის შესრულებული თუ შეუსრულებელი ბიუჯეტი


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულებით უკმაყოფილონი არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატები. უმცირესობის წევრის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე რამდენიმე პროგრამა საერთოდ არ განხორციელებულა, საპილოტე პროგრამების ნაწილი კი მხოლოდ მცირედით შესრულდა. ბესიკ ბრეგაძის განმარტებით, ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმის მიხედვით, პროგრამისთვის „ღატაკთა ოჯახი“ 150 ათასი ლარი გამოიყო, ექვსი თვის მონაცემებით კი, თანხის მხოლოდ 18 %-ია გახარჯული. სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი 300 ათასი ლარიდან მხოლოდ 104 ათასი ლარი დაიხარჯა. ბრეგაძის ინფორმაციით, სოციალური პროგრამების პარალელურად, შეუსრულებელია ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც. ბესიკ ბრეგაძე პროგრამების ნაწილობრივ შესრულებას არასწორი დაგეგმვითა და ადმინისტრირებით ხსნის.

ბრეგაძის კრიტიკას არ იზიარებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მისი განცხადებით, ბიუჯეტი წლის პირველ ნახევარში შემოსავლებისა და ხარჯვით ნაწილში მთლიანად შესრულდა. შოთა მურღულიას ინფორმაციით, სოციალური პროგრამების შესრულებაში გადახარჯვაა, ინფრასტრუქტურული პროექტები კი თითქმის ამოწურულია.

შოთა მურღულიას განცხადებით, მერია ცდილობს დამატებით გამოძებნოს ფინანსები და ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული თანხა სხვადასხვა პროგრამას მოახმაროს.

XS
SM
MD
LG