Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის ერთი ფილიალია აღჭურვილი


ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელის 12 ფილიალში მილიონ სამასი ათასზე მეტი წიგნი ინახება და მკითხველს 138 თანამშრომელი ემსახურება. ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილებებში მკითხველთა ნაკლებობას არ უჩივიან, თავად მკითხველები კი სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები არიან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ ბიბლიოთეკებში მათთვის საჭირო წიგნების უმეტესობა ხელმისაწვდომია, მომსახურების ხარისხი კი კარგია, რასაც ელექტრონული კატალოგის ფუნქციონირება ამარტივებს.

როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის წიგნების ელექტრონული ვერსიები სულ უფრო ხელმისაწვდომია, ბიბლიოთეკას მკითხველი მაინც ჰყავს და წიგნადი ფონდით ყველაზე ხშირად სტუდენტები სარგებლობენ. ციცი ჯინჯიხაძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია მკითხველს ასევე საშუალება აქვს სასურველი ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მოიძიოს და მას ადგილზე გაეცნოს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილია ბიბლიოთეკის მხოლოდ ერთი ფილიალი, სადაც საბავშვო განყოფილებაა განთავსებული, თუმცა სხვა ფილიალებშიც მკითხველისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. საბიბლიოთეკო ქსელის ხელმძღვანელისავე განცხადებით, ბიბლიოთეკები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ხელფასებს ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება დიდი არ არის, ბიბლიოთეკამ გასულ წელს, მკითხველთა მოთხოვნის შესაბამისად, 2 300-მდე წიგნი შეიძინა.

ნარგიზ ჩოგოვაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაიწყება ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საუკუნოვანი შენობის რეკონსტრუქცია. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, შენობის თანამედროვე სისტემებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი, ასევე განახლდება ექვსსართულიანი საცავის ინტერიერი და იქ წიგნებისთვის საჭირო მიკროკლიმატი შეიქმნება.

XS
SM
MD
LG