თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 38 სახელმწიფო პროფესიული და 6 კერძო, დამოუკიდებელი თატრი, აქედან სამი სახელმწიფო თეატრი ქუთაისშია. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე ცოტა წარმოდგენა გაიმართა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში და 3 სპექტაკლის დროს თეატრი 70 %-ით იყო დატვირთული. მხოლოდ 18 % ით იყო დატვირთული გასულ წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, მიუხედავად იმისა, რომ სულ 129 სპექტაკლი გათამაშდა და მათ შორის 8 საპრემიერო იყო. ყველაზე მეტი სპექტაკლი ითამაშეს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში და 381 წარმოდეგნისას თეატრი, დაახლოებით, 50%-ით იყო წლის განმავლობაში დატვირთული. გასული წლის საუკეთესო თოჯინური სპექტაკლების ხუთეულში შევიდა ქუთაისის თოჯინების თეატრის წარმოდგენა „მზის სხივი“. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი „რევიზორი“ 2016 წლის საუკეთესო რეჟისურულ ნამუშევართა ხუთეულში მოხვდა.
თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის, თქმით, მიმდინარე წელი, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, თეატრისთვის უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან მას, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს და მილიონიანი ბიუჯეტი თითქმის 50 ათასი ლარით შემცირდა.
მესხიშვილის თეატრის დირექტორ სულხან გოგოლაშვილისავე განცხადებით, გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი თეატრის შენობის ექსპლუატაციას ხმარდება და მისი მოვლა-პატრონობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სულხან გოგოლაშვილი იმ ტექნიკურ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომლებიც თეატრში რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ წარმოიქმნა.
სულხან გოგოლაშვილის თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, თეატრს ყოველთვის ჰყავს ერთგული მაყურებელი, მაგრამ ზოგჯერ სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთის გაყიდვა უჭირთ და მოსაწვევებსაც ხშირად არიგებენ, რაც არასასურველი ტენდენციაა.
ქუთაისელი თეატრის მოყვარულები ამბობენ, რომ აინტერესებთ თეატრალური ცხოვრება, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ წარმოდგენებზე ძირითადად ერთსა და იმავე ადამიანებს ნახულობენ და დარბაზში ხშირად სიხალვათეა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 800-მდე მაყურებელზე გათვლილ დიდ სცენასთან ერთად 50 მაყურებლისთვის შექმნილი მცირე სცენა ფუნქციონირებს.