Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერიის ანგარიში ბანერზე


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერიამ საზოგადოებას 2014-2015 წლებში შესრულებული სამუშაოების ანგარიში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ფასადზე გაკრული დიდი ზომის ბანერით წარუდგინა. ბანერზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მოპირკეთდა 190 ეზოს ბეტონის საფარი და 7 მისასვლელი გზა, განხორციელდა 153 ქუჩის კეთილმოწყობა, სოციალურად დაუცველ 90 ოჯახს სახლის ახალი სახურავი აქვს, მიმდინარეობს წყლის სისტემის სრული რეკონსტრუქცია, აშენდა 2 ბაგა-ბაღი, მოწესრიგდა ნიკეას ნაგავსაყრელი, მოეწყო სიჩქარის მარეგულირებელი 24 კუნძული, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თამარ მეფის და გელათის ქუჩებს და ქალაქის შემოსასვლელს საფიჩხიის უბნის მხრიდან.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არაერთგვაროვნად აფასებენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები: მოქალაქეთა ნაწილი კმაყოფილია განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებით, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სამუშაოები ხარვეზებით სრულდება.

გასულ და მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას საკრებულოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ისინი ყოფილი ხელისუფლების დროს დაიგეგმა და მათ მოქმედი ხელისუფლების წარმატებად არ მიიჩნევს.

2014-2015 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის წინა ხელისუფლების პერიოდში პროექტების არსებობას ადასტურებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე. მისივე განცხადებით, ქუჩებზე გზის საფარი რეგიონალური განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან მიღებული თანხით მოეწყო.

მალხაზ ბასილაძე სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილ ხარვეზებსაც არ უარყოფს და განმარტავს, რომ მათი გამოსწორება სამშენებლო კომპანიის პრეროგატივაა და მან, მერიის მითითებით, საგარანტიო ვადებში უნდა გამოასწოროს ხარვეზები, თუ არადა, კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული თანხის ორ-ნახევარი პროცენტი არ გადაეცემა.

XS
SM
MD
LG