2015 წლის ქუთაისის დაგეგმილი ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების 9 თვის შესრულებას დადებითად აფასებენ, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კი ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი გეგმის მიხედვით ვერ სრულდება, რადგან 6 თვის შესრულების გეგმაც კი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მუშავდება და მოკლე ხანში ქალაქის საკრებულოს კომისიებს გაეგზავნება გასაცნობად, ქუთაისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძე კი ამბობს, რომ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელია ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის დოკუმენტი, რაც ეჭვს იწვევს და კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებს. ბესიკ ბრეგაძის თქმით, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემებია ქუთაისის ბიუჯეტის როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში.
ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ასევე მოსალოდნელია, გასული წლის მსგავსად, გაუხარჯავი დარჩეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი.
ბესიკ ბრეგაძის მოსაზრებებს არ იზიარებენ მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის განცხადებით, მიმდინარე წლის დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებლები დადებითია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში. ირაკლი ავალიანის განცხადებითვე, ამ დრომდე ბიუჯეტში მხოლოდ ხუთი ცვლილება განხორციელდა და მისი ხარჯვა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო სატენდერო პირობების დაცვით ხორციელდება .
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ მიმდინარე წელს პირველად, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ხარჯი.