ქუთაისში მიმდინარე მშენებლობებს, მათი არქიტექტურული ღირებულებისა და ლანდშაფტთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ქალაქის ეკონომიკური განვითარებისა და მიწათსარგებლობის გეგმის არარსებობის გამო ქაოტურად მიიჩნევენ სპეციალიტები. ქალაქის მერია კი აპირებს ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა წლის ბოლომდე შეიმუშაოს.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ტროტუარებზე, სკვერებსა და მწვანე სივრცეში - მიმდინარე მშენებლობას ქალაქის იერსახის დამახინჯებად მიჩნევს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. მისი შეფასებით, საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში აშენებენ, ძველმოდურია და თანამედროვე არქიტექტურის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე მშენებლობათა ქაოტურობასა და ლანდშაფტთან შეუსაბამობას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და ურბანული განვითარების გეგმის უქონლობით ხსნის სამშენებლო-საპროექტო კომპანია „ხუროს“ ხელმძღვანელი, არქიტექტორ დავით მელქაძის ინფორმაციით, ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა ბოლოს 1970-იან წლებში შემუშავდა და 2000 წლამდე იყო გათვლილი, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კი, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ქალაქის ურბანული განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება ვერ მოხერხდა. დავით მელქაძის განცხადებით, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელია ფუნქციური ზონირება და მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, შექმნილია ჯგუფი, რომელიც ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. პაატა კლდიაშვილისავე განცხადებით, ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია თავისთავად მოიცავს ქალაქის ურბანულ განვითარებას, ფუნქციურ ზონირებას და მიწათსარგებლობის გეგმას.
პაატა კლდიაშვილის აზრით, აუცილებელია ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა და მოთხოვნათა კვლევა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ქალაქში განვითარდეს საგანმანათლებლო, ინდუსტრიული, ტურისტული, სავაჭრო თუ გასართობი ზონები.