Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში მწვანე სივრცეები და რეკრეაციული ზონები განახლებას საჭიროებს


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში 500-მდე სკვერია. აქედან ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ 40 სკვერის მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. 2013 წლის სექტემბერში ქალაქის მერიამ ცენტრალურ ნაწილში მდებარე 24 სკვერი 25-წლიანი აღნაგობის უფლებით გაასხვისა. მათ უმრავლესობაში კომერციული ობიექტები უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესშია. სპეციალისტების შეფასებით, ქუთაისის მსგავს ქალაქში გამწვანებული ფართობი 25-30 კვმ უნდა იყოს ერთ ადამიანზე, ამჟამად კი მხოლოდ 11 კვმ-ია.

კულტურულ-რეკრეაციული ზონები და მწვანე სივრცეები ქუთაისში მაინცდამაინც ჭარბად არ არის, ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები დასასვენებლად და გასართობად არსებულითაც მეტ-ნაკლებად სარგებლობენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ფართობით, სადაც ორი შადრევანი პერმანენტულად მუშაობს. ბიჭიკო იამანიძე ბულვარს კარგ ამინდში სტუმრობს და ბაღში თანამოაზრეებთან საუბრობს ან ნარდსა და ჭადრაკს თამაშობს. მისი თქმით, ბაღში მწვანე ნარგავები მოვლილია და იქაურობა დასუფთავებულია.

უკეთ მოვლა-პატრონობას და სისუფთავის დაცვას თვლიან საჭიროდ ქალაქში სიდიდით მეორე, ხარაზოვის ბაღის სტუმრები.

ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებთა თქმით, ის ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში რამდენიმე წლის წინ დაიდგა, განახლებას საჭიროებს, ასევე საჭიროა ძელსკამების დამატება, რადგან ბევრი უკვე დაზიანებულია. სტუმრები სკვერებში შადრევნებისა და წყლის ნიჟარების საჭიროებაზე და მწვანე ნარგავების განახლებასა და მოვლაზეც ლაპარაკობენ.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ქალაქში არსებულ სკვერებსა და ბაღებში დამონტაჟებული 11 შადრევანი გამართულად მუშაობს და ყოველთვიურად იწმინდება, ქალაქში არსებული გაზონები კი ზაფხულის სეზონზე ორ თვეში ერთხელ ითიბება. გარემოსდამცველები და ეკოლოგები მწვანე საფრისა და ბაღებსა და სკვერებში არსებული ხე-მცენარეების მოსავლელად მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნას ითხოვენ. საპასუხოდ, თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ განყოფილება უკვე შექმნილია და ეკოლოგის თანამდებობა ვაკანტურია, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი სამჯერ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG