ქუთაისში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ადვოკატირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, იმ საქმეებზე საუბრობენ, რომლებიც ბოლო დროს პრეცედენტული გახდა. საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები და შრომითი დავები, კერძო საკუთრების შესახებ დავა და დაზარალებულთა დაცვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ადგილობრივი ოფისების იურისტების ყოველდღიური მუშაობის სფეროებია.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასოციაციის ახალ პროექტს გამოყოფს, რომელიც ფემიციდის მსხვერპლთა ოჯახების იურიდიულ დახმარებას გულისხმობს. როგორც გიორგი სანტურიანი განმარტავს, ფილმში აისახება ფაქტის გამომწვევი პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იქნება საუბარი. გიორგი სანტურიანის ინფორმაციითვე, ასოციაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ადვოკატების მიერ ადმინისტრაციული წესით წარმოებული დავები, როლებიც სამსახურიდან დათხოვნას ეხება, გათავისუფლებულთა სასარგებლოდ წყდება და სამუშაო ადგილზე მათ აღდგენას გულისხმობს. მსგავსი საქმეების სიმრავლეზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორი თეო ზაქარაშვილიც. მისივე განმარტებით, 2013 წლიდან ქუთაისის მერიიდან დათხოვნილი თანამშრომლების 10-ზე მეტ სარჩელზე სასამართლომ სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არის პრეცედენტი, როცა ერთი და იგივე ადამიანი სამსახურიდან დაუსაბუთებლად რამდენჯერმე გაათავისუფლეს.
თეო ზაქარაშვილი სასამართლო დავებს შორის ასევე გამოყოფს საკუთრების ზედდების საქმეებს და საირმეში მოქალაქისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ფართზე მიმდინარე სასამართლო დავაზე ლაპარაკობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორი თეო ზაქარაშვილი მსგავსი საქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასაც იხსენებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო იცავს მოქალაქეების საკუთრების უფლებას.