Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტები და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები


ქუთაისი
ქუთაისი

2015 წელს ქუთაისი დამტკიცებული ბიუჯეტით შეხვდა.ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 850 ათასი ლარით აღემატება 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს და 47 მილიონ 555 ათას ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტულია სოციალური საკითხები და ჯანმრთელობის დაცვა, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული და ქუთაის- გაენათის ეპარქიის დაფინანსების პროგრამები, სკოლამდელი განათლება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურიზმის განვითარება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება. 2015 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის განახევრდება და 350 შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლით განისაზღვრება, შესაბამისად, ორ-ნახევარი მილიონი ლარით შემცირდება სახელფასო ხარჯი და 4 მილიონი იქნება.

ქალაქის ახალ ბიუჯეტზე 2014 წელს პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა და რეორგანიზებულმა სამსახურებმა იმუშავეს. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა რეკომენდაციები ქუთაისის ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა 2014 წელს დაიწყო 2-წლიანი საპილოტე პროექტი, სახელწოდებით „ქუთაისი, ეს მუშაობს“ რომლის მიზანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართვაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლიკა კილაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ქუთაისელთა ჩართულობისთვის გაიმართა ფორუმები, რომლებშიც სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლიკა კილაძის განცხადებით, ჩატარდა სულ 4 ასეთი ფორუმი, რომელშიც 514 მოქალაქე მონაწილეობდა და, საბოლოოდ, შემუშავდა 8 რეკომენდაცია, რომელთაგან 6 თვითმმართველობამ გაითვალისწინა.

მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალში მოხვდა: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რეკრეაციული ზონების, შიდა გზების, სანიაღვრეების, მრავალბინიან კორპუსთა სადარბაზოების, სახურავებისა და ფასადების მოწესრიგება. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ერთ-ერთია, რომელმაც, პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და 2014 წლის ბიუჯეტის გენდერული კვლევა ჩაატარა. 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას კი ფონდის პროექტით მოქმედმა „გენდერული თანასწორობის საბჭომ“ რეკომენდაციები ქალაქის მერს მიაწოდა. საკრებულოს წევრის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ ხელმძღვანელის ირმა პეტრიაშვილის ინფორმაციით, საბჭომ შეიმუშავა ქუთაისის საკრებულოსადმი რეკომენდაციების 15-პუნქტიანი პაკეტი, რომლის ნახევარი სკოლამდელ დაწესებულებებში კვების, საგანმანათლებლო პროგრამების, სანიტარული პირობების გაუმჯობესებასა და პედაგოგთა გადამზადებას ეხება. ირმა პეტრიაშვილის განცხადებითვე, აუცილებელია გენდერული თანასწორობის საკითხებზე გადამზადნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.

2015 წლის ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს. როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მათ შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა მათი მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული. კლდიაშვილის განცხადებით, დასახვეწია პროგრამული ბიუჯეტის ფორმატი, რადგან დოკუმენტი განსახორციელებელი პროექტების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას არ მოიცავს.

პაატა კლდიაშვილის განცხადებითვე, აუცილებელია იმ კულტურულ-სახელოვნებო და სპორტულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დაფინანსებას ბიუჯეტისგან იღებენ, კვარტალურად წარადგინონ ფინანსური და პროგრამული ანგარიში, თუ რა თანხა დაიხარჯა და შედეგი როგორია. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიცვალოს სპორტული კლუბების, კულტურული და შემოქმედებითი ჯგუფების დაფინანსების წესი, რადგან, არსებული წესით, მათ არა აქვთ საკუთარი შემოსავლების გამომუშავების მოტივაცია.

XS
SM
MD
LG