Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერიაში კონკურსისთვის ემზადებიან


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციის შედეგად კონკურსი 170-მდე ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდება, ამჟამად მომუშავე 150-მდე საჯარო მოხელე კი ატესტაციასა და გასაუბრებას გაივლის. როგორც ქალაქის მერი შოთა მურღულია განმარტავს, მერიასა და საკრებულოში სამსახურების რეორგანიზაცია 3 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს და შტატით და ხელშეკრულებით სულ 350-მდე თანამშრომელი უნდა დასაქმდეს. მერის განცხადებითვე, კონკურსი არ შეეხება მათ, ვინც არჩევნების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებით დანიშნა. შოთა მურღულიას განმარტებით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და კანდიდატების საბუთებით შერჩევის შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ტესტირება იქნება.

შოთა მურღულიას განმარტებითვე, ტესტირების შედეგად საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კანდიდატები გასაუბრებას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გაივლიან. თვითმმართველობაში დასასაქმებელი საჯარო მოხელეების რაოდენობის სიმცირეზე ლაპარაკობს და გასაუბრების საჭიროებას ვერ ხედვს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამირან ძოწენიძე. მისი განცხადებით, პირის თანამდებობაზე დანიშვნას გასაუბრების ეტაპი არ უნდა განაპირობებდეს.

საკრებულოს ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებს უმრავლესობა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი აცხადებს, რომ გასაუბრება აუცილებელია, რადგან ტესტირება ზოგად საკითხებს ეხება, თვითმმართველობის სამსახურებში მუშაობისთვის კი კონკრეტული ცოდნაა საჭირო.

ქუთაისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება. კომისია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ხელმძღვანელობს. ამჟამად კომისიაში 5 წევრია, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა 7-მდე გაიზარდოს და კომისიაში იმუშაონ ქალაქის მერმა და წარმომადგენელმა არასამთავრობო სექტორიდან. დავით დვალის განცხადებით, კომისია უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელებს და გადაწყვეტს, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი მერიის ათ და საკრებულოს ოთხ სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე. ამჟამად ქუთაისის თვითმმართველობაში 503 შტატიანი თანამშრომელია, კიდევ 200-მდე ადამინი კი ხელშეკრულებით მუშაობს.

XS
SM
MD
LG