Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერიაში სამსახურების რეორგანიზაცია მიმდინარეობს


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის ახლად დანიშნული მერი დიმიტრი კოპალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას აუცილებლად და გარდაუვლად მიიჩნევს. კოპალიანმა მოქმედების ერთწლიანი გეგმის წარდგენისას საკუთარ პრიორიტეტებად ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია და უცხოელი პარტნიორების მოზიდვა დაასახელა.

მერიის სამსახურების ხელმძღვანელებსა და თანმშრომლებს გაფრთხილების ბარათი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად შესაძლო გათავისუფლების შესახებ 17 მაისს, კოპალიანის დანიშვნამდე, ჩაბარდათ. მანამდე კი მერიის სამსახურების ფორმირებისთვის პროექტის მომზადების წინადადებით საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილს მიმართა. როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მაისი თვეში გამართული შეხვედრისას განაცხადა, მისი აზრით, სამსახურების რიცხვი 16-დან 11-მდე უნდა შემცირებულიყო, რაც, თავის მხრივ, თანამშრომელთა 20 %-იან შემცირებას გამოიწვევდა. გასულ კვირაში საკრებულომ მერიის სამსახურების ახალი სტრუქტურული დებულება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 16-ის ნაცვლად 18 სამსახური შეიქმნება - ადგილობრივ თვითმმართველობას დაემატება ამ დრომდე არარსებული აუდიტისა და კონტროლის სამსახური და ცალ-ცალკე ჩამოყალიბდება კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურები, რომლებიც ამ დრომდე ერთ სამსახურში ერთიანდება.

ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, რეორგანიზაცია კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა არ იგეგმება.

მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას უარყოფითად აფასებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიორგი უკლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თვითმმართველობის სამსახურების ფორმირებას აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, მამუკა მღვდელაძე.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ თოფურიძის განცხადებით, სამსახურების რიცხვის ზრდა საშტატო ერთეულების ზრდას არ გულისხმობს და, შესაბამისად, ქალაქის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება. თოფურიძის ინფორმაციით, სამსახურების ფორმირება სამინისტროების მოდელის მიხედვით მოხდა და თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა მუშაობის პროცესში განისაზღვრება. თოფურიძე პარტიული ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნას ან შერჩევას გამორიცხავს.

როგორც მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, სამსახურების ფორმირება ივნისის ბოლოსთვის დამთავრდება და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებში თანამდებობების დასაკვებლად კონკურსი 2 ივლისს გამოცხადდება, თანამშრომელთა შერჩევას კი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG