Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისს პოლიტიკურად უჩვეულოდ ცხელი ზაფხული ელის?!


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში
საპარლამენტო ქალაქად დამეორე პოლიტიკურ ცენტრად გამოცხადების შემდეგ ქუთაისის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მსგავსად, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ პარლამენტის ახალი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რვასართულიანი კორპუსის თავზე, ახალი სტუდია დაამონტაჟა. საკუთარი ბიურო გახსნა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, ორი ჯგუფის შემადგენლობით. ასევე ორი ჯგუფი მუშაობს საინფორმაციო სააგენტოსათვის „ინფო-9“. ელექტრონულ სივრცეში გაჩნდა რამდენიმე ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა. ადგილობრივი „ახალი გაზეთის“ ბაზაზე შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესჯი“, რომელიც უკვე მესამე თვეა ფუნქციონირებს.

როგორც ინტერნეტგამოცემის რედაქტორი თეა ზიბზიბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, „ნიუპრესჯი“ მულტიმედიის კომპონენტების გამოყენებით ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მისივე თქმით, ინტერნეტგამოცემის მიმართ მომხმარებელთა დაინტერესების ზრდის პარალელურად გაიზარდა სააგენტოს ჟურნალისტებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა.

წინასაარჩევნო პერიოდის გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის ოფისები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში გამართულ აქციას. დამკვირვებელთა თქმით, 10 ივნისს არ დარღვეულა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში არსებული ნორმები. „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები ასევე ჩართულები არიან ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესებში და „კარდაკარის“ ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ. როგორც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი ამბობს, მონიტორინგის შედეგების შეჯამების შემდეგ, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისისთვის გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის ის შეფასებები, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები დადებენ.

წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და კონტროლის პალატაში დაბარებულთა დაკითხვების მონიტორინგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის ანგარიშშია ასახული. ასოციაციის ქუთაისის ოფისის იურისტი ნინო თვალთვაძე ანგარიშში დაფიქსირებულ ფაქტებზე საუბრობს:

როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ქუთაისისთვის პოლიტიკურად უჩვეულოდ ცხელი იქნება.
XS
SM
MD
LG