Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისი განვითარების, სოციალური ფონის გაუმჯობესებისა და სტაბილურობის მოლოდინში


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები 2014 წელს არაერთგვაროვნად აფასებენ და რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გამოყოფენ, ქუთაისელები ქალაქისა და ქვეყნისთვის დადებითად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მიიჩნევენ, უარყოფითად კი - ქუთაისისთვის მეორე დედაქალაქისა და საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შესუსტებასა და განვითარების სტრატეგიის არარსებობას. რესპონდენტების ნაწილი ყოფით პრობლემებსა და ლარის ინფლაციაზე ჩივის.

„ჩემი ოჯახისთვის არ ყოფილა ეს წელი ძალიან ცუდი, მაგრამ ჩემს გვერდით ბევრ ადამიანს გაუუარესდა მდგომარეობა და თუ არ გაუუარესდა, არც გაუმჯობესებია.სტაგნაციაა ოჯახებში, ერთ დონეზე დგანან და ვერ ვიტყვი, რომ ეს წელი იყო კარგი.ხალხს ჰქონდა უკეთესის მოლოდინი, იმედი და ეს იმედი გაუცრუვდა, როდესაც დღესასწაული ახლოვდება და ლარი გაუფასურდა, საწვავის ფასი კი ძალიან ნელა იკლებს“.

„ვფიქრობ, წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, რადგან ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, პირადად ჩემთვის კი არაფერი შეცვლილა, რადგან გასულ წელსაც სტიპენდიანტი ვიყავი უნივერსიტეტში და წელსაც ვარ“.

„კიდევ ერთი წელი ვნახეთ დაპირისპირებისა და ეკონომიკური კრიზისის და არანაირად არ მომხდარა სოციალური ფონის გაუმჯობესება. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი ველოდებით, თუ რამდენად აისახება შედეგები ჩვენს ოჯახებზე“, - ამბობენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები.

2014 წელს განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას დადებითად აფასებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე და, ამავე დროს, ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს.

„პრაქტიკულად თითზე დასათვლელი გვაქვს ის საქმე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო 6 თვის განმავლობაში გააკეთა. გვჭირდება უფრო ეფექტური, სწრაფი, მომუშავე ხელისუფლება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება, ზოგადად, და ადგილობრივიც, მათ შორის, გარკვეულწილად სუსტია, რადგან მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დაკომპლექტებითაა დაკავებული“, - აცხადებს ნუგზარ კოხრეიძე.

დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის გამგეობის წევრ გიგა შუშანიას აზრით კი, პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გაუთავებელმა დებატებმა და დაპირებებმა ქუთაისის განვითარება შეაფერხა:

„თითქოს პარლამენტი იყო უმნიშვნელო საკითხი - მხოლოდ შენობა და 150 ადამიანის ქუთაისში ყოფნა. რეალურად მნიშვნელოვანია თვითმმართველობა ამომრჩეველს ესაუბროს ამ ფუნქციის ალტერნატივაზე, თუ ეს იდეა არ მოსწონთ. სამწუხაროდ, ქუთაისში პორტის მშენებლობის გარდა, ჩვენ სერიოზული ალტერნატივა არ მოგვისმენია და პრობლემაა ისიც, რომ ქუთაისის მომავალზე არავინ არ ფიქრობს“.

რესპონდენტთა თქმით, მნიშვნელოვანია მომავალ წელს სტაბილური გარემო შეიქმნას და ქალაქის სტატუსის განსაზღვრასთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განვითარების რეალური გეგმა შეიმუშაოს.

XS
SM
MD
LG