თბილისის ისტორიის მუზეუმში თეატრის მხატვრის, ანკა კალატოზიშვილის, ნამუშევრები არის გამოფენილი, აპლიკაციები და კოსტიუმები სხვადასხვა სპექტაკლებიდან. ანკა კალატოზიშვილი თეატრისთვის კოსტიუმების ესკიზებს მრავალი წელია ამზადებს. ამჯერად ბოლო ხუთი წლის ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა 2 მარტამდე გასტანს.
„ვხატავ სულ-სულ ბავშვობიდან და რაღაც მომენტიდან ვიცოდი, რომ მე მინდა თეატრის მხატვრობა. მე არ ჩამიბარებია არც ქანდაკებაზე, არც ფერწერაზე. თეატრის მხატვრობა მინდოდა. ისე მოხდა, რომ გამიმართლა და თეატრში ვმუშაობ“.
„ზოგი მეუბნება, რა მაგარია, თეატრში რომ მუშაობ, ერთობი... სინამდვილეში, ძალიან შრომატევადია “, - ამბობს თეატრის მხატვარი ანკა კალატოზიშვილი, რომელმაც ე. წ. „ქარვასლაში“ თავისი ნამუშევრები გამოფინა, ზოგი სპექტაკლისთვის შექმნილი, ზოგიც - ისე. ეს ბოლო წლების შრომაა. აქ არის ნამუშევრები, სპექტაკლისთვის „სამოსელი პირველი“, ბალეტისთვის „გურჯი ხათუნი“ და „გორდა“. აქვეა ვარდისფერი კაბა, რომლითაც ბალეტ „წუნა და წრუწუნაში“ კანკანს ცეკვავენ.
ტანსაცმელი მანეკენებზეა, კედლებზე კი ჭრელი აპლიკაციები კიდია, რომლებსაც ანკა კალატოზიშვილი თავისი ტექნოლოგიით ამზადებს.
„ზოგი ეძახის ქვილთს, ზოგი - აპლიკაციას. ჩემს შემთხვევაში მაინც შერეული ტექნიკაა. მე საღებავსაც ვიყენებ. იმ ტილოებს, რომელზეც აპლიკაციას ვაწყობ, მე თვითონ ვგრუნტავ, მე თვითონ ვაძლევ ფერს და ფაქტურას, დიდი რაოდენობით საღებავს ვიყენებ“.
გამოფენის კურატორი ლიკა მამაცაშვილი ამბობს:
„ეს არის ქსოვილები, რომელიც მერე ტილოზეა მიმაგრებული. გრუნტს როგორ აკეთებს, ეს მისი საიდუმლოა. ძალიან საინტერესოდ აკეთებს ამ გრუნტს. ძალიან შრომატევადი საქმეა. იმდენი დრო უნდა თუნდაც ერთის გაკეთებას, როგორ ასწრებს, არ ვიცი. თან ამდენი შვილი, შვილიშვილი... საოცარია“.
ანკა კალატოზიშვილი ჰყვება, რომ კოსტიუმი ჯერ ესკიზზე იხატება, შემდეგ კი იწყება მოლაპარაკებები რეჟისორთან. გასათვალისწინებელია სპექტაკლის სტილი, მსახიობი და კიდევ ბევრი რამ. განსაკუთრებით რთულია კოსტიუმების ბალეტისთვის შეკერვა, ის ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს. ესკიზის მოწონების შემდეგ სამუშაო უშუალოდ მკერავების ხელში გადადის.
„მე მარტო ესკიზებს ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ვიცი ხოლმე, რა გზით შეიძლება ეს წავიყვანო. მაგრამ, ამასთან ერთად, მყავს ძალიან კარგი გუნდი გოგოების და არა მარტო გოგოების, კაცებიც მყავს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, უკვე წლებია. მათ შორის განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ოპერის ყოფილი მკერავები, რომლებთან ოცდახუთ წელზე მეტია ვთანამშრომლობ“.
ხანდახან ღამეების გათენებაც უხდებათ. სამუშაოს დასრულებას კი შამპანიურით აღნიშნავენ.
„არ არსებობს პრემიერა (უკვე ძალიან ბევრი წელია, თეატრში ვმუშაობ), რომ არ დამესიზმროს, რომ რამდენიმე მსახიობი დამრჩა სრულიად ტიტველი. ის კი არა, რომ რაღაც დეტალი აკლია, არამედ უკოსტიუმოა.
თეატრი თუ არ გიყვარს, წარმოუდგენელია იქ მუშაობა, იმდენად რთული ცხოვრებაა. მეორე მხრივ, იმდენად ჯადოსნური სამყაროა, რომ ერთხელ რომ შედგამ ფეხს, შეიძლება მოიწამლო და ვეღარ გამოხვიდე. მეც ასე დამემართა“.
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელი ნინო გუნია-კუზნეცოვა ამბობს, რომ ქართულ სცენოგრაფიაში საკუთარი სიტყვის თქმა ადვილი საქმე არ არის:
„ვფიქრობ, რომ ანკა სცენოგრაფების იმ თაობას ეკუთვნის, რომლებმაც თავისუფალი საქართველოს პერიოდში იტვირთეს სცენოგრაფიის დიდი ტვირთი. 60-იანი წლების დიდოსტატებიდან მოყოლებული, გამრეკელიდან, ოცხელიდან, ქართულ სცენოგრაფიას ძალიან დიდი სახელი და ტრადიცია აქვს და დიდი ტვირთია მათი საქმე ღირსეულად გააგრძელო“.
ლიკა მამაცაშვილი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ეს გამოფენა ამავე ავტორის ხუთი წლის წინანდელი გამოფენისგან საგრძნობლად განსხვავდება.
„საერთოდ, ანკა კალატოზიშვილი, როგორც შემოქმედი, ვიცი, რა თქმა უნდა - 5-7 წლის წინაც გავუკეთე გამოფენა. მაშინაც ნიჭიერი იყო, მაგრამ ახლა ისეა გაზრდილი, ზემოთ და ზემოთ არის წასული“.