Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იყო თუ არა კონსტიტუციის პროექტის განხილვა თელავში სახალხო


კონსტიტუციის პროექტის განხილვა თელავში
კონსტიტუციის პროექტის განხილვა თელავში

კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა თელავში. ადგილობრივთა ნაწილის ინტერესი არა კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებები, არამედ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნება იყო. ღონისძიებაზე დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ სახალხო განხილვას რიგითი ადამიანების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა დაესწრო.

თელავში კონსტიტუციის სახალხო განხილვა შედგა, თუმცა მათ, ვინც ტრიბუნა გამოიყენა და ხმის უფლებით ისარგებლა, სხვა საკითხები უფრო მეტად აინტერესებდათ, ვიდრე კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები. რამდენიმე მოქალაქემ მოითხოვა, რომ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს:

„ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქ თელავის სატატუსს! ხელი არ დაადოთ იმიტომ, რომ 2014-დან დღემდე ამ სისტემამ მართლა გაამართლა როგორც თემში, ასევე ქალაქში. მე არ ვიცი, სხვაგან რა ხდება. მერწმუნეთ, ამაზე ცუდს ასე მალე ვერაფერს ვერ გააკეთებთ“.

„გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას. ჩვენ მოგვეცით უფლება ავირჩიოთ პრეზიდენტი! მოგვეცით უფლება, რომ ავირჩიოთ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის - მერი“.

„თქვენ აქ რომ თოჯინებივით დაგვსვით და ასე აკეთებთ ყველა რაიონში, ძალიან არ მომწონს. ჩვენ არა ვართ თოჯინები, ეს არ არის კახეთი!“

თელავში გამართულ კონსტიტუციის სახალხო განხილვას სახალხოდ არ მიიჩნევს თელავში მცხოვრები ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, თელავიდან მოქალაქეები ნამდვილად ესწრებოდნენ ღონისძიებას, მაგრამ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები წარმოდგენილი იყო მხოლოდ საჯარო მოხელეებით, რომლებსაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვთ.

„კითხვაც კი დამისვეს, რა შეიცვალა, მაგალითად, ქალაქის თვითმმართველად გამოყოფის შემდეგ? მე მათ ვუპასუხე: პირველ რიგში, ეს არის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ეს არის მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობაში. თელავი გალამაზდა 2012 -2014 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, არამედ კოლექტიურად, მოქალაქეების ჩართულობით მოხდა“.

„კონსტიტუციის სახალხო განხილვა, რომელიც თელავში გაიმართა, სხვა ქალაქებთან შედარებით, ხალხმრავალი და მრავალფეროვანი იყო“, - ასე მიიჩნევს ღონისძიებაზე მყოფი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ ხელმძღვანელია. გიორგი მოსიაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებს თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების თხოვნით მიმართა.

„დილის 10 საათისთვის თეატრის დარბაზი იყო უკვე სავსე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურად ცდილობდა ხელისუფლება საკონსტიტუციო განხილვა ყოფილიყო არაბუნებრივი და ხელოვნური. მთავარი იყო დარბაზი შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებმა ისარგებლეს და გამოვიდნენ სიტყვით, მაგრამ დარბაზში არ იყო ჩვეულებრივი რეგიონის წარმომადგენელი“.

ჩვენ მიერ რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კონსტიტუციის სახალხო განხილვას დაესწრებოდა, თუკი ღონისძიება მათ მუნიციპალიტეტში გაიმართებოდა. თუმცა არიან ისეთები, ვისაც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი საერთოდ არა აქვს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG