საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უახლოეს ხანებში მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2014 წლის 26 დეკემბერს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტისგან მიღებულ განცხადებას, რომლითაც ის ,,ავტოგაზის“ ფასების მომატებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლას ითხოვს. ამჟამად სააგენტოში სწორედ იმაზე მსჯელობენ, როგორ გადაწყვიტონ ეს საკითხი.
ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით ეს პირველი თემა არაა, რომლის შესწავლაც სააგენტოს უწევს. 2014 წლის 12 ნოემბრიდან ის საკუთარი ინიციატივით იკვლევს ნავთობპროდუქტების ბაზარს (ბენზინი, დიზელი, ნავთი) კონკურენციის თვალსაზრისით ამ ბაზარზე არსებული მდგომარეობისშესაფასებლად და შესაძლო ანტიკონკურენციული ქმედებების გამოსავლენად; კვლევის დაწყების შემდეგ სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2008-2014 წლებში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მიმწოდებელთა შესახებ. ამასთან, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია უშუალოდ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მომუშავე ეკონომიკური აგენტებისგანაც.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტომ მოამზადა შუალედური დასკვნა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას გადაეგზავნა.
თუმცა დოკუმენტი მედიისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, ცნობილი არ არის, რა შედეგით დასრულდა საწვავის ბაზარზე ფასების შესწავლის პროცესი და ითანამშრომლეს თუ არა ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოსთან.
ფაქტი ისაა, რომ, ნავთობზე მსოფლიო ფასების უპრეცედენტო კლების მიუხედავად, საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი, მართალია, შემცირდა, მაგრამ არა ამ მასშტაბით. მაგალითად, 2015 წლის დასაწყისისთვის ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა, საქართველოში კი, მაგალითად, პრემიუმის ფასი ერთ ლიტრზე დაახლოებით 2 ლარის ფარგლებშია.
ნავთობპროდუქტები ერთადერთი თემა არ არის, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ინტერესის სფერში მოხვდა მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა (2014 წ.). არსებული ინფორმაციით,სააგენტო სწავლობს წყალტუბოში თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე კონკურენციის, ასევე ფქვილის ბაზარსა და გადაზიდვების თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. სააგენტო ატარებს საქართველოს ყავის ბაზრის მონიტორინგსაც და ამ მიზნით სააგენტოს ვებგვერდის მომხმარებელს სპეციალურ სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობასაც სთხოვს.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ფაქტია, რომ ჯერჯერობით სააგენტოს ოფიციალურად ჯერ არც ერთი დასკვნა არ გამოუქვეყნებია.
კონკურენციის სააგენტო, საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის N 288 დადგენილებით, 2014 წლის 14 აპრილს შეიქმნა, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მხოლოდ კანონის მიღება და, შესაბამისად, მისი აღმასრულებელი ორგანოს შექმნა ვერ უზრუნველყოფს სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის დაცვა/განვითარებას. რამდენად მოახერხებს ამას სააგენტო, ეს უახლოესმა მომავალმა უნდა გვიჩვენოს.